დიდ ბრიტანეთში მოზარდებზე სოციალური მედიის გავლენასა და მისი აკრძალვის შედეგებს მასშტაბური კვლევებით შეისწავლიან

გააზიარე

მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში განიხილავენ ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას, თუმცა პრაქტიკაში მის ეფექტიანობაზე მწვავე დავა მიმდინარეობს.სწორედ აღნიშნული დავის გადასაჭრელად, საქველმოქმედო ფონდ Wellcome Trust-ის დაფინანსებით  დაიწყო მასშტაბური კვლევები, რომლებიც ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის, ძილისა და ფიზიკური აქტივობის საკითხებს შეისწავლის მანამდე და მას შემდეგ, რაც 16 წლამდე მოზარდებისთვის დიდ ბრიტანეთში სოციალური მედიის გამოყენება აიკრძალება.

დიდ ბრიტანეთში რეგულაციის შემოღება 2027 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი. კვლევების ბიუჯეტი კი 9.3 მილიონი ფუნტია.

„ყველამ ვიცით, რომ სოციალური მედიის აკრძალვაზე როგორც დიდ ბრიტანეთში, ისე მთელ მსოფლიოში საკმაოდ მწვავედ დავობენ, თუმცა ძალიან მწირია სამეცნიერო მტკიცებულებები იმისა, თუ როგორ მოქმედებს სოციალური მედია და მისი შეზღუდვა ახალგაზრდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე“, – განმარტავს Wellcome Trust-ის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი, დოქტორი კამილა იანონე.

მისივე თქმით, შეზღუდვები იძლევა უნიკალურ, შესაძლებლობას, მასშტაბურად შეფასდეს სოციალური მედიის გავლენა ახალგაზრდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
„მარტივ საკითხად ნამდვილად არ მიგვაჩნია კარგია თუ ცუდი სოციალური მედია, ან მუშაობს თუ არა შეზღუდვები“, – აღნიშნა მან, – „პირიქით, გუნდები შეისწავლიან, იწვევს თუ არა ახალგაზრდების ციფრული გარემოს ცვლილება შესამჩნევ ცვლილებებს მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაში“.
აღსანიშნავია, რომ ავსტრალიამ 16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური მედიის გამოყენება გასულ წელს შეზღუდა. მსგავსი ნაბიჯების გადადგმაზე მუშაობენ კანადა, საბერძნეთი, დანია და სხვა ქვეყნები.
დიდ ბრიტანეთში 16 წლამდე ასაკის პირთათვის სოციალური მედიის აკრძალვა გულისხმობს ისეთი პლატფორმების შეზღუდვას, როგორიცაა Instagram, YouTube, TikTok, Snapchat, Facebook და X. შეზღუდვები გავრცელდება პირდაპირ ეთერებსა და სათამაშო პლატფორმებზე უცხო პირებთან კომუნიკაციაზეც.
რეგულაციებთან დაკავშირებით მოსაზრებები ურთიერთსაწინააღმდეგოა. ექსპერტთა და ხელისუფალთა ნაწილი ნაწილი შიშობს, რომ ეს დააზარალებს იმ ახალგაზრდებს, რომელთათვისაც სოციალური მედია მეგობრებთან ურთიერთობის მთავარი საშუალებაა, ხოლო სხვები მიიჩნევენ, რომ ბავშვები აკრძალვისთვის გვერდის ავლის გზებს მაინც იპოვიან.
Wellcome Trust-ის მიერ დაფინანსებული კვლევის ერთ-ერთი პროექტია Smart Schools Plus, რომელსაც „ბირმინგემის უნივერსიტეტის“ პროფესორი ვიქტორია გუდიერი თანახელმძღვანელობს. იგი ინგლისის 16 სკოლასა და 800 მოსწავლეს მოიცავს და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გარდა, ფიზიკურ აქტივობას, ძილს, სოციალურ წრეს, დისციპლინურ პრობლემებს, აკადემიურ მოსწრებასა და სკოლაში დასწრებას შეისწავლის. მკვლევრები გამოიყენებენ კითხვარებს, აპლიკაციებს, ინტერვიუებს, ციფრულ დღიურებსა და სხვა საშუალებებს.
გუნდი ასევე გამოიკვლევს, გადაინაცვლებს თუ არა აკრძალვის შემდეგ სარისკო კონტენტი – მაგალითად, თვითდაზიანებასთან, სუიციდსა და კვებით აშლილობებთან დაკავშირებული მასალები სხვა ონლაინ პლატფორმებზე.
კიდევ ერთ პროექტი, რომელსაც ლონდონის სამეფო კოლეჯის დოქტორი ჯემა ნოულსი თანახელმძღვანელობს, შეისწავლის, განსხვავდება თუ არა აკრძალვის გავლენა სხვადასხვა გენდერის, სოციალური კლასისა და სექსუალური ორიენტაციის ახალგაზრდებში.
ამასთან, ედინბურგის უნივერსიტეტის დოქტორმა ალექს კვონგმა აღნიშნა, რომ მისი გუნდი ინგლისის, უელსისა და შოტლანდიის ოჯახებთან იმუშავებს. გუნდი ასევე შეამოწმებს, ეძებენ თუ არა მოზარდები შემოვლით გზებს.

აღსანიშნავია, რომ Wellcome Trust-ის დაფინანსებით სულ ათამდე კვლევის ჩატარებაა დაგეგმილი.

წყარო: The Guardian

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები