back to top

სმარტფონით მართული ნეიროპათია

გააზიარე

წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ ქრონიკული ტკივილი სმარტფონით მართოთ, აღარ დალიოთ ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები და სრულფასოვნად განაგრძოთ ცხოვრება. გარღვევა ნეიროპათიის მკურნალობაში  უახლესი ტექნოლოგიის, სმარტფონით მართული ზურგის ტვინის იმპლანტით, მოხდა.

სწორედ ამ ტექნოლოგიური მიღწევის წყალობით დაუბრუნდა 69 წლის რობერტ ნორი ცხოვრების ჩვეულ რიტმს. მას ნეიროპათიით გამოწვეული ძლიერი ტკივილები წლების მანძილზე ტანჯავდა და ხელჯოხისა თუ ეტლის გარეშე გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა. დღეს კი, გოლფის მოყვარული რობერტ ნორი, ინოვაციური ტექნოლოგიის წყალობით, ისევ კორტებს დაუბრუნდა.

ილინოისის შტატის ქალაქ ნეიპერვილში მცხოვრებ რობერტ ნორს, რომელიც ნავთობის ინდუსტრიაში ერთ-ერთი აღმასრულებელი დირექტორის პოსტს იკავებდა, პენსიაზე გასვლის შემდეგ ფეხებსა და ტერფებში ნეიროპათია განუვითარდა. გაირკვა, რომ ეს დიაგნოზი მის ადრინდელ სამედიცინო ისტორიასთან კავშირში არ იყო. ნორი იხსენებს, რომ ძლიერი ტკივილის გამო მას გადადგილება უჭირდა და მკურნალობას შედეგი არ მოჰქონდა.

რობერტ ნორი, რომელმაც ნეოროპათიული ტკივილები სმარტფონით მართვადი იმპანტით დაამრცხა
წყარო: HEALTHDAY

ყველაფერი რადიკალურად  მას შემდეგ შეიცვალა, რაც რობერტ ნორმა UChicago Medicine-ის ინტერვენციული ტკივილის მართვის ექსპერტს, დოქტორ ჯოშუა პენს მიმართა. პენმა 69 წლის პაციენტს შესთავაზა ზურგის ტვინის ახალი თაობის იმპლანტი, რომელიც 2024 წლის ბოლოს აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) დაამტკიცა. ეს მოწყობილობა ზურგის ტვინში ელექტრულ სიგნალებს აგზავნის და ბლოკავს ტკივილის შესახებ ინფორმაციის ტვინამდე მიღწევას.

იმპლანტი, რომელიც დაახლოებით AirPods-ის ქეისის ზომისაა, 2025 წლის იანვარში რობერტ ნორს ზურგში ჩაუნერგეს. ეს მოწყობილობა რობერტ ნორს საშუალებას აძლევს ტკივილის დონე სმარტფონის აპლიკაციით მართოს. „სმარტფონით ვაკონტროლებ იმპლანტს, ამ აპლიკაციით შემიძლია ტკივილის კონტროლიც. როცა საჭიროა,  ვზრდი  ელექტრულ იმპულსებს და ვამცირებ, როცა კარგად ვარ“, — ამბობს ნორი.

მიუხედავად იმისა, რომ ზურგის ტვინის იმპლანტები სამედიცინო პრაქტიკაში უკვე  გამოიყენება, ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესია. მაგალითად, უკვე შესაძლებელია ელექტრული სიგნალების მონიტორინგი და მათი ავტომატური რეგულირება რეალურ დროში.  ეს არის ჭკვიანი სისტემა, რომელიც მუდმივად აკვირდება სხეულში მიმდინარე პროცესებს და, საჭიროების მიხედვით, ავტომატურად აწესრიგებს ელექტრული სტიმულაციის დონეს.

ინოვაცია დამაიმედებელია იმ  პაციენტებისთვის, რომლებიც იტანჯებიან ნეიროპათიით, პარკინსონით გამოწვეული ტრემორით, ხერხემლის დაზიანებებით, ასევე ქრონიკული ტკივილის სხვადასხვა ფორმებით.

დოქტორ ჯოშუა პენის თქმით, ზურგის ტვინის ელექტრული სტიმულატორები ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებლების კარგი ალტერნატივაა, რადგან ოპიოიდები ხშირად დამოკიდებულებას იწვევს და დროთა განმავლობაში ნაკლებად ეფექტური ხდება. იმპლანტმა კი რობერტის სიცოცხლე გადაარჩინა და მას ცხოვრებით ტკბობის უნარი დაუბრუნა.

„ტექნოლოგიამ გადამარჩინა, ძველ ცხოვრებას დავუბრუნდი და ვაკეთებ ყველაფერს, რისი სურვილიც ოდესმე მქონია“, – განაცხადა რობერტ ნორიმ. ის ახლა კანადაში მოგზაურობას გეგმავს, როცა ერთი წლის წინ ლაშქრობაში წასვლასაც კი ვერ წარმოიდგენდა.

ჩიკაგოს სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერები აქტიურად მუშაობენ იმაზე, რომ ეს მოწყობილობა გაცილებით მეტი პაციენტისთვის  გახდეს  ხელმისაწვდომი. ასევე გრძელდება კვლევები ტექნოლოგიის სრული პოტენციალის შესასწავლად.

წყარო: uchicago medicine

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები