აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) საინიექციო პრეპარატი Lembaz (adrabetadex) დაამტკიცა. ეს არის პირველი მედიკამენტი, რომელმაც ნიმან-პიკის C ტიპის დაავადების (NPC) მძიმე ფორმის მქონე პაციენტებში სიცოცხლის გახანგრძლივების ეფექტი აჩვენა.
პრეპარატი დამტკიცდა ზრდასრულებისა და იმ ბავშვებისთვის, რომელთა წონა სულ მცირე 7 კილოგრამია და რომლებსაც დაავადების ნევროლოგიური სიმპტომები 6 წლამდე ასაკში გამოუვლინდათ.
ნიმან-პიკის C ტიპის დაავადება იშვიათი მემკვიდრეობითი ლიზოსომური დაგროვების დაავადებაა, რომელიც დაახლოებით 150 000-დან ერთ ადამიანს უვითარდება. ამ დროს ორგანიზმი უჯრედებში ქოლესტერინსა და სხვა ცხიმებს სათანადოდ ვერ ამუშავებს, რის გამოც ეს ნივთიერებები, განსაკუთრებით თავის ტვინში, გროვდება და პროგრესირებად ნევროლოგიურ დარღვევებს იწვევს. პაციენტები თანდათან კარგავენ მოძრაობის, კოორდინაციისა და ყლაპვის უნარს. დაავადება ყველაზე მძიმედ სწორედ იმ პაციენტებში მიმდინარეობს, რომლებსაც ნევროლოგიური სიმპტომები 6 წლამდე ეწყებათ.
აქამდე აშშ-ში NPC-ის სამკურნალო ორი პრეპარატი იყო დამტკიცებული, თუმცა სიკვდილის რისკის შემცირება არცერთს დაუდასტურებია. ამასთან, ასაკობრივი და წონითი შეზღუდვების გამო, ისინი ყველაზე მცირეწლოვანი და მძიმე პაციენტებისთვის ხელმიუწვდომელი იყო. Lembaz-ს პაციენტებს სამედიცინო პერსონალი ორ კვირაში ერთხელ, ინტრათეკალური ინიექციით, უშუალოდ ზურგის ტვინის არხში, უკეთებს.
FDA-ს გადაწყვეტილება დაეფუძნა სამი კლინიკური კვლევისა და გაფართოებული წვდომის პროგრამის მონაცემებს, რომლებიც 36 პაციენტს მოიცავდა. თითოეულ მათგანს ნევროლოგიური სიმპტომები 6 წლამდე ასაკში ჰქონდა გამოვლენილი. შესაბამის გარე საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, Lembaz-ით მკურნალობამ სიკვდილის რისკი 55%-ით შეამცირა: გადარჩენადობის მედიანამ 8.5 წელი შეადგინა, საკონტროლო ჯგუფში კი — 4.9 წელი. დადებითი ეფექტი დაფიქსირდა იმის მიუხედავად, იღებდნენ თუ არა პაციენტები დამატებით მიგლუსტატს (მედიკამენტს, რომელიც NPC-ის დროს არარეგისტრირებული ჩვენებით გამოიყენება).
პრეპარატის ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია სმენის, წონასწორობისა და კოორდინაციის დარღვევები, დაღლილობა, ღებინება, ზურგისა და თავის ტკივილი, ცხელება, დიარეა, გულისრევა და ხველა.
Lembaz-ის ინსტრუქციას თან ერთვის მკაცრი გაფრთხილება (boxed warning) სმენის დაზიანების, მათ შორის სმენის შეუქცევადი დაკარგვის რისკის შესახებ. ამიტომ პაციენტებს მკურნალობის დაწყებამდე და თერაპიის განმავლობაში რეგულარულად უნდა ჩაუტარდეთ სმენის სრულყოფილი შემოწმება, შედეგების მიხედვით კი შესაძლოა, პრეპარატის დოზის კორექტირება გახდეს საჭირო.
მედიკამენტს „რევოლუციური თერაპიის“ (Breakthrough Therapy) სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. FDA-მ პრეპარატის რეგისტრაციის უფლება Beren Therapeutics-ის შვილობილ კომპანიას — Mandos, LLC-ს მიანიჭა.

