როგორც მსახიობი ჯოან კოლინზი აღნიშნავდა, „ასაკი მხოლოდ ციფრებია“, რაც ახლა უკვე ნაწილობრივ სამეცნიერო მონაცემებითაც დადასტურდა. ას წელზე მეტი ასაკის ადამიანების ბიოლოგიის სიღრმისეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ექსტრემალური სიბერე, შესაძლოა, მიიღწეს ტვინის მნიშვნელოვანი დეგრადაციის ან ასაკთან დაკავშირებული დაავადებების გარეშე.
ესპანელმა მეცნიერებმა ვრცელი კვლევა ჩაატარეს მარია ბრანიას მორერაზე, რომელიც 117 წლის ასაკში გარდაცვალებამდე პლანეტის ყველაზე ხანდაზმული ადამიანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მისი ორგანიზმი ასაკთან დაკავშირებულ მკვეთრ ფიზიოლოგიურ ცვლილებებს განიცდიდა, მკვლევრებმა აღმოაჩინეს ბიოლოგიური ფაქტორები, რომლებმაც დაიცვეს ის იმ დაავადებებისგან, რომლებიც ხანდაზმულ ასაკში ხშირად გვხვდება. ეს კვლევა ხაზს უსვამს, რომ გენეტიკური და გარემო ფაქტორების კომპლექსური ურთიერთქმედება გადამწყვეტ როლს თამაშობს დღეგრძელობასა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ექსტრემალურ ასაკში.
ბარსელონას ლეიკემიის კვლევის ინსტიტუტის დოქტორ მანელ ესტელერის განცხადებით, “ჩვეულებრივი წესის მიხედვით, რაც უფრო ვბერდებით, მით უფრო ავად ვხდებით, მაგრამ მარია გამონაკლისი იყო და ჩვენ გვინდოდა გაგვეგო, რატომ?”.
მარია ბრანიას მორერა, რომელიც 117 წლის ასაკში გარდაიცვალა და მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმულ ადამიანად იყო მიჩნეული, სიცოცხლის ბოლო წლებში თავად დათანხმდა, რომ მისი სხეული შეესწავლათ. ამისთვის მეცნიერებმა მისგან სისხლის, ნერწყვის და სხვა ნიმუშები აიღეს. ამ მასალებზე დაყრდნობით, მეცნიერებმა მისი ორგანიზმის სრულყოფილი სურათი შექმნეს.
კვლევის შედეგად, მეცნიერებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს:
- ტელომერების შემცირებული სიგრძე: მორერას ქრომოსომების ბოლოებზე არსებული ტელომერები (დამცავი უბნები) გამორჩეულად მოკლე აღმოჩნდა, რაც უჯრედული დაბერების მკაფიო მარკერია. ვარაუდობენ, რომ ამ მოკლე ტელომერებმა შეზღუდეს უჯრედების უმართავი დაყოფა, რითაც ის სიმსივნისგან დაიცვეს.
- გარდა იმისა, რომ ასაკის მატებასთან ერთად იმუნური სისტემა სუსტდება, მარია ბრანიას მორერას სხეულში ანთებითი პროცესები დაბალ დონეზე იყო. ქრონიკული ანთება ხშირად იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა კიბო და დიაბეტი, რადგან ის აზიანებს უჯრედებს და ორგანოებს. რადგანაც მარიას ორგანიზმში ეს პროცესები მინიმალური იყო, ეს ფაქტორი იცავდა მას ამ ტიპის დაავადებებისგან.
- გენეტიკური რესისტენტობა: დნმ-ის ანალიზმა გამოავლინა გენური ვარიანტები, რომლებიც მის გულსა და ტვინის უჯრედებს დაავადებებისა და დემენციისგან იცავდა.
- ეფექტური მეტაბოლიზმი: მარიას ორგანიზმს ჰქონდა ქოლესტერინისა და ცხიმის ეფექტური მეტაბოლიზმის უნარი, რაც ასევე მნიშვნელოვანია ასაკთან დაკავშირებული დაავადებების პრევენციისთვის.
როგორც დოქტორი ესტელერი აცხადებს, ეს ფაქტორები კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგანაც სწორედ ისინი უკავშირდება იმ ტიპურ დაავადებებს, რომლებიც ხანდაზმულებში სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს.
შემდეგ ჯგუფმა ბრანიასის ბიოლოგიური ასაკის შესაფასებლად ეპიგენეტიკურ საათებს მიმართა, რომლებიც გენთა ექსპრესიის ნიმუშებს იკვლევენ. „ის მისი ქრონოლოგიური ასაკზე, სულ მცირე, 10-15 წლით ახალგაზრდა იყო“, — განაცხადა ესტელერმა. მისი ნაწლავის მიკრობიომიც ასაკთან შედარებით ძალიან ახალგაზრდა აღმოჩნდა და დიდი რაოდენობით შეიცავდა ბიფიდობაქტერიებს, რაც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ ითვლება.
თუმცა, მისი ხანგრძლივი სიცოცხლე მხოლოდ გენეტიკის დამსახურება არ იყო. ბრანიასი არ იყო ჭარბწონიანი, მიირთმევდა ბევრ იოგურტს, არ ეწეოდა და არ სვამდა. მას ასევე ჰქონდა კარგი სოციალური ცხოვრება მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, რაც, ესტელერის თქმით, უდავოდ დაეხმარა.
მანელ ესტელერის თქმით, ეს კვლევა შესაძლებლობას იძლევა, შეიქმნას ახალი მედიკამენტები, რომლებიც ჯანსაღი გენების მოქმედებას გაიმეორებენ. ეს საშუალებას მოგვცემს, გავხანგრძლივოთ ადამიანების სიცოცხლე და შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა სიბერეში, მიუხედავად გენეტიკისა.
წყარო: The Guardian

