როგორც ჩანს, წონის კლების ახალი თაობის მედიკამენტები, როგორიცაა “ვეგოვი” და “მუნჯარო” (GLP-1 აგონისტები), არა მხოლოდ ამცირებენ შიმშილის გრძნობას, არამედ ცვლიან იმას, თუ რა გვსურს ვჭამოთ.
მაშ, რა ვიცით იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს წონის კლების მედიკამენტები საკვებთან ჩვენს დამოკიდებულებაზე?
- მცირდება შიმშილის გრძნობა
დადასტურებულია, რომ გლუკაგონის მსგავსი პეპტიდ-1 (GLP-1) რეცეპტორების აგონისტები, როგორებიცაა სემაგლუტიდი (“ვეგოვი”) და ტირზეპატიდი (“მუნჯარო”), ეხმარება ჭარბწონიან ადამიანებს წონის დაკლებაში. GLP-1 ჰორმონის მოქმედების იმიტირებით, ისინი ამცირებენ მადას და შიმშილის გრძნობას და ზრდიან დანაყრების შეგრძნებას.
„მისი მოქმედების მექანიზმი ადამიანს უფრო დანაყრებულად აგრძნობინებს თავს – და ასევე არეგულირებს ჰორმონს პანკრეასიდან, რომ ღვიძლმა მეტი შაქარი გამოათავისუფლოს“, – ამბობს დოქტორი საიმონ დრაიდენი, ლონდონის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის ბიომეცნიერებათა ხელმძღვანელი. „ის ასევე ზრდის ინსულინის რაოდენობას, რომელსაც ადამიანი გამოიმუშავებს, რაც ხელს უწყობს სისხლში შაქრის შემცირებას ტიპი 2 დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში და მეტი ნახშირწყალი ხვდება ორგანოებში“.
კვლევებმა აჩვენა, რომ ეს მედიკამენტები ასევე ამცირებენ ალკოჰოლის მიღების სურვილს.
- არაჯანსაღი საკვები ნაკლებად მიმზიდველი ხდება – დროებით მაინც
გლუკაგონის მსგავსი პეპტიდ-1 (GLP-1) რეცეპტორების აგონისტები ამცირებენ ცხიმიანი, შაქრიანი და მარილიანი საკვების მომნუსხველობას, რაც მადასთან ერთად, განაპირობებს მრავალი პაციენტის მიერ ასეთ პროდუქტებზე უარის თქმას.
ეს მოქმედება მჭიდროდ არის დაკავშირებული იმ ნეიროფიზიოლოგიურ ეფექტებთან, რომლებიც დაფიქსირებულია ბარიატრიული ქირურგიის შემდეგ. ბარიატრიული ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ბუნებრივად გამომუშავებული (ენდოგენური) GLP-1-ის დონე ნაწლავებში მნიშვნელოვნად (დაახლოებით ხუთჯერ) იზრდება. ეს ჰორმონი ზემოქმედებს ტვინის იმ უბნებზე, რომლებიც განსაზღვრავენ საკვების ჰედონურ ღირებულებას. GLP-1 ამცირებს საკვების, განსაკუთრებით მაღალცხიმიანი და მაღალშაქრიანი პროდუქტების, მიმზიდველობას.
GLP-1 მედიკამენტებით გამოწვეული ცვლილებები იმეორებს ბარიატრიული ქირურგიის შედეგებს საკვების პრეფერენციების კუთხით:
- გემოვნების პრეფერენციების ცვლილება: ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ პაციენტების დაახლოებით 20%-ს გრძელვადიანად ეცვლება საკვებისადმი დამოკიდებულება და პრეფერენციები.
- დროებითი ცვლილებები: პაციენტთა გაცილებით დიდი პროცენტი განიცდის ამ ცვლილებებს ოპერაციის შემდგომ დაუყოვნებლივ თვეებში, სანამ საკვების პრეფერენციები და გემოს აღქმა დროთა განმავლობაში არ უბრუნდება საწყის მდგომარეობას.
GLP-1 მედიკამენტებით მიღებული გამოცდილება არსებითად ასახავს იმ პროცესებს, რაც ბარიატრიული ოპერაციის შემდგომ ენდოგენური ჰორმონალური ცვლილებებით არის გამოწვეული.
- გემოვნების აღქმის მოდიფიკაცია
ბოლოდროინდელი სამეცნიერო კვლევები ვარაუდობს, რომ GLP-1 რეცეპტორების აგონისტები უშუალო გავლენას ახდენენ გემოვნების რეცეპტორებსა (taste buds) და ტვინის იმ რეგიონებზე, რომლებიც გემოს დამუშავებაში მონაწილეობენ.
დაფიქსირებულია, რომ GLP-1 აგონისტებით მკურნალობისას პაციენტების გარკვეული ნაწილისთვის საკვები ხდება უფრო მარილიანი ან ტკბილი, თუმცა სიმწარისა და მჟავიანობის აღქმა მნიშვნელოვნად არ იცვლება.
ეს ფენომენი განპირობებულია იმით, რომ ეს ნივთიერებები მოქმედებენ არა მხოლოდ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (ტვინზე) და კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, არამედ გავლენას ახდენენ გემოვნების უჯრედებსა და ნეირონულ გზებზე.
აღსანიშნავია, რომ იმ პაციენტებს, რომლებმაც გემოვნების ეს ცვლილება (გაზრდილი სიტკბო ან მარილიანობა) აღნიშნეს, ორჯერ უფრო ხშირად ჰქონდათ გამოხატული სიმაძღრის შეგრძნება და მნიშვნელოვნად შემცირებული ჰქონდათ მადა საკვების მიმართ. ეს მიუთითებს გემოვნების აღქმის შეცვლის პოტენციურ როლზე წონის კლების მექანიზმებში.
- ყველაფერი შეიძლება უფრო მარილიანი ან ტკბილი იყოს
ეს წამლები ასევე, როგორც ჩანს, ცვლის იმას, თუ როგორი გემო აქვს საკვებს. ახალი კვლევის თანახმად, „ოზემპიკის“, „ვეგოვის“ ან „მუნჯაროს“ მიმღები პაციენტებიდან დაახლოებით ერთი მეხუთედი ამბობს, რომ საკვები ადრეულთან შედარებით უფრო მარილიანი ან ტკბილი გემოსია, მაგრამ სიმწარისა თუ მჟავიანობის აღქმა უცვლელი დარჩა.
მონაწილეები, რომლებმაც განაცხადეს, რომ საკვები უფრო მარილიანი ან ტკბილი იყო, ორჯერ უფრო ხშირად გრძნობდნენ თავს დანაყრებულად, იმ პირებთან შედარებით, ვისთვისაც მარილიანობის ან სიტკბოს აღქმა არ შეცვლილა. ისინი, ვისთვისაც საკვები უფრო ტკბილი იყო, 67%-ით უფრო ხშირად აღნიშნავდნენ მადის შემცირებას და 85%-ით უფრო ხშირად – სურვილის შემცირებას, იმ ადამიანებთან შედარებით, ვისთვისაც სიტკბოს აღქმა უცვლელი დარჩა.
- შეიძლება გაიზარდოს კუჭის გაღიზიანება
გემოები, შესაძლოა, შეიცვალოს იმის გამო, რომ წონის დასაკლებმა მედიკამენტებმა არასასიამოვნო შეგრძნება გამოიწვიოს, თუ ადამიანი არაჯანსაღ საკვებს მიირთმევს. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გვერდითი ეფექტები, როგორიცაა გულისრევა, შებერილობა, დიარეა და ყაბზობა, GLP-1-ების უფრო გავრცელებული გვერდითი ეფექტებია. ეს ეფექტები შეიძლება გაიზარდოს მჟავე, ცხარე ან ცხიმიანი საკვებითა და სასმელებით.
„როდესაც ადამიანები ამ მედიკამენტების მიღებისას მაღალენერგეტიკულ საკვების მიღებას იწყებენ, თავს ცუდადაც გრძნობენ“, – ამბობენ მეცნიერები. „ასე რომ, ეს არ არის მხოლოდ ის, რომ ეს ჰორმონები ამცირებს ამ საკვების სიამოვნებას, არამედ ისიც, რომ ზოგიერთ ადამიანს აქვს ის, რასაც ჩვენ მიღების შემდგომ გვერდით ეფექტებს ვუწოდებთ. ამიტომ ისინი შეიძლება მოერიდონ [არაჯანსაღ საკვებს] მხოლოდ იმიტომ, რომ ის თავს ცუდად აგრძნობინებთ“.
წყარო: The Guardian

