„ჩემი, როგორც მეან-გინეკოლოგის პოზიციით, ამ საკითხს მხოლოდ სამართლებრივი და ეთიკური დისკუსიის ჭრილში ვერ შევხედავთ. პირველ რიგში, მე ვხედავ იმ პაციენტებსა და წყვილებს, რომლებსაც სუროგაციის ან დონაციისm კვერცხუჯრედისა თუ სპერმის დონაციის, საშუალებით დედობისა და მშობლობის შესაძლებლობას ვაძლევთ. უშვილობა საკმაოდ სერიოზული პრობლემაა მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენს ქვეყანაშიც ათასობით წყვილი დგას ამ გამოწვევის წინაშე, საქართველოს დღევანდელი დემოგრაფიული მდგომარეობა კი ყველასთვის ცნობილია.
როგორც მთელ მსოფლიოში, აქაც მრავალი პრობლემის გამო რეპროდუქციულმა ასაკმა საკმაოდ გადაიწია. ასეთ დროს ოვარიალური რეზერვი შემცირებულია და მთელი რიგი სირთულეები იჩენს თავს — ზოგჯერ ქალი, რომელიც უკვე შემდგარია და დედობისთვის მზადაა, სწორედ მაშინ აღმოაჩენს, რომ საკმარისი რაოდენობით კვერცხუჯრედი აღარ აქვს.
გულწრფელად გეუბნებით, გარკვეული რეგულაციები აუცილებელია და ამაზე ორი აზრი არ არსებობს. საჭიროა დონორთა ბანკის შექმნაც, რადგან ჩვენისთანა მცირე ერისთვის ინცესტის რისკის თავიდან აცილება მნიშვნელოვანია და რეგულირება ამ მხრივაც აუცილებელია. თუმცა სრული აკრძალვის მომხრე, რა თქმა უნდა, არ ვარ — მე საქართველოს მოსახლეობას ვგულისხმობ. სუროგაციისა და დონაციის აკრძალვა ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი მძიმე დარტყმა იქნება, რადგან ათასობით უშვილო წყვილს, ფაქტობრივად, ბოლო პერსპექტივას ვართმევთ. თუმცა კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ რეგულაცია აუცილებელია“, — ამბობს მეან-გინეკოლოგი თამარ უბილავა „მედსკრიპტუმთან“ ინტერვიუში.

