შეიქმნა აბი, რომელიც „ცუდ“ ქოლესტერინს 60%-ით ამცირებს

გააზიარე

ახალმა კლინიკურმა კვლევამ, რომელიც New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა, რევოლუციური შედეგები აჩვენა. ექსპერიმენტულმა აბმა, სახელწოდებით ენლიციტიდი (enlicitide), „ცუდი“ ქოლესტერინის (LDL) დონე 60%-მდე შეამცირა. ეს პრეპარატი, შესაძლოა, გარდამტეხი აღმოჩნდეს მილიონობით ადამიანისთვის, რადგან ის პირველი მაღალეფექტური ორალური თერაპიაა, რომელიც სტატინების შემდეგ შეიქმნა.

პრეპარატის ფორმულა ეფუძნება ნობელის პრემიის ლაურეატების, მაიკლ ბრაუნისა და ჯოზეფ გოლდშტეინის აღმოჩენას ღვიძლის უჯრედებში LDL-რეცეპტორების შესახებ. ენლიციტიდი ბლოკავს PCSK9 ცილას, რომელიც ჩვეულებრივ ღვიძლზე რეცეპტორების რაოდენობას ამცირებს. როდესაც PCSK9 დაბლოკილია, ღვიძლს სისხლიდან ბევრად მეტი „ცუდი“ ქოლესტერინის გამოდევნა შეუძლია.

კლინიკური კვლევის დეტალები და შედეგები:

მესამე ფაზის კვლევაში 2,909 პაციენტი მონაწილეობდა. აღნიშნულმა კვლევამ აჩვენა, რომ ექსპერიმენტულმა პრეპარატმა, ენლიციტიდმა, „ცუდი“ (LDL) ქოლესტერინის დონე რეკორდული 60%-ით შეამცირა. 

აღსანიშნავია, რომ კვლევის მონაწილეთა უმეტესობა მანამდეც რეგულარულად იღებდა სტატინებს, თუმცა, მათ ორგანიზმში ქოლესტერინის საშუალო დონე მაინც მაღალი რჩებოდა და 96 მგ/დლ-ს შეადგენდა, რაც ათეროსკლეროზის დროს რეკომენდებულ 55-70 მგ/დლ-ის ფარგლებს საგრძნობლად აღემატება. 

LDL-ის გარდა, პრეპარატმა სხვა სახიფათო ლიპიდურ მარკერებზეც ეფექტურად იმოქმედა და აპოლიპოპროტეინი B-სა და ლიპოპროტეინი (a)-ს მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შეამცირა, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების დამატებით რისკ-ფაქტორებად მიიჩნევა.

რატომ არის ეს პრეპარატი მნიშვნელოვანი?

აქამდე PCSK9-ის ინჰიბიტორები მხოლოდ ინექციების სახით იყო ხელმისაწვდომი (ევოლოკუმაბი და ალიროკუმაბი). მიუხედავად მათი ეფექტურობისა, ექიმები მათ ინექციური ფორმისა და მაღალი ფასის გამო იშვიათად ნიშნავდნენ. ენლიციტიდი კი არის აბი, რომელიც დღეში ერთხელ მიიღება, შედეგად მკურნალობა ბევრად უფრო ხელმისაწვდომი და კომფორტული გახდება.

კვლევის ავტორების თქმით, ეს არის სტატინების შემდეგ ყველაზე დიდი ნახტომი ორალურ თერაპიაში. ამჟამად მიმდინარეობს ცალკეული კვლევა იმის დასადასტურებლად, თუ რამდენად პირდაპირ აისახება ქოლესტერინის ეს კლება ინფარქტებისა და ინსულტების რაოდენობის შემცირებაზე.

წყარო: Medicalxpress

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები