პარლამენტმა ექიმებისთვის სასერტიფიკაციო გამოცდებში განმეორებით მონაწილეობის წესის ცვლილებას მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი. სიახლის მიხედვით, დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება, უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, 6-თვიანი ინტერვალის გარეშე, განმეორებით გავიდეს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონში გაუქმდება ნორმა, რომლის მიხედვითაც, უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლა წელიწადში მხოლოდ ორჯერ, გამოცდებს შორის 6-თვიანი ინტერვალით არის შესაძლებელი.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ცვლილება პარლამენტში მესამე მოსმენით დამტკიცების შემდეგ, უახლოეს მომავალში ამოქმედდება.

