იელის უნივერსიტეტში აგრესიული სისხლის კიბოს, მწვავე მეგაკარიობლასტური ლეიკემიის (AMKL) განვითარების მექანიზმი დეტალურად შეისწავლეს.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გენური შერწყმით წარმოქმნილი მუტაციური ცილა RBM15-MKL1 მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაავადების მიმდინარეობაში. ის არღვევს N6-მეთილადენოზინის (m6A) მოდიფიკაციის პროცესს, რაც გავლენას ახდენს გენეტიკური ინფორმაციის გადაცემასა და კონკრეტული რნმ-ის ქცევაზე. ეს აღმოჩენა გვაახლოებს ამ იშვიათი ლეიკემიის უკეთ გაგებასა და სამიზნე მკურნალობის განვითარებასთან.
მწვავე მეგაკარიობლასტური ლეიკემია (AMKL) მწვავე მიელოიდური ლეიკემიის(AML) აგრესიული ქვეტიპია, რომელიც ხასიათდება მოუმწიფებელი სისხლის უჯრედების წარმოქმნით. დაავადება ძირითადად ბავშვთა ასაკში გვხვდება და მძიმე კლინიკური მიმდინარეობით გამოირჩევა. მიუხედავად პროგრესისა ჰემატოლოგიაში, დღემდე არ არსებობს ეფექტური და სპეციფიკური თერაპია. არსებული მკურნალობის სქემები მაღალი ტოქსიკურობითა და გამოყენების შეზღუდვებით ხასიათდება, რაც მკურნალობას მნიშვნელოვან გამოწვევად აქცევს თანამედროვე მედიცინისთვის. სწორედ ამიტომ იელის უნივერსიტეტმა ჩაატარა კვევა და აღმოჩნდა, რომ RBM15-MKL1 მუტაციურ ცილას შეუძლია შეეკრას რნმ-ს და შეცვალოს მისი მოქმედები, რომელიც იწვევს კიბოს უჯრედების ზრდასა და გავრცელებას. ლაბორატორიულ ცდებში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ მუტაციური ცილის გავლენით აქტიურდება Wnt სიგნალიზაციის გზა, რომელიც კიბოს წარმოქმნასთან მჭიდროდ არის კავშირში. კერძოდ, მუტაციური ცილა არეგულირებს “Frizzled” ცილებს, Wnt-სიგნალის გზის კრიტიკულ ელემენტებს. მკვლევარებმა შეძლეს ამ ცილების აქტივობის დათრგუნვა, რამაც ლეიკემიური უჯრედების გამრავლების მკვეთრი შეფერხება გამოიწვია ლაბორატორიულ ცხოველებში. ამავე კვლევაში მეცნიერებმა შექმნეს ექსპერიმენტული პრეპარატი, რომელიც Wnt სიგნალიზაციას ამცირებს. პრეკლინიკური კვლევებისას თაგვებში ეფექტურად გაანადგურა ლეიკემიის უჯრედები.
მკვლევართა გუნდი ფიქრობს, რომ AMKL-ის სხვადასხვა ფორმა შესაძლოა განვითარების საერთო მექანიზმს: Wnt სიგნალიზაციის გზაზე დამოკიდებულებას იზიარებს, რაც სამომავლოდ საშუალებას მისცემს მეცნიერებს განავითარონ მიზნობრივი და ნაკლებად ტოქსიკური მკურნალობა:
„ჩვენი კვლევა ხაზს უსვამს ტრანსლაციური მეცნიერების მნიშვნელობას“, – ამბობს დოქტორი ჯულია ბიანკონი, იელის კიბოს ცენტრის ჰალენის ლაბორატორიის ყოფილი წევრი. „ჩვენ შევიმუშავეთ AMKL-ის მოდელები, რათა შეგვესწავლა რნმ-თან დაკავშირებული ცვლილებები და ვაჩვენეთ, რომ შესაძლებელია ამ ცვლილებების გამოსწორება მცირე მოლეკულური ინჰიბიტორების მეშვეობით, რომლებიც კიბოს საწინააღმდეგო მექანიზმებს ფლობენ“.
კვლევის მთავარი ავტორები: დოქტორი თომა ტებალდი, არტურ ჰ, იზაბელ ბანქერი და სტეფანი ჰალენი აცხადებენ, რომ m6A მოდიფიკაციისა და Wnt სიგნალიზაციის სამიზნე მკურნალობა ამჟამად უკვე გადის კლინიკურ კვლევებს, და შესაძლოა ერთ დღეს ამ იშვიათი, აგრესიული ლეიკემიის სამკურნალოდ გამოყენებადი გახდეს ბავშვებში.
წყარო:
Tebaldi, T., H., A., Bunker, I., & Halene, S. (2025). Innovative Molecular Target in the Management of Acute Megakaryoblastic Leukemia: A Study from Yale University [Preprint]. bioRxiv. https://doi.org/10.1101/2025.02.19.638991v1.

