ADHD (Attention-Deficit/Hyperactivity Disorder) ანუ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობა ნეიროგანვითარებითი მდგომარეობაა, რომლის ძირითადი ნიშნებიც ყურადღების რეგულაციის სირთულე, იმპულსურობა და/ან ჰიპერაქტივობაა. თანამედროვე კლინიკური მიდგომა ADHD-ს აღარ უყურებს როგორც მხოლოდ „ცუდ ქცევას“ ან „ზარმაცობას“. მთავარი საკითხი უფრო ის არის ფუნქციური ზიანი რამდენად შეუშლის ადამიანს ხელს ყოველდღიური ცხოვრების სწორად წარმათვაში: როგორ მოქმედებს სიმპტომები სწავლაზე, მუშაობაზე, ურთიერთობებზე, თვითორგანიზებასა და ყოველდღიურ უსაფრთხოებაზე.
ეპიდემიოლოგია და მნიშვნელობა
CDC-ის ბოლო მონაცემებით, 3-17 წლის ბავშვების დაახლოებით 12%-ს ოდესმე დაუდგინდა ADHD. მაჩვენებელი ბიჭებში უფრო მაღალია, ვიდრე გოგოებში, თუმცა გოგოებში ADHD ხშირად ნაკლებად ჩანს, რადგან მათთან შეიძლება წამყვანი იყოს დაუდევრობის/ყურადღების ფორმა და არა თვალსაჩინო ჰიპერაქტივობა. ზრდასრულებში გავრცელება საერთაშორისო კვლევებში ჩვეულებრივ 2-3%-ის ფარგლებში ფასდება, მაგრამ დიაგნოზი ხშირად გვიან ისმება. ეს სტატისტკა შესაძლოა ქართულ რეალობას ზუსტად არ შეესაბამებოდეს ვინაიდან უშუალოდ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, ხოლო ახალგაზრდებს ხშირად თავიანთი მდგომარეობის შესახებ მინიმალური ინფორმაციაც არ გააჩნიათ.

ADHD იშვიათად არის იზოლირებული. ხშირია შფოთვა, დეპრესიული სიმპტომები, ძილის დარღვევა, სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები, ქცევითი პრობლემები და ნივთიერებებზე დამოკიდებულების რისკი. სწორედ ამიტომ ასეთ დროს აუცილებელი ფსიქოლოგთან ვიზიტი და კონსულტაცია, ხოლო მკურნალობა არ უნდა დაიყვანოს მხოლოდ ერთ წამალზე,
დიაგნოსტიკის პრინციპები
საერთაშორისო გაიდლაინების საერთო ლოგიკა ასეთია: დიაგნოზი უნდა დაეყრდნოს მრავალწყაროიან შეფასებას. საჭიროა სიმპტომების არსებობა ბავშვობიდან, სიმპტომების გამოვლენა ერთზე მეტ გარემოში, ფუნქციური ზიანის დადასტურება და სხვა მიზეზების გამორიცხვა. ერთი ტესტი ან მოკლე ონლაინ-კითხვარი დიაგნოზის დასადგენად საკმარისი არ არის.
- ბავშვებში საჭიროა მშობლისა და სკოლის/მასწავლებლის ინფორმაცია.
- ზრდასრულებში საჭიროა ბავშვობის ისტორია, სამუშაო/სასწავლო ფუნქციონირება და კომორბიდობების შეფასება.
- განსაკუთრებით უნდა შეფასდეს ძილი, შფოთვა, დეპრესია, ნივთიერებების მოხმარება, ეპილეფსია, ფარისებრი ჯირკვალი და ტრავმა.
მოქმედების ნეირობიოლოგიური საფუძველი
ADHD უკავშირდება თვითრეგულაციის, ყურადღების გადართვის, სამუშაო მეხსიერების, დაგეგმვისა და ინჰიბიციის პროცესებს. ამ ფუნქციებში დიდი როლი აქვს პრეფრონტალურ ქერქს და მასთან დაკავშირებულ ნეირონულ ქსელებს. დოფამინი და ნორადრენალინი ამ ქსელებში სიგნალის ხარისხს, ყურადღების შენარჩუნებასა და იმპულსების კონტროლს უკავშირდება.
არასწორია ზედმეტად მარტივი ფორმულა, რომ ADHD არის უბრალოდ „დოფამინის ნაკლებობა“. უფრო ზუსტი იქნებოდა იმის თქმა რომ: ADHD თვითრეგულაციის ნეიროგანვითარებითი სირთულეა, რომლის ნაწილიც კატექოლამინური სიგნალის დისრეგულაციას მოიცავ. ამიტომ სტიმულანტები ყველას ერთნაირად არ ერგება და მკურნალობა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს.
მკურნალობის საერთო პრინციპი მსოფლიო გაიდლაინების მიხედვით
საერთაშორისო რეკომენდაციები ერთ მთავარ იდეაზე თანხმდება: ADHD-ის მკურნალობა უნდა იყოს მრავალმხრივი, ეტაპობრივი და ფუნქციურ მიზნებზე დაფუძნებული. მიზანი არ არის ბავშვის ან ზრდასრულის „დაწყნარება“. მიზანია სწავლა, სამუშაო, ურთიერთობები, დროის მართვა, ემოციური კონტროლი და ყოველდღიური ფუნქციონირება გაუმჯობესდეს. შესაბამისად ნივითიერებთა ფონისა და ქცევითი რეგულაციის იმ დონემდე მყვანაა მხლოდ საჭირო, რომელთან ერთადაც ცხოვრება და მართვა პაციენტისთვის სირთულეს აღარ წარმოადგენს.
NICE ხაზს ჰოლისტიკურ, გაზიარებულ გეგმას უსვამს, რომელიც ფსიქოლოგიურ, ქცევით, საგანმანათლებლო ან სამუშაო საჭიროებებს მოიცავს. ავსტრალიური გაიდლაინი ასევე მკურნალობის ცენტრში ფუნქციონირებასა და ცხოვრების ხარისხს აყენებს. CADDRA მკურნალობას აღწერს როგორც კომპლექსურ, თანამშრომლობით და მულტიმოდალურ მიდგომას.
ასაკობრივი მიდგომა მკურნალობაში
სკოლამდელი ასაკი
AAP/CDC-ის მიხედვით 6 წლამდე ბავშვებში პირველ ხაზად ქცევის მართვაში მშობლის ტრენინგი და გარემოს/რუტინის მოწესრიგება უნდა ჩაითვალოს. ამ ასაკში მედიკამენტი ავტომატურად პირველი ნაბიჯი არ არის. მიზეზი მარტივია: პატარა ბავშვის ტვინი სწრაფად ვითარდება, დიაგნოზი ზოგჯერ რთულია და ქცევითი ჩარევა უფრო უსაფრთხო საწყისი გზაა.
6 წლის ზემოთ ბავშვები და მოზარდები
6 წლის ზემოთ რეკომენდაციები უკვე უფრო ხშირად აერთიანებს FDA-ით/ადგილობრივი მარეგულირებლით დამტკიცებულ მედიკამენტებსა და ქცევით ჩარევებს. სკოლა მკურნალობის ნაწილი უნდა იყოს: საკლასო გარემოს სტრუქტურირება, მოკლე დავალებები, მკაფიო ინსტრუქციები, დროის ვიზუალური მართვა, შეფასების ადაპტაცია და მშობელ-მასწავლებლის კოორდინაცია ხშირად ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც წამალი.
ზრდასრულები
ზრდასრულებში NICE-ის მიხედვით მედიკამენტური მკურნალობა ხშირად პირველი ხაზის არჩევანია, თუ ადამიანი ფსიქოლოგიურ მიდგომას არ ანიჭებს უპირატესობას. თუმცა ზრდასრულებში მხოლოდ წამალი იშვიათად აგვარებს ყველაფერს: საჭიროა დროის მართვის სისტემა, ფინანსური/სამუშაო რუტინების გამარტივება, ძილის მოწესრიგება, სპეციალისტების რეკომენდაციაზე დაფუძნებული სტრატეგიები და კომორბიდული შფოთვის ან დეპრესიის მართვა.
არამედიკამენტური მკურნალობა
არამედიკამენტური მკურნალობა არ ნიშნავს „წამლის ნაცვლად სუსტ ალტერნატივას“. პირიქით მკურნალობაზე თუ მიდგა საქმე სწორე ის წარმოადგენს საფუძველს, განსაკუთრებით ბავშვებში. ცუდად ორგანიზებულ გარემოში წამლის ეფექტი შეიძლება დაიკარგოს, ხოლო კარგად აწყობილ გარემოში ზოგიერთ ადამიანს მედიკამენტის საჭიროება ნაკლებად აქვს ან შედეგი უკეთესია.
- ფსიქოგანათლება: პაციენტმა და ოჯახმა უნდა იცოდნენ, რა არის და რა არ არის
- მშობლის ტრენინგი: რა რეაქცია უნდა ჰქონდეს ბავშვის ქცევაზე, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის ჩარჩოებში მოქცევა ან პირიქით ამაზე მორგებული, ბავშვისთვის უკეთესი გარემოს შექმნას.
- სკოლის ჩარევა: მოკლე ინსტრუქციები, დავალებების დაყოფა, ვიზუალური განრიგი, ყურადღების გამფანტველების შემცირება.
- ორგანიზაციული უნარები: კალენდარი, ჩეკლისტი, დროის ბლოკები, სწავლა მოკლე სესიებად.
- CBT ზრდასრულებში: დაგეგმვა, გადადების შემცირება, ემოციური თვითრეგულაცია და თვითკრიტიკის მართვა.
- ცხოვრების წესი: ძილი, რეგულარული მოძრაობა და ეკრანის/კოფეინის კონტროლი მკურნალობას ეხმარება, მაგრამ ADHD-ს „განკურნებას“ მარტო არ იძლევა.
მედიკამენტური მკურნალობის ადგილი
რეალურად მედიკამენტი მაშინ განიხილება როცა სიმპტომები უკვე მნიშვნელოვან ფუნქციურ ზიანს იწვევს. NICE-ის მიხედვით ADHD-ის მედიკამენტი უნდა დაიწყოს სპეციალისტმა, რომელსაც ADHD-ის დიაგნოსტიკისა და ფარმაკოთერაპიის გამოცდილება გააჩნია. ოჯახის ექიმმა შეიძლება მკურნალობა გაზიარებული მოვლის მოდელით გააგრძელოს, მაგრამ საწყისი არჩევა და დოზის ცვლილებები სპეციალისტის საქმეა.
არსებობს მედიკამენტების ორი დიდი ჯგუფია: სტიმულანტები და არასტიმულანტები. სტიმულანტებს ჩვეულებრივ უფრო სწრაფი ეფექტი აქვთ. არასტიმულანტები სასარგებლოა მაშინ, როცა სტიმულანტის კონტრაინდიკაცია არსებობს, ცუდად იტანება, არსებობს ბოროტად გამოყენების რისკი, ძლიერი შფოთვა, ადგილი აქვს კიდურის რუტნულ მოძრაობას (წიკებს), ძილის დიდი პრობლემა ან სხვა კლინიკური მიზეზი.
მედიკამენტების არჩევის ლოგიკა გაიდლაინებში
| ჯგუფი | მაგალითები | როდის გამოიყენება | მთავარი რისკები/საყურადღებო |
| სტიმულანტი – მეთილფენიდატი | methylphenidate | ბავშვებში გამოიყენება მაშინ, როცა საჭიროა სწრაფი სიმპტომური კონტროლი. | მადის დაქვეითება, უძილობა, წნევა/პულსი, ზრდის მონიტორინგი ბავშვებში. |
| სტიმულანტი – ამფეტამინის ჯგუფი | lisdexamfetamine, dexamfetamine, mixed amphetamine salts/Adderall | ზრდასრულებში მკურნალობის პირველ ხაზშია ასახული პირველი არჩევანი ან ხელმისაწვდომი. | ბოროტად გამოყენება/დამოკიდებულება, გულ-სისხლძარღვთა რისკები, ძილი, მადა, შფოთვა, ფსიქოზური/მანიაკური სიმპტომების გაუარესება. |
| არასტიმულანტი | atomoxetine | როცა სტიმულანტი არ მუშაობს, ცუდად იტანება ან რისკიანია; ეფექტი ნელა ვითარდება. | გულისრევა, ძილიანობა/უძილობა, განწყობის მონიტორინგი, ღვიძლის იშვიათი რისკები. |
| ალფა-2 აგონისტი | guanfacine ER, clonidine ER | ბავშვებში/მოზარდებში, განსაკუთრებით იმპულსურობის, წიკების, ძილის ან აგრესიული ქცევის თანმხლებ პრობლემებში. | ძილიანობა, წნევის დაქვეითება, თავბრუსხვევა; უეცარი შეწყვეტა არ შეიძლება ექიმის გარეშე. |
Adderall: ადგილი მკურნალობაში და მოქმედების მექანიზმი
საზოგადოებაში ადერალის სახელს განსაკუთრებით დიდი ადგილი უკავია, ვინაიდან მასში ამფეტამინის მაღალი შემცველობს გამო მას ხშირად მოიხმარენ არაკეთილსინდისიერად, ნარკოტიკული თრობის მისაღებად, მაშინ როდესაც მისი არამართებული მოხმარება ორგანიზმს უზარმაზარ საფრთხეს უქმნის. ამავდროს კი ის ხშირად ADHD-ის მძიმე შემთხვევბის დროს მკურნალობის ერთ-ერთი წამყვანი პრეპარატია.
Adderall XR ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულანტია და ამფეტამინის შერეულ მარილებს შეიცავს. FDA-ის ოფიციალური ეტიკეტის მიხედვით ის ADHD-ის მკურნალობაში, როგორც საერთო მკურნალობის გეგმის ნაწილი გამოიყენება. მოქმედების სრული მექანიზმი ბოლომდე არ არის დადგენილი, მაგრამ ამფეტამინები ზრდიან დოფამინისა და ნორადრენალინის ფუნქციურ აქტივობას სინაფსურ სივრცეში, რაც ყურადღებისა და თვითრეგულაციის გაუმჯობესებას უკავშირდება.
ადერალის-ის მიმართ ზედმეტი ენთუზიაზმი არასწორია. ის არ არის „სასწავლო აბი“, არ არის უნივერსალური გამოსავალი და ჯანმრთელ ადამიანს უბრალოდ უკეთეს ადამიანად არ აქცევს. ADHD-ის მქონე ადამიანში სწორად შერჩეულმა სტიმულანტმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს სიმპტომები, მაგრამ არასწორი გამოყენება ბოროტად გამოყენების, დამოკიდებულების, უძილობის, გულისცემის/წნევის მატების და ფსიქიატრიული გართულებების რისკს ზრდის.
FDA-ის 2026 წლის ეტიკეტი მკაფიოდ შეიცავს ფიქირებულ გაფრთხილებას: Adderall XR-ს აქვს მაღალი პოტენციალი ბოროტად გამოყენებისა და დამოკიდებულებისთვის. ამიტომ საჭიროა რისკის შეფასება მკურნალობამდე, პაციენტის/ოჯახის ინფორმირება, უსაფრთხო შენახვა, ზედამხედველობა და რეგულარული მონიტორინგი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდებში და სტუდენტურ გარემოში, სადაც სტიმულანტების გაზიარება ან „სწავლისთვის“ გამოყენება რეალური პრობლემაა.
მონიტორინგი მკურნალობის დროს
გაიდლაინების პრაქტიკული აზრი ასეთია: წამალი ინიშნება არა „ერთხელ და სამუდამოდ“, არამედ შედეგისა და უსაფრთხოების მუდმივი შემოწმებით. მონიტორინგი უნდა იყოს მკაფიო და გაზომვადი.
- მკურნალობამდე: სიმპტომების სიმძიმე, ფუნქციური ზიანი, წნევა, პულსი, წონა/სიმაღლე ბავშვებში, ძილი, მადა, ფსიქიკური მდგომარეობა და გულის/ოჯახური ისტორია.
- დაწყების შემდეგ: სარგებელი უნდა შეფასდეს კონკრეტული მიზნებით – მაგალითად გაკვეთილზე დარჩენა, დავალების დასრულება, იმპულსური კონფლიქტების შემცირება, სამუშაოს დაგეგმვა.
- უსაფრთხოება: წნევა, პულსი, მადა, ძილი, წონა, გაღიზიანება, შფოთვა, ტიკები, განწყობის მკვეთრი ცვლილება და ბოროტად გამოყენების ნიშნები.
- ბავშვებში: ზრდის დინამიკა და სკოლის უკუკავშირი აუცილებელია. მხოლოდ მშობლის შთაბეჭდილება საკმარისი არ არის.
- ზრდასრულებში: მართვის უსაფრთხოება, ალკოჰოლი/ნივთიერებები, სამუშაო სტრესი, ძილი და კომორბიდული შფოთვა/დეპრესია უნდა კონტროლდებოდეს.
როდის არის განსაკუთრებული სიფრთხილე საჭირო
სტიმულანტები ყოველთვის არ არის სწორი არჩევანი. სიფრთხილეა საჭირო გულის სერიოზული დაავადების, მკვეთრი ჰიპერტენზიის, ბიპოლარული აშლილობის/მანიაკური ეპიზოდების, ფსიქოზური სიმპტომების, აქტიური ნივთიერებაზე დამოკიდებულების, მძიმე უძილობის და გარკვეული მედიკამენტური ურთიერთქმედებების დროს. ეს არ ნიშნავს, რომ ADHD ასეთ შემთხვევებში არ მკურნალობს; ნიშნავს, რომ არჩევანი უნდა იყოს უფრო ფრთხილი და სპეციალისტზე მიბმული.
მნიშვნელოვანი წესი: თუ მედიკამენტი არ მუშაობს ან გვერდითი ეფექტები ძლიერია, გამოსავალი თვითნებურად დოზის შეცვლა არ არის. გამოსავალია ექიმთან დაბრუნება, დიაგნოზის გადახედვა, კომორბიდობის ძიება, სხვა პრეპარატზე გადასვლის განხილვა ან არამედიკამენტური მხარდაჭერის გაძლიერება.
ADHD-ის მკურნალობა ძლიერი ინსტრუმენტია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა სწორი დიაგნოზი, ფუნქციური მიზნები, ოჯახი/სკოლა/სამუშაო გარემო, მედიკამენტის ფრთხილი არჩევა და მონიტორინგი ერთად მუშაობს. ყველაზე ცუდი მიდგომაა ADHD-ის ან უარყოფა, ან მხოლოდ Adderall-ის მსგავს წამალზე დაყვანა. სწორი მიდგომაა ეტაპობრივი: ჯერ ზუსტი შეფასება, შემდეგ განათლება და გარემოს ორგანიზება, შემდეგ საჭიროებისამებრ მედიკამენტი, შემდეგ მუდმივი კონტროლი.

