გადაუდებელი სიტუაციები, ინტოქსიკაციები და დეზინფორმაცია: ინტერვიუ აშიშ ბალასათან

გააზიარე

ათი პაციენტიდან ცხრა ლეტალური გამოსავლით – ასეთი იყო ათწლეულების წინ ინდოეთის მარცვლეულის საცავებში გამოყენებული ფოსფიდური ფუმიგანტების მძიმე რეალობა. დღეს ეს სურათი საგრძნობლად შეცვლილია: პათოფიზიოლოგიის ღრმა ანალიზისა და ინტენსიური თერაპიის პროგრესის წყალობით, სიკვდილიანობამ იკლო. წარმატების მიზეზი რაიმე უნივერსალური ანტიდოტი კი არა, კლინიცისტების მრავალწლიანი თავდადებაა – მათ უარი თქვეს „მხარდამჭერი მოვლის“ პასიურ ზღვარზე. ზუსტად ამ საქმეს მიუძღვნა კარიერა ექიმმა აშიშ ბალამ, რომელმაც ლითონის ფოსფიდებით ინტოქსიკაციის შესწავლას თავისი პრაქტიკის უდიდესი ნაწილი დაუთმო და წლევანდელ თბილისის კონგრესზე (ხმელთაშუა ზღვის გადაუდებელი მედიცინის აკადემიის ერთობლივ კონფერენციაზე) მოხსენებით წარსდგა.

თბილისში ვიზიტის მიზეზი ერთი შეხედვით მარტივია – პროფესორ ზიად კაზისთან 25 წლიანი მეგობრობა. თუმცა, ამ პირადი კავშირის მიღმა საერთო პროფესიული სწრაფვა იმალება: მედიცინის ისეთი გამოწვევები, რომლებიც აშკარად არ ვლინდება; მოწამვლის შემთხვევები, რომლებიც უმნიშვნელო სიმპტომების მიღმა იფარება; და დაუღალავი ბრძოლა პაციენტის გადასარჩენად მაშინაც კი, როდესაც სხვებს უკვე იმედი გადაწურული აქვთ.

რამ გახადა თბილისიდან მიღებული ეს მოწვევა თქვენთვის საინტერესო და მანამდე თუ გიფიქრიათ საქართველოზე პროფესიული კუთხით?

მხოლოდ ერთი ადამიანის დასახელებაც კმარა – ზიად კაზი. ის ჩემი მეგობარია, უკვე 25 წელზე მეტია რაც ერთმანეთს ვიცნობთ. როდესაც დამირეკა და მითხრა, რომ აქ შეხვედრას აორგანიზებდა, მაშინვე ვუპასუხე, ჩამოვალ-მეთქი. საქართველოს შესახებ ბევრი რამ მქონდა გაგონილი და საკუთარი თვალით მინდოდა მენახა, რა ხდება აქ.

გარდა ამისა, რეგულარულად ვესწრები MENATOX-ისა და MEMC-ის შეხვედრებს, რადგან ეს სწავლის საუკეთესო შესაძლებლობაა. კოლეგებისგან იგებ, რა არის ახალი და რა ხდება რეგიონში. ხშირად ის პრობლემები, რომლებზეც იქ მსჯელობენ, ინდოეთში უკვე მომხდარა ან შეიძლება მოხდეს, ამიტომ ამ შეხვედრებზე დასწრება საფრთხეების წინასწარ განსაზღვრასა და მათთვის მომზადებაში გვეხმარება.

ტოქსიკოლოგია შთაბეჭდილებას ტოვებს, როგორც სპეციალობა სპეციალობის შიგნით. თქვენს შემთხვევაში ამ მიმართულებას საფუძველი შინაგანმა მედიცინამ ჩაუყარა. რამ გადაგაწყვეტინათ, რომ ტოქსიკოლოგია თქვენი საქმიანობის მთავარ ფოკუსად გექციათ და არა უბრალოდ თანმდევ სფეროდ, რომელსაც პარალელურად შეეხებოდით?

ჩემმა მენტორმა. იგი ჩემს ინსტიტუტში შინაგანი მედიცინის პროფესორი იყო და ფართომასშტაბიან კვლევებს ატარებდა ორგანოფოსფატებითა და ალუმინის ფოსფიდით მოწამვლის საკითხებზე – ეს ორი მიმართულება ჩვენთვის უმთავრეს პრობლემას წარმოადგენდა. გვსურდა, ზუსტად დაგვედგინა პათოფიზიოლოგია და გვეპოვა გზები ამ საწამლავებით დაზარალებული ადამიანების გადასარჩენად. ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩემმა მენტორმა და მე უამრავი მასალა დოკუმენტურად აღვწერეთ და შევისწავლეთ, განსაკუთრებით ალუმინის ფოსფიდის შესახებ, რომლით მოწამვლაც ადრე თითქმის ყოველთვის ფატალურად სრულდებოდა.

ალუმინის ფოსფიდით მოწამლულთა სიკვდილიანობა ადრე თითქმის 90%-ს აღწევდა. მკურნალობის მეთოდების დახვეწის წყალობით, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 30-40%-მდე შევამცირეთ, რაც უდიდესი მიღწევაა. ჩვენ შევეცადეთ დაგვედგინა ორგანიზმის დაზიანების მექანიზმები და სიკვდილიანობის თავიდან აცილების გზები, მათ შორის, პრეპარატის ფორმულის შეცვლის გზით. კოლეგებმა, მათ შორის ბრენტმა და ზიადმა, მიბიძგეს, პრობლემისთვის სხვადასხვა კუთხით შემეხედა, რამაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა ჩვენი მუშაობის მიმართულება.

ამასთანავე, გადაუდებელი მედიცინა და ტოქსიკოლოგია განსაკუთრებულ პროფესიულ კმაყოფილებას გვანიჭებს. მოწამვლის შემთხვევათა უმეტესობა ახალგაზრდებში ხშირად შემთხვევითი ან საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებით არის გამოწვეული. თუ მათ გადარჩენას შეძლებთ, ისინი ხშირად უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რიტმს. სიცოცხლის ხელახლა დაბრუნების ეს შესაძლებლობა ტოქსიკოლოგიას განსაკუთრებულ აზრს სძენს. სამედიცინო ეთიკის პრინციპი – „არ დანებდე, სანამ პაციენტი ცოცხალია“ – ასევე გვიბიძგებს, რომ მოწამვლის შემთხვევებისას ბოლომდე ვიბრძოლოთ. მრავალი სხვა დაავადებისგან განსხვავებით, რომელთა გადატანის შემდეგაც ადამიანებს ხშირად “ნარჩენი მოვლენები” ან შეზღუდული შესაძლებლობები უნარჩუნდებათ, მოწამლული პაციენტების უმრავლესობა სრულად გამოჯანმრთელდება, თუკი მათ მწვავე ფაზის გადალახვაში დავეხმარებით.

მოწამვლასთან დაკავშირებულ რომელ გავრცელებულ მცდარ შეხედულებებს უნდა მოვეკიდოთ მეტი სიფრთხილით? მარტივ რჩევასაც კი შეუძლია ბევრი რამის შეცვლა…

საზოგადოებისთვის ერთ-ერთი უმარტივესი რჩევაა: არასოდეს მიიღოთ მედიკამენტები ან ხალხური სამკურნალო საშუალებები ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ისეთი ჩვეულებრივი პრეპარატებიც კი, როგორიცაა პარაცეტამოლი (პანადოლი), შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს, თუ მათ არასწორი დოზით ან შესაძლო გვერდითი მოვლენების გაუთვალისწინებლად მიიღებთ. ნუ იფიქრებთ, რომ ურეცეპტოდ გასაცემი წამლები სრულიად უსაფრთხოა – თერაპიულ დოზაზე მეტის მიღებამ შესაძლოა სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.

თუ ეჭვობთ, რომ ტოქსიკური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მოხვდით – შემთხვევით თუ შეცდომით – დრო არ დაკარგოთ. დაუყოვნებლივ მიმართეთ საავადმყოფოს, მკურნალ ექიმს ან ტოქსიკოლოგს. ისინი დაგაკავშირებენ ტოქსიკოლოგიურ ცენტრთან და გირჩევენ, გესაჭიროებათ თუ არა ჰოსპიტალიზაცია. ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედების შემთხვევათა უმრავლესობა სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა ზოგიერთი მათგანი შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს. ადრეული კლინიკური შეფასება იმის დადგენაში გვეხმარება, თუ ვის სჭირდება მეთვალყურეობა ან მკურნალობა, ამას კი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

წლებია, ამ სფეროში მუშაობთ. სოციალური მედიის პოპულარობის ზრდასთან ერთად, სადაც მცენარეულ ნაყენებსა და სხვა “სამკურნალო” საშუალებებს არეკლამებენ, ხომ არ იმატა შემთხვევითი, არაგამიზნული მოწამვლის შემთხვევებმა?

დიახ, ცალსახად. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ბრმად მიჰყვება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ რჩევებს – ისე, რომ არც მრჩეველის კვალიფიკაციით ინტერესდება და არც მისი განცხადებების უტყუარობას ამოწმებს. კატეგორიულად გირჩევთ, ექიმთან კონსულტაციის გარეშე ნუ გამოიყენებთ ინტერნეტში რეკომენდებულ სამურნალო მეთოდებს. სანამ ინტერნეტში წაკითხულ რამეს გამოსცდიდეთ, გადაამოწმეთ ინფორმაცია სანდო წყაროებში და, რაც მთავარია, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან სანდო კოლეგასთან.

გახსოვდეთ: სოციალური მედია მხოლოდ ინფორმაციას გაწვდით და არა ცოდნას. ინფორმაციას გონივრული გააზრება სჭირდება, რომ ის სასარგებლო გამოცდილებად იქცეს. მაგალითად, ყველამ იცის, რომ პომიდორი ხილია – ეს ინფორმაციაა. ხოლო იმის გააზრება, რომ ის ნაყინში არ უნდა ჩაამატოთ, რადგან იქ მისი ადგილი არაა – უკვე პრაქტიკული ცოდნაა. 

სანამ ამა თუ იმ მეთოდს საკუთარ თავზე გამოცდიდეთ, მისი უტყუარობა ყოველთვის ორჯერ ან სამჯერ გადაამოწმეთ. გავრცელებულ რისკ-ფაქტორებს შორისაა დაუდასტურებელი სამკურნალო მალამოების, წონის კლებისთვის განკუთვნილი „სწრაფი ეფექტის“ მქონე ჩაისა თუ სხვა მსგავსი იოლი გზების გამოყენება; მათ შეუძლიათ ორგანიზმის მოწამვლა გამოიწვიონ, რაც ხშირად ფატალურადაც სრულდება.

„ნატურალური“ ავტომატურად უსაფრთხოს არ ნიშნავს. ბევრი ბუნებრივი პროდუქტი უსაფრთხო მოხმარებისთვის სპეციფიკურ დამუშავებას საჭიროებს – მაგალითად, ზეთისხილი უნდა დამწნილდეს, ხოლო ყავის მარცვლები უნდა მოიხალოს. ამასთანავე, უდიდესი მნიშვნელობა აქვს დოზირებას, რადგან ტოქსიკურობა სწორედ მიღებულ რაოდენობაზეა დამოკიდებული. ნებისმიერი პროდუქტის ჭარბად მიღებამ შესაძლოა ორგანიზმს ზიანი მიაყენოს.

თქვენი დღევანდელი პრეზენტაცია ლითონის ფოსფიდებს ეხება. მკითხველისთვის, რომელიც ამ ტერმინს არ იცნობს, რომ განგვიმარტოთ: რა არის ლითონის ფოსფიდები და რატომ უნდა მივაქციოთ მათ ყურადღება?

ლითონის ფოსფიდები – რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია ალუმინისა და თუთიის ფოსფიდი – მთელ მსოფლიოში გამოიყენება მარცვლეულის ფუმიგაციისთვის (სასოფლო-სამეურნეო მცენარეების მავნებლებთან ბრძოლა შხამიანი ორთქლისა და გაზების გამოყენებით). ტენთან კონტაქტისას ისინი გამოყოფენ ძალზე ტოქსიკურ აირს – ფოსფინს. ფოსფინი პარალიზებას იწვევს და ხოცავს მღრღნელებსა და მწერებს, ადამიანებში კი შეუძლია მძიმე, მათ შორის ფატალური მოწამვლა გამოიწვიოს.

ეს რისკი ხშირად კონტექსტზეა დამოკიდებული. ღია სივრცეში აირი განზავდება და, შესაძლოა, ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენდეს, მაგრამ დახურულ სივრცეში – მაგალითად, სილოსში ან საცავში, სადაც დამუშავებული მარცვლეული ინახება – მისმა ჩასუნთქვამ შეიძლება სერიოზული მოწამვლა გამოიწვიოს. განსაკუთრებით საშიშია ფოსფიდის აბის ან ფხვნილის გადაყლაპვა: ფოსფინი ორგანიზმში გამოიყოფა, სწრაფად შეიწოვება და ციანიდის მსგავსად აზიანებს უჯრედებს. სპეციფიკური ანტიდოტი თითქმის არ არსებობს, ამიტომ მკურნალობა, ძირითადად, სიმპტომურია.

ეს ნაერთები, როგორც წესი, მარცვლეულის შესანახად და მავნებლებთან საბრძოლველად გამოიყენება, ქვეყნიდან ქვეყანაში გადაადგილებისას კი ადამიანებს ისინი ხშირად თან გადააქვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ საფრთხე მხოლოდ ერთი რეგიონით არ არის შემოფარგლული და ინტოქსიკაციის რისკი ბევრ სხვადასხვა გარემოში იჩენს თავს. შესაძლო მოწამვლის შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სიმპტომებს და სამედიცინო დახმარებას დაუყოვნებლივ მიმართეთ.

რა არის ასეთ დროს საგანგაშო ნიშნები და რამდენად სწრაფად იჩენს ისინი თავს?

სიმპტომების გამოვლენას შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს. ტოქსიკური ნივთიერების შესუნთქვამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, პირღებინება და ჰიპოტენზია. დაბალი კონცენტრაციის ზემოქმედებისას ვლინდება არასპეციფიკური სიმპტომები, რომლებიც მსუბუქ, უბრალოდ “შეუძლოდ ყოფნას” ჰგავს. ასეთ დროს პაციენტები შესაძლოა სახლში გაწერონ, თუმცა მოგვიანებით მათი მდგომარეობა მკვეთრად უარესდება. ფოსფიდით მოწამვლის თუნდაც მცირე ეჭვის არსებობისას, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ ექიმს, რათა მან ხანგრძლივი დაკვირვების ქვეშ გამყოფოთ. ამ ინფორმაციის დროულად გაზიარებას შეუძლია თქვენი სიცოცხლე გადაარჩინოს.

ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, უნდა იცოდნენ თუ არა კლინიცისტებმა გეოგრაფიული რისკების სხვაობის შესახებ?

დიახ. მართალია, ლითონის ფოსფიდით მოწამვლა ხშირია ინდოეთში, თუმცა მსგავსი შემთხვევები ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაშიც ფიქსირდება – მაგალითად, პაციენტთა მრავალრიცხოვანი ჯგუფების შესახებ მონაცემები ეგვიპტეშიც გამოვლინდა. კლინიცისტებმა ყველგან უნდა გაითვალისწინონ ეს დიაგნოზი, თუ სიმპტომების მიზეზი აუხსნელია. უჩვეულო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ სამედიცინო კონსულტაციას; სჯობს მდგომარეობა სპეციალისტმა შეაფასოს, ვიდრე შესაძლო მოწამვლა ყურადღების მიღმა დარჩეს.

მძიმე მოწამვლისას, როდესაც სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს, რა არის მკურნალობის უმნიშვნელოვანესი ასპექტი?

პირველ რიგში, აუცილებელია სასუნთქი გზების გამავლობის, სუნთქვისა და ცირკულაციის (ABC) კონტროლი. შეინარჩუნეთ სასუნთქი გზების გამავლობა, უზრუნველყავით ფილტვების ვენტილაცია და შეინარჩუნეთ არტერიული წნევა. თუ ორგანიზმში ადეკვატურ ვენტილაციასა და პერფუზიას შეინარჩუნებთ, ტოქსინის გამოდევნის პროცესში – რაც ხშირად 24-დან 72 საათამდე გრძელდება – ორგანოები ფუნქციების აღდგენას შეძლებს. 

ზოგიერთი ტოქსინის გამოდევნის დაჩქარება ფარმაკოლოგიურად არის შესაძლებელი, სხვების შემთხვევაში კი ვაზოპრესორების გამოყენება ან ფილტვის ხელოვნური ვენტილაციაა საჭირო. ამის კლასიკური მაგალითია ინდური კრაიტის (გველის სახეობა) კბენა: ფილტვები სტრუქტურულად დაუზიანებელია, თუმცა სასუნთქი კუნთები პარალიზებულია. ასეთ დროს პაციენტის გადარჩენა ინტუბაციითა და ფილტვის ხელოვნური ვენტილაციით არის შესაძლებელი, სანამ ორგანიზმიდან შხამი სრულად არ გამოიდევნება. მოწამლული პაციენტის მკურნალობისას იმედს ნურასდროს გადაიწურავთ.

მოწამვლის შემდეგ განვითარებული პირღებინება და დიარეა ორგანიზმის თავდაცვითი მექანიზმია ტოქსინების გამოსადევნად – ეს გადარჩენისკენ მიმართული რეაქციაა. რეალურ საფრთხეს თავად პირღებინება კი არ წარმოადგენს, არამედ ამ დანაკარგებით გამოწვეული გაუწყლოება და ელექტროლიტური დისბალანსი. ამიტომაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დამხმარე თერაპია – სითხეებისა და ელექტროლიტების ბალანსის აღდგენა, სუნთქვის მხარდაჭერა და, საჭიროების შემთხვევაში, ვაზოპრესორების გამოყენება.

როდესაც საქართველო სპეციალიზებული ტოქსიკოლოგიური მომსახურების დანერგვისკენ პირველ ნაბიჯებს დგამს, რა გამოცდილება შეიძლება გაიზიაროს ქვეყანამ ამ ეტაპზე?

ველოსიპედის ხელახლა გამოგონება სულაც არ არის საჭირო. პირველ რიგში, უნდა აღზარდოთ კლინიცისტები, რომლებიც ტოქსიკოლოგიით გულწრფელად არიან დაინტერესებულნი – საქმისადმი სიყვარულს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მეორე მხრივ, აუცილებელია კავშირების დამყარება: საინფორმაციო-ტოქსიკოლოგიური ცენტრები სამკურნალო დაწესებულებებთან უნდა იყოს დაკავშირებული. მოდელები სხვადასხვანაირია: აშშ-ში ტოქსიკოლოგიური ცენტრები დამოუკიდებელ საინფორმაციო სამსახურებს წარმოადგენს, გაერთიანებულ სამეფოში კი არსებობს სპეციალიზებული სამკურნალო განყოფილებები, სადაც რეანიმაციული საწოლებია გამოყოფილი. ტოქსიკოლოგიური ინფორმაციის ინტეგრირება გადაუდებელ და კრიტიკულ მედიცინასთან პაციენტების სწრაფი ტრიაჟისა და მიზანმიმართული მკურნალობის შესაძლებლობას იძლევა.

თუ რესურსები შეზღუდულია, არსებული საშუალებები უნდა გამოიყენოთ: კლინიკური ფარმაკოლოგიის განყოფილებებს შეუძლიათ მიიღონ ზარები მოწამვლის შემთხვევებზე, გაუწიონ კონსულტაცია კლინიცისტებს და დაეხმარონ პაციენტების ტრიაჟში. გადაუდებელი დახმარებისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებს კი შეუძლიათ რამდენიმე საწოლი მოწამლული პაციენტების მკურნალობისთვის გამოყონ. თუ დაფინანსება ამის საშუალებას იძლევა, უმჯობესია სპეციალიზებული ტოქსიკოლოგიური ცენტრებისა და სამკურნალო განყოფილებების შექმნა; სხვა შემთხვევაში კი – მომსახურების ინტეგრირება არსებულ დეპარტამენტებში და პაციენტთა რეფერალის მკაფიო გზების შემუშავება.

გეგმავთ თუ არა საქართველოსთან რაიმე ფორმით თანამშრომლობას?

სიამოვნებით ნებისმიერ დროს! ჩემი მეუღლე და ქალიშვილი ახლაც აქ არიან. მათ ვუთხარი კიდეც, რომ შემიძლია ჩამოვიდე, ვიმუშაო, ჩავატარო ლექციები და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ვიზრუნო. ზიადმა და ისეთმა ორგანიზაციებმა, როგორებიცაა ACMT, MENATOX ვებინარებისა და ტრენინგების ორგანიზებით უდიდესი სამუშაო გასწიეს; მეც ხშირად ვმონაწილეობ ამ აქტივობებში. თუ საქართველოს ჩემი მხარდაჭერა დასჭირდება, მზად ვარ.



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები