სტენფორდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ხელმძღვანელობით ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD), შფოთვითი აშლილობის ან ორივე მდგომარეობის მქონე ბავშვებში ტვინის სამი განსხვავებული ბიოტიპი არსებობს. ჟურნალ Nature Mental Health-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, თითოეული ბიოტიპი ტვინის კონკრეტულ წრედებში არსებული დისფუნქციით ხასიათდება. აღმოჩენა დაეხმარება სპეციალისტებს, უკეთ გაიაზრონ ბავშვთა ასაკის ამ ორი ყველაზე გავრცელებული და ხშირად ურთიერთგადამფარავი ფსიქიკური მდგომარეობის ნეირობიოლოგიური საფუძვლები.
ბიოტიპები ბავშვთა ტვინის ათასობით fMRI (ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია) სკანირების ანალიზის შედეგად გამოვლინდა. კვლევის თანაავტორის, ფსიქიატრიისა და ქცევითი მეცნიერებების ასისტენტ-პროფესორის, დოქტორ იუ ჯანგის განცხადებით, ADHD-ისა და შფოთვის მაღალი თანხვედრა ტრადიციულ, სიმპტომებზე დაფუძნებულ დიაგნოსტიკაში ნეირობიოლოგიური სურათის აღქმას ართულებს. ხშირად, ერთი დიაგნოზის მქონე ბავშვს მეორე მდგომარეობისთვის დამახასიათებელი სიმპტომებიც უვლინდება.
მკვლევრებმა გამოიყენეს Adolescent Brain Cognitive Development (ABCD) კვლევის მონაცემები, რომელიც 11 000-ზე მეტ ამერიკელ ბავშვს აერთიანებს. ანალიზში ჩაერთო 3 508 ბავშვი (რომლებსაც კვლევაში ჩართვისას უკვე ჰქონდათ ADHD-ის, შფოთვის ან ორივეს დიაგნოზი), 693 ბავშვი (რომლებსაც თავდაპირველად დიაგნოზი არ ჰქონდათ, მაგრამ მოგვიანებით დაუსვეს) და 1 947 საკონტროლო ჯგუფის მონაწილე (დიაგნოზის გარეშე). შედეგების ვალიდაციისთვის დამატებით 224 ბავშვის ტვინის სკანირება გამოიყენეს Healthy Brain Network-ის კვლევიდან.
ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებული მოდელის გამოყენებით, მეცნიერებმა გააანალიზეს ტვინის სხვადასხვა უბნის ფუნქციური კავშირები. მოდელმა გამოავლინა ტვინის დისფუნქციის ორი ძირითადი განზომილება: კოგნიტურ-ქცევითი და ემოციურ-ყურადღებითი დისფუნქცია. სწორედ ამ მექანიზმების სხვადასხვაგვარი კომბინაციით ყალიბდება სამი ახალი ბიოტიპი:
-
ექსტერნალიზებულ-დეზინჰიბირებული (Externalizing-disinhibited) ბიოტიპი: ხასიათდება მტრული განწყობით, დაუმორჩილებლობით, იმპულსურობით, აგრესიითა და წესების დარღვევით. ეს ბიოტიპი უფრო ხშირად ADHD-ის დიაგნოზთან ასოცირდება.
-
ინტერნალიზებულ-დისტრესული (Internalizing-distressed) ბიოტიპი: გამოირჩევა დანაშაულის გრძნობით, დაძაბულობით, პერფექციონიზმითა და შფოთვით-დეპრესიული სიმპტომებით. უფრო ხშირად ვლინდება შფოთვითი აშლილობის დიაგნოზის მქონე ბავშვებში.
-
შერეული (Mixed) ბიოტიპი: დაკავშირებულია ყურადღების პრობლემებთან, გაღიზიანებადობასა და თვითდაზიანებისკენ მიდრეკილებასთან.
კვლევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნება ისაა, რომ თითოეული ბიოტიპის აღმოჩენა ტვინის საბაზისო სკანირებით იმ ბავშვებშიც მოხერხდა, რომლებსაც კვლევაში ჩართვის მომენტში დიაგნოზი არ ჰქონდათ, თუმცა ADHD ან შფოთვა მოგვიანებით განუვითარდათ. დოქტორ ჯანგის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ ბიოტიპები შესაძლოა ამ მდგომარეობების ადრეულ ინდიკატორად გამოვიყენოთ, რაც დროული ინტერვენციისა და დაავადების პროგრესირების შეფერხების შესაძლებლობას იძლევა.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ტვინის ბიოტიპები ტრადიციულ, სიმპტომურ დიაგნოსტიკას არ ჩაანაცვლებს, თუმცა ეს ორი მიდგომა ერთმანეთს შეავსებს. ამჟამად, ADHD-ისა და შფოთვითი აშლილობის ოპტიმალური მკურნალობის შერჩევა ხშირად „ცდისა და შეცდომის“ მეთოდით (trial and error) მიმდინარეობს. დოქტორ ჯანგის განმარტებით, ეს ნიშნავს პრაქტიკას, როდესაც ექიმი ნიშნავს ახალ მედიკამენტს და კვირები ან თვეები სჭირდება იმის შეფასებას, მოქმედებს თუ არა ის; უშედეგობის შემთხვევაში კი სხვა პრეპარატზე გადადის, რაც საბოლოოდ ხანგრძლივი, ძვირადღირებული და დამღლელი პროცესია. სამომავლოდ, ახალი ბიომარკერები ექიმებს დაეხმარება, თითოეულ ბიოტიპს ზუსტად მოარგონ სპეციფიკური თერაპია და უზრუნველყონ „სწორი მკურნალობა სწორ დროს“.
წყარო: MedicalXpress

