მარიხუანას ლეგალიზაცია გულის პრობლემებით ჰოსპიტალიზაციის ზრდას დაუკავშირეს — ახალი კვლევა

გააზიარე

ახალი მასშტაბური კვლევის მიხედვით, აშშ-ში მარიხუანას არასამედიცინო მიზნით მოხმარების დაკანონება გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადებებით საავადმყოფოში მოხვედრის გახშირებულ შემთხვევებს უკავშირდება. მკვლევრებმა 50 მილიონზე მეტი პაციენტის ისტორია შეისწავლეს და შედეგები ჟურნალ BMJ Open-ში გამოაქვეყნეს.

მეცნიერებმა 2012-2018 წლებში აშშ-ის დასავლეთის 13 შტატის სამედიცინო მონაცემები გააანალიზეს და მარიხუანას თავისუფალი გაყიდვის დაწყებამდე და მის შემდგომ არსებული პერიოდები იმ რეგიონებს შეადარეს, სადაც მსგავსი კანონი არ მოქმედებს. ლეგალიზაციამდე ამ 13 შტატში კარდიოლოგიური ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი სხვა რეგიონებს ჩამორჩებოდა, კანონის მიღების შემდეგ კი სურათი მკვეთრად შეიცვალა.

სხვა რისკფაქტორების გამორიცხვის შემდეგ დადგინდა, რომ შტატებში, სადაც მარიხუანა დააკანონეს, ყოველწლიური ჰოსპიტალიზაცია სამი მიმართულებით დაჩქარდა:

  • გულის მწვავე უკმარისობით საავადმყოფოში მოხვედრის ტემპი თითქმის 4%-ით გაიზარდა;

  • მიოკარდიუმის ინფარქტით — 3%-ზე მეტად;

  • წინაგულთა ფიბრილაციით (არითმიით) — 2%-ზე მეტად.

იშემიური ინსულტის, თრომბოემბოლიისა და პარკუჭოვანი ტაქიკარდიის შემთხვევებმაც იმატა, მაგრამ ამ მაჩვენებლებს სტატისტიკური სანდოობა დააკლდა.

მკვლევართა განმარტებით, კანაფი გულ-სისხლძარღვთა სისტემას რამდენიმე ფიზიოლოგიური მექანიზმით აზიანებს: ცვლის გულისცემის სიხშირესა და არტერიულ წნევას, ასევე გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე. ამასთან, ლეგალიზაციამ მარიხუანას მოხმარება ხანდაზმულებშიც გაახშირა, რომლებიც კარდიოვასკულური რისკის ჯგუფს ისედაც მიეკუთვნებიან. 2025 წლის ივნისის მონაცემებით, აშშ-ის 24 შტატმა კანაფის თავისუფალი მოხმარება დააკანონა, 41-მა კი — მხოლოდ სამედიცინო მიზნით გამოყენება.

ავტორები აზუსტებენ, რომ დაკვირვებითი კვლევა პირდაპირ მიზეზშედეგობრივ კავშირს ვერ ამტკიცებს, რადგან სამედიცინო ჩანაწერები არ აფიქსირებს, მოიხმარდა თუ არა კონკრეტული პაციენტი კანაფს ჰოსპიტალიზაციამდე.

„დაკვირვებითი კვლევა პირდაპირ მიზეზობრიობას ვერ ადასტურებს, მაგრამ ჩვენი მიგნებები მოსახლეობის ჯანმრთელობაზე კანაფის თავისუფალი მოხმარების პოტენციურ უარყოფით გავლენაზე მიუთითებს“, — წერენ კვლევის ავტორები და ჯანდაცვის სისტემას კარდიოვასკულური რისკების მუდმივი მონიტორინგისკენ მოუწოდებენ.

წყარო: usatoday

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები