ბავშვები, რომლებიც სოციალურ ქსელებს საშუალო სკოლის დაწყებისას ქმნიან, ტესტებში უფრო დაბალ შეფასებებს იღებენ, ვიდრე მათი თანატოლები, რომლებიც ამ პროცესს რამდენიმე წლით ავადებენ. University of Milano-Bicocca-ს მეცნიერების მიერ ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ 11-დან 12 წლამდე ასაკში სოციალური მედიის მომხმარებელი მოსწავლეების ქულები მათემატიკასა და მშობლიურ ენაში საგრძნობლად ჩამოუვარდება იმ ბავშვების შედეგებს, რომლებმაც სოციალური ქსელების გამოყენება მოგვიანებით, მინიმუმ 14 წლის ასაკში დაიწყეს. 16 წლის ასაკისთვის ამ ორ ჯგუფს შორის აკადემიური სხვაობა დაახლოებით ექვსი თვის სასწავლო მასალის ათვისების ტოლფასია.
კვლევა, რომლის შედეგებიც ჟურნალ Nature Human Behaviour-ში გამოქვეყნდა, 5 000-ზე მეტი იტალიელი სკოლის მოსწავლის სოციალური მედიის ჩვევებსა და სტანდარტიზებულ გამოცდებში მათ შედეგებს დაეყრდნო. მკვლევრებმა, Marco Gui-ს ხელმძღვანელობით, გაითვალისწინეს ყველა ისეთი თანმდევი ფაქტორი, როგორიცაა ოჯახის სტრუქტურა, მშობლების განათლება და ბავშვების აკადემიური მოსწრება სოციალურ ქსელებამდე. აღსანიშნავია, რომ აკადემიური მოსწრების გაუარესება დაფიქსირდა მათემატიკასა და მშობლიურ ენაში, თუმცა სოციალურ მედიას უარყოფითი გავლენა არ ჰქონია ინგლისურ ენაში შედეგებზე, რაც სავარაუდოდ პლატფორმებზე ინგლისურენოვანი კონტენტის სიუხვით და ენასთან მუდმივი, თუნდაც გაუაზრებელი შეხებით აიხსნება.
აკადემიური ჩამორჩენის ერთ-ერთ მთავარ განმაპირობებელ ფაქტორად სმარტფონების მუდმივი შემოწმების ჩვევა სახელდება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სოციალური ქსელები მოზარდებს განუწყვეტელი განგაშის მდგომარეობაში ამყოფებს, რაც მათ ყურადღებას ფანტავს, ხელს უშლის ფიზიკურ გარემოსთან კონტაქტში და ართულებს დავალებებზე კონცენტრირებას.
კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ პრობლემა თავად პლატფორმების არქიტექტურაშია. მათი აზრით, მხოლოდ ასაკობრივი შეზღუდვები, რასაც ამჟამად ავსტრალია და დიდი ბრიტანეთი გეგმავენ, პრობლემას სრულად ვერ მოაგვარებს და აკრძალვებთან ერთად გაცილებით მნიშვნელოვანია მოზარდებს სოციალურ ქსელებთან ჯანსაღი ურთიერთობის ჩვევები გამოუმუშავდეთ.
წყარო: Nature

