ტრანსპორტის ხმაური გულის დაავადებების განვითარების რისკს ზრდის — ჯანსაღი ძილის პირობებშიც კი

გააზიარე

მეცნიერები დაინტერესდნენ, იცვლებოდა თუ არა ტრანსპორტის ხმაურის გავლენა გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობაზე ადამიანის ძილის ხარისხის მიხედვით და შეეძლო თუ არა ჯანსაღ ძილს ორგანიზმის დაცვა ამ მავნე ზემოქმედებისგან.

ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) ახალი, წინასწარი კვლევის თანახმად, ძილის ხარისხს ამ კავშირში დამცავი როლი არ აღმოაჩნდა და ეს კავშირი მსგავსი იყო როგორც დარღვეული, ისე სრულიად ჯანსაღი ძილის მქონე ადამიანებში. ტრანსპორტის ხმაურის მაღალი დონე გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ისეთი რისკ-ფაქტორების განვითარებას უკავშირდება, როგორებიცაა: მაღალი ქოლესტერინი, ჰიპერტენზია და დიაბეტი.

იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ადამიანს მშვიდად სძინავს და არ ეღვიძება, ხმაურმა შესაძლოა ორგანიზმის სტრესული რეაქცია გამოიწვიოს — გაააქტიუროს სიმპათიკური ნერვული სისტემა და ხელი შეუწყოს სტრესის ჰორმონების, მათ შორის ადრენალინისა და კორტიზოლის, გამოყოფას. ამ რეაქციის განმეორებამ შესაძლოა დროთა განვაბლობაში ხელი შეუწყოს არტერიული წნევის მატებას, სისხლძარღვთა ფუნქციის დარღვევასა და ანთებითი პროცესების გააქტიურებას.

კვლევის შედეგები წარდგენილი იქნება ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) სამეცნიერო სესიებზე, რომელიც 2026 წლის 6-9 ნოემბერს ჩიკაგოში გაიმართება.

კვლევის ძირითადი მიგნებები

მკვლევრებმა Mass General Brigham-ის ბიობანკის მონაცემთა ბაზიდან 108 051 ზრდასრული ადამიანის (მედიანური ასაკი — 57 წელი; 58% ქალი) 2010 – 2020 წლების სამედიცინო ჩანაწერები, ცხოვრების წესის გამოკითხვები და აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტის ხმაურის მონაცემები გააანალიზეს.

მონაწილეთა 34.7%-ს აღენიშნებოდა ძილის დარღვევები, მათ შორის: ძილის აპნოე, ინსომნია, ძილში სიარული, ღამის შიშები, ჰიპერსომნია (ჭარბი ძილიანობა), ნარკოლეფსია (დღისით უეცარი ჩაძინების სინდრომი) ან ღამეში 7 საათზე ნაკლები ან 9 საათზე მეტი ძილი.

მონაცემთა ანალიზით გამოვლინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი კავშირი ტრანსპორტის ხმაურის დონესა და კარდიოვასკულურ პათოლოგიებს შორის:

რისკ-ფაქტორების მატება: ტრანსპორტის მომატებული ხმაურის (50 დეციბელზე მეტი) ზემოქმედება დაკავშირებული იყო გულის დაავადებების ძირითადი რისკ-ფაქტორების (მაღალი ქოლესტერინის, ჰიპერტენზიისა და დიაბეტის) განვითარების მაჩვენებლის 8%–10%-იან ზრდასთან.

კონკრეტული რისკ-ფაქტორები: ცალკეული რისკ-ფაქტორების ანალიზისას ტრანსპორტის ხმაურის ზემოქმედებასთან ყველაზე მჭიდრო კავშირი გამოვლინდა მაღალ ქოლესტერინთან, რასაც მოსდევდა მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია) და შაქრიანი დიაბეტი.

მძიმე კარდიოვასკულური მოვლენები: ტრანსპორტის 50 დეციბელზე მაღალი ხმაურის ზემოქმედება დაკავშირებული იყო გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე მოვლენების განვითარების უფრო მაღალ ალბათობასთან. ეს კავშირი შენარჩუნდა ასაკის, სქესისა და ძილის ხარისხის გათვალისწინების შემდეგაც.

სხვა შესაძლო გავლენები: ტრანსპორტის ხმაურსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკებს შორის კავშირი შენარჩუნდა ჰაერის დაბინძურების, შემოსავლის დონის, დეპრესიისა და შფოთვის გათვალისწინების შემდეგაც.

რა ითვლება საშიშ ხმაურად?

კვლევაში შესწავლილი იყო საცხოვრებელ ზონებში არსებული 24-საათიანი საშუალო ხმაურის დონე და არა პიკური მაჩვენებლები.

მონაწილეთა 54.5% იმყოფებოდა 45 დეციბელზე მაღალი ხმაურის ზონაში, ხოლო 33% განიცდიდა 50 დეციბელზე მაღალი ხმაურის ზემოქმედებას.

შედარებისთვის, 45-50 დეციბელი შეესაბამება ზომიერ წვიმას ან საშუალო ხმაზე კლავიატურაზე ბეჭდვას. სადღეღამისო საშუალო მაჩვენებლის მიღმა პიკური ხმაური გაცილებით მაღალია — მაგალითად, მეტროსადგურში მატარებლების მოძრაობის გარეშე ხმაურის საშუალო დონე დაახლოებით 75 დეციბელია, ხოლო მატარებლის მოძრაობისას 100 დეციბელს აღემატება.

კვლევის შეზღუდვები

ავტორები მიუთითებენ, რომ კვლევა ეფუძნება უკვე არსებული სამედიცინო მონაცემების ანალიზს (რეტროსპექტიული დიზაინი), რაც პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დამტკიცების საშუალებას არ იძლევა. გარდა ამისა, ვინაიდან ხმაურის წყაროები (საავტომობილო, სარკინიგზო და საავიაციო) გაერთიანებულად შეფასდა, მათი ინდივიდუალური გავლენა არ განსაზღვრულა.

პრევენცია და რეკომენდაციები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ხმაურს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერიოზულ რისკად მიიჩნევს და გარემოსდაცვითი ხმაურის ზღვრული ლიმიტების დაწესების რეკომენდაციას იძლევა.

ამასთან, ხმაურის მავნე ეფექტის შესამცირებლად სპეციალისტები ინდივიდუალური დაცვის რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას გამოყოფენ, მათ შორის: საცხოვრებელში ხმის იზოლაციის გასაუმჯობესებლად სქელი თაბაშირ-მუყაოს, ხმაგაუმტარი კარებისა და ფანჯრების გამოყენებას; საძინებელი ოთახების განთავსებას სახლის ყველაზე მშვიდ და წყნარ მხარეს; ეზოში მჭიდროდ ხეებისა და მცენარეების დარგვას ხმაურის შთანთქმისთვის და ძილის დროს ყურის საცობების (Earplugs) გამოყენებას.

„ეს კვლევა ამყარებს იმ მზარდ მტკიცებულებებს, რომლებიც აჩვენებს, რომ გარემო ფაქტორები — ჰაერის დაბინძურება, ხმაური, ხელოვნური განათება, ქიმიური დამაბინძურებლები და კლიმატური ცვლილებები — შესაძლოა მნიშვნელოვან როლს თამაშობდეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გავრცელებაში, რაც სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია მთელ მსოფლიოში,“ — აღნიშნავს დოქტორი კით ჩერჩუელი, გარემო ფაქტორებისა და გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის შესახებ AHA-ს ერთობლივი სამეცნიერო განცხადების თანაავტორი.

წყარო: Medicalxpress

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები