„აი, რატომ არასდროს ვიტყვი ალკოჰოლზე უარს“ – პრევენციული მედიცინის დოქტორი, საიმონ ფელდჰაუსი

გააზიარე

პრევენციული მედიცინის ექიმი საიმონ ფელდჰაუსი „ტელეგრაფთან“ ინტერვიუში განმარტავს, თუ რატომ არ ემხრობა აკრძალვებს, მათ შორის, ალკოჰოლის შემთხვევაში, თუ ხანგრძლივად და ჯანმრთელად ცხოვრება გვსურს. როგორც ის განმარტავს, „ალკოჰოლი ტოქსინია, თუმცა ჩვენი დამოკიდებულება მის მიმართ გაცილებით კომპლექსურია, ვიდრე ის შიშზე დაფუძნებული ნარატივი, რომელსაც ჯანდაცვის სპეციალისტები ხშირად გვახვევენ თავს“.

ექიმი ალკოჰოლთან მიმართებაში საკუთარ დამოკიდებულებას აღწერს როგორც „სიამოვნებას, მაგრამ საზღვრების დაცვით“.

„ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე  ზრუნვა გონივრულია – ვის არ სურს, რაც შეიძლება დიდხანს დატკბეს ცხოვრებით? მაგრამ რა აზრი აქვს ხანგრძლივ სიცოცხლეს, თუ ის სავსეა შეზღუდვებითა და აკრძალვებით და სიხარულს არის მოკლებული? 58 წლის ასაკში მეგობრებთან გატარებული ჩემი საუკეთესო მოგონებები ნამდვილად უკავშირდება ღვინოს ან ლუდს. ერთად ვახშმობა, სასმლის დაგემოვნება, სიცილი და ამბების გაზიარება წლების განმავლობაში უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა, ამიტომ ამის შეწყვეტას ნამდვილად არ ვგეგმავ. იმას არ ვამტკიცებ, რომ ალკოჰოლი აუცილებელი ან სრულიად უსაფრთხოა, თუმცა მიმაჩნია, რომ ჩვენი დამოკიდებულება მასთან ბევრად უფრო მრავალმხრივია, ვიდრე დღეს მოდაში შემოსული, შიშზე აგებული მიდგომა.

თანამედროვე მედიცინის დიდი ნაწილი სწორედ შიშით არის მოტივირებული: საკვების შიში, ალკოჰოლის შიში, ცხოვრების შიში. თუმცა, სამედიცინო პრაქტიკის სამმა ათწლეულმა მასწავლა, რომ ადამიანის მიერ განცდილ ყველა ემოციას შორის, ორგანიზმისთვის ყველაზე ტოქსიკური თავად შიშია, – განმარტა პრევენციული მედიცინის დოქტორმა (Longevity doctor) საიმონ ფელდჰაუსმა.

ექიმმა ასევე დასძინა, რომ ალკოჰოლი ტოქსინია და ადამიანის ორგანიზმში არანაირ სასიცოცხლოდ აუცილებელ ბიოლოგიურ როლს არ ასრულებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნით, მოხმარებისთვის ალკოჰოლის უსაფრთხო რაოდენობა არ არსებობს.

მისივე თქმით, ჩვენი გენეტიკა განსაზღვრავს, თუ რა რაოდენობით ალკოჰოლის „ატანა“ შეუძლია ორგანიზმს:

„ქიმიური გარდაქმნების შესასრულებლად ღვიძლი ეყრდნობა ფერმენტებს – რომელთაგან ყველაზე ცნობილი ციტოქრომის სისტემაა –  ხოლო ამ ფერმენტების წარმოქმნის ინსტრუქცია ჩვენს დნმ-შია ჩაწერილი. ზოგიერთი ადამიანი ამ ფერმენტებს ძალიან ეფექტურად გამოიმუშავებს და შეუძლია გონივრული რაოდენობის ალკოჰოლი უპრობლემოდ აიტანოს, მაშინ როცა სხვები მათ სუსტად გამოიმუშავებენ ან გარკვეული ფერმენტები საერთოდ არ გააჩნიათ. ამას გენეტიკური პოლიმორფიზმი ეწოდება და სწორედ ის ხსნის, რატომ რეაგირებს ერთნაირი ცხოვრების წესის მქონე ორი ადამიანი სრულიად განსხვავებულად ალკოჰოლზე, მედიკამენტებსა თუ დანამატებზე“, – განმარტა მან.

ექიმი საიმონ ფელდჰაუსი სარეაბილიტაციო კლინიკის (The Balance Rehab Clinic) შვეიცარიული ფილიალის მთავარი ექიმი და დაბერების საწინააღმდეგო და პრევენციული მედიცინის შვეიცარიული საზოგადოების (SSAAMP) პრეზიდენტია. იგი 15 წელია „დღეგრძელობის მედიცინის“ (Longevity Medicine) მიმართულებით მუშაობს.

წყარო: Telegraph.co.uk

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები