მეცნიერთა განცხადებით, ფსიქოდელიურ ნივთიერება DMT-ს (დიმეთილტრიპტამინი), ფსიქოთერაპიასთან კომბინაციაში, დეპრესიის მძიმე ფორმების მქონე პაციენტებში მდგომარეობის სწრაფი და ხანგრძლივი გაუმჯობესება შეუძლია.
კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ პრეპარატის მხოლოდ ერთმა დოზამაც კი სიმპტომები მნიშვნელოვნად შეამცირა, შედეგი კი ზოგიერთ პაციენტში ექვსი თვის განმავლობაში შენარჩუნდა.
პრეპარატი ტვინს ჩამოყალიბებული, არაჯანსაღი აზროვნების შაბლონების დამსხვრევაში ეხმარება და პაციენტს საშუალებას აძლევს, ფსიქოთერაპიის დახმარებით ახალი, პოზიტიური აზრები იპოვოს.
კვლევაში მონაწილეობდნენ ადამიანები „რეზისტენტული დეპრესიით“, რომლებზეც სტანდარტული ანტიდეპრესანტები აღარ მოქმედებდა. შედეგებმა აჩვენა, რომ მათში, ვინც DMT მიიღო, დეპრესიის დონე პლაცებოს ჯგუფთან შედარებით მკვეთრად დაეცა.
DMT სამხრეთ ამერიკული რიტუალური სასმელის, აიაჰუასკას (Ayahuasca) აქტიური ინგრედიენტია და სხვა მსგავს ფსიქოდელიკებთან შედარებით, სამედიცინო პრაქტიკისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობით გამოირჩევა.
ამ ნივთიერების მთავარი პლუსი მოქმედების ხანმოკლე დროა: ეფექტი დაახლოებით 25 წუთს გრძელდება. ეს ფაქტორი კლინიკური მართვისთვის ბევრად უფრო მოსახერხებელია, განსხვავებით სხვა ნივთიერებებისგან, რომელთა მოქმედებაც შესაძლოა რამდენიმე საათს გაგრძელდეს.
თუმცა, მიუხედავად დროის სიმცირისა, DMT გამოირჩევა განსაკუთრებული ინტენსივობით, რაც პაციენტისგან დიდ ემოციურ ძალისხმევას, სპეციალისტებისგან კი მუდმივ და მაღალკვალიფიციურ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას მოითხოვს.
მსოფლიოში დაახლოებით 100 მილიონ ადამიანს აქვს დეპრესია, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ფსიქოდელიური თერაპია მათთვის გამოსავალი გახდება.
წყარო: Nature

