აკადემიური განათლების როლი საექთნო საქმეში

გააზიარე

ჯანდაცვის სისტემაში საექთნო საქმე ხანგრძლივი დროის განმავლობაში მხოლოდ დამხმარე, ტექნიკურ ფუნქციად აღიქმებოდა. თუმცა, თანამედროვე სამედიცინო სტანდარტები ექთნისგან არა მხოლოდ პრაქტიკულ უნარებს, არამედ აკადემიურ მომზადებასა და კლინიკურ აზროვნებას მოითხოვს. სწორედ ამ ფუნდამენტური გარდაქმნის იდეით შეიქმნა საქართველოს უნივერსიტეტის საექთნო საქმის საბაკალავრო პროგრამა, რომლის ხელმძღვანელიც არის მაია გოგაშვილი.

მისი ავტორობითა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შექმნილი კურიკულუმი ევროსაბჭოს დირექტივებსა და ამერიკულ საგანმანათლებლო მოდელებს ეფუძნება. ინტერვიუში რესპონდენტი საექთნო განათლების ახალ ერაზე, ექთნის, როგორც პაციენტის უსაფრთხოების მთავარი გარანტიის მნიშვნელობასა და იმ გლობალურ გამოწვევებზე გვესაუბრება, რომლებსაც დღეს ქართული მედიცინა აწყდება.

როგორ ჩამოყალიბდა საქართველოს უნივერსიტეტში საექთნო საქმის საბაკალავრო პროგრამა და საერთაშორისო განათლების რომელი სტანდარტები იქცა თქვენთვის მთავარ ორიენტირად?

საქართველოს უნივერსიტეტი აღმოჩნდა პირველი და ერთადერთი საგანმანათლებლო სივრცე, რომელმაც საექთნო დარგში ნოვატორული სწავლების შემოტანის მზაობა გამოთქვა. პროგრამაზე მუშაობა 2011 წლის ბოლოს დავიწყეთ; 2012 წელს ინგლისურენოვანმა პროგრამამ წარმატებით გაიარა აკრედიტაცია, ხოლო 2014 წელს მას ქართულენოვანი მიმართულებაც დაემატა. აღსანიშნავია, რომ საექთნო საქმე მსოფლიოს ქვეყნების 97%-ში რეგულირებადი პროფესიაა. საქართველო იმ მცირე გამონაკლისებს მიეკუთვნებოდა, სადაც ეს დარგი ნორმატიული კონტროლის მიღმა რჩებოდა, თუმცა 2024 წლიდან პროფესია ჩვენს ქვეყანაშიც რეგულირებადი გახდა.

საბაკალავრო პროგრამის სტრუქტურა, უპირველეს ყოვლისა, ევროსაბჭოს დირექტივებს ეფუძნება. ვინაიდან ეს სფერო მკაცრად რეგულირდება, დირექტივები დეტალურად განსაზღვრავს კრედიტების რაოდენობას, კრიტერიუმებსა და იმ კომპეტენციებს, რომლებსაც სტუდენტი უნდა ფლობდეს. როგორც ბოლონიის პროცესის მონაწილე ქვეყანა, ჩვენ ვიყენებთ იდენტურ საკრედიტო სისტემას, რაც ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობას უზრუნველყოფს. ამასთანავე, პროგრამა სრულად აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უმაღლესი განათლების VI საფეხურის კრიტერიუმებს.

პროგრამის შემუშავების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები საერთაშორისო ექსპერტებიც, მათ შორის მორაგ მაკკორმიკი შოტლანდიიდან და მაიკლ ვეინჰარა გერმანიიდან. ასევე, ფართოდ არის გაზიარებული ამერიკული გამოცდილებაც – როგორც პროგრამის ავტორს, ემორის უნივერსიტეტში (Emory University) მაქვს მიღებული სპეციალიზებული განათლება საექთნო საბაკალავრო მოდელების შექმნის მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენი კურიკულუმი წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტებისა და ადგილობრივი მოთხოვნების სინთეზს.

რით განსხვავდება საბაკალავრო პროგრამა ტრადიციული პროფესიული მომზადებისგან და რა კონკრეტულ კომპეტენციებს სძენს ის სტუდენტს?

საქართველოში შემუშავებული გვაქვს საექთნო საქმის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი, რომელიც უმაღლესი განათლების მქონე ექთნისთვის ცამეტ ძირითად კომპეტენციას განსაზღვრავს. საინტერესოა, რომ თუ ექიმისა და ექთნის კომპეტენციებს შევადარებთ, აღმოვაჩენთ, რომ ისინი მხოლოდ ორი-სამი ძირითადი ასპექტით განსხვავდება, მაგალითად: თუ ექიმის ფუნქცია მედიკამენტური თერაპიის დანიშვნაა, ბაკალავრი ექთნისგან ფარმაკოლოგიის ღრმა ცოდნა და მუდმივი მონიტორინგი მოითხოვება. გარდა ამისა, ექთნის საქმიანობის საფუძველს საექთნო პროცესის სრულყოფილი მართვა წარმოადგენს. სხვა დანარჩენი კომპეტენციები თითქმის ანალოგიურია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ თანამედროვე ექთნის მიმართ მოთხოვნები საკმაოდ მაღალია – იგი უნდა ფლობდეს როგორც ფუნდამენტურ თეორიულ ცოდნას, ისე დახვეწილ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.

რაც შეეხება განსხვავებას პრაქტიკოსი ექთნის პროფესიულ პროგრამასა და ბაკალავრიატს შორის, ეს საკითხი საქართველოში ხშირად არასწორად აღიქმება. მსოფლიო პრაქტიკით, ბაკალავრი ექთანი არის პროფესიონალი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს პაციენტის მდგომარეობის შეფასებას, სვამს საექთნო დიაგნოზს და ადგენს მოვლის ინდივიდუალურ გეგმას. ამასთანავე, ბაკალავრის ხარისხი ექთანს ანიჭებს პაციენტის განათლების უნიკალურ კომპეტენციას, თუმცა აქ არ იგულისხმება კონსულტირება ან რჩევის მიცემა; ეს არის ფორმალური საგანმანათლებლო პროცესი, რაც პედაგოგიკის საფუძვლების ცოდნას მოითხოვს.

მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რომ ბაკალავრი ექთნის სტატუსი არ ათავისუფლებს სპეციალისტს პაციენტის ყოველდღიური მოვლისა თუ ჰიგიენური პროცედურებისგან. პირიქით, იგი ამ პროცესს აერთიანებს პაციენტის მდგომარეობის უწყვეტ შეფასებასთან. გარდა ამისა, საბაკალავრო პროგრამა მოიცავს ისეთ აკადემიურ საფუძვლებს, როგორიცაა კვლევის მეთოდოლოგია, სოციოლოგია და ფსიქოლოგია. ეს მასალები საკმაოდ მოცულობითია და ქმნის აუცილებელ ბაზას განათლების შემდგომი საფეხურებისთვის – მაგისტრატურისა და დოქტორანტურისთვის. შესაბამისად, საბაკალავრო განათლება ექთანს არა მხოლოდ პრაქტიკოსად, არამედ კლინიკურ მოაზროვნედ და მკვლევრად აყალიბებს.

რატომ არის აუცილებელი, რომ თანამედროვე ჰოსპიტალურ სექტორში ექთანი იყოს აკადემიურად მომზადებული და არა მხოლოდ ტექნიკური უნარების მქონე? 

საექთნო საქმე დღეს იმდენად კომპლექსური გახდა, რომ მისი შედარება თუნდაც ნახევარი საუკუნის წინანდელ პრაქტიკასთან შეუძლებელია. თანამედროვე ექთანი უნდა ფლობდეს მულტიპროფილურ ცოდნას, რაც მოიცავს როგორც ღრმა კლინიკურ მომზადებას, ისე მაღალტექნოლოგიურ აპარატურასთან მუშაობის უნარს.

ბაკალავრი ექთნის განათლება პირდაპირ აისახება სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და პაციენტის უსაფრთხოებაზე. ექთანი, ფაქტობრივად, არის „ბოლო ბარიერი“ პაციენტსა და შესაძლო სამედიცინო შეცდომას შორის. საექიმო ცდომილების შემთხვევაშიც კი, სწორედ აკადემიურად მომზადებულ ექთანს აქვს იმის კომპეტენცია, რომ შენიშნოს უზუსტობა, მოახდინოს რეაგირება და თავიდან აიცილოს ფატალური შედეგი.

საქართველოში დღეს ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა საექთნო პედაგოგიკაა. ხშირად ექთნებს კვლავ ექიმები ასწავლიან, რაც დარგის განვითარებას აფერხებს, რადგან საექთნო შეფასება და მოვლის სპეციფიკური პროტოკოლები მხოლოდ ამ დარგის პროფესიონალმა უნდა ასწავლოს. საქართველოს უნივერსიტეტს აქვს იმის რესურსი, რომ ჰყავდეს საერთაშორისო დონეზე გადამზადებული ექთან-პედაგოგები, რომლებმაც ზუსტად იციან საექთნო საქმის ნიუანსები.

მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რომ სპეციალიზაცია – იქნება ეს საოპერაციო საქმე, ფსიქიატრია, კრიტიკული მედიცინა თუ პირველადი ჯანდაცვა – მხოლოდ საბაკალავრო განათლების ბაზაზეა შესაძლებელი. პროფესიული მომზადება არ არის საკმარისი იმ მაღალი რგოლის კომპეტენციებისთვის, რასაც საერთაშორისო სტანდარტები მოითხოვს. ეს არ არის „ველოსიპედის გამოგონება“, ეს არის მსოფლიო პრაქტიკა, რომელსაც საქართველოც უნდა შეუერთდეს, თუ გვსურს ხარისხიანი და უსაფრთხო ჯანდაცვის სისტემის შენარჩუნება.

როდესაც აკადემიური განათლების უპირატესობაზე ვსაუბრობთ, ეს მხოლოდ თეორიული მოსაზრება არ არის. კონკრეტულად რას გვეუბნება საერთაშორისო სტატისტიკა – როგორ ცვლის ბაკალავრი ექთანი პაციენტის გადარჩენის შანსებს და კლინიკურ გამოსავალს?

საერთაშორისო პრაქტიკაში არსებობს ფუნდამენტური კვლევები, რომლებიც პირდაპირ ადასტურებს კავშირს ექთნის განათლებასა და პაციენტის გადარჩენის მაჩვენებელს შორის. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რეტროსპექტიული კვლევა, რომელიც ტურკუს უნივერსიტეტის (ფინეთი) პროფესორებმა ევროპის ცხრა ქვეყანაში ჩაატარეს, აჩვენებს, რომ იმ კლინიკებში, სადაც რეგისტრირებული ექთნების უმრავლესობას (დაახლოებით 60-70%-ს) საბაკალავრო ან უფრო მაღალი აკადემიური ხარისხი ჰქონდა, პაციენტთა სიკვდილიანობა საშუალოდ 7%-ით ნაკლები იყო. გარდა გადარჩენის მაჩვენებლისა, აკადემიური მომზადება პირდაპირ აისახება ისეთ მნიშვნელოვან კრიტერიუმებზე, როგორიცაა ერთი კვირის ვადაში პაციენტის ხელმეორე ჰოსპიტალიზაციის შემცირება და პოსტოპერაციული გართულებების პრევენცია.

საქართველოში ამ მხრივ ბევრი გამოწვევა გვაქვს. ჯერ კიდევ 10 წლის წინ ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც 2400-ზე მეტი რესპონდენტი (პაციენტი, ექიმი და ექთანი) მონაწილეობდა, საკმაოდ სავალალო სურათი აჩვენა: პაციენტების თითქმის 90%-ს მიაჩნდა, რომ სასიცოცხლო ნიშნების შეფასება თუ ჰიგიენაზე ზრუნვა ექთნის კომპეტენცია არ იყო. ეს მიუთითებს იმაზე, რომ საზოგადოებას არ ჰქონდა სათანადო გამოცდილება და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას უნდა მოიცავდეს პროფესიული საექთნო მოვლა.

დღეს ჩვენ ვგეგმავთ ახალ, სიღრმისეულ კვლევას, სადაც შევადარებთ პრაქტიკოსი და ბაკალავრი ექთნების მიერ განხორციელებულ მოვლას. ეს დაგვეხმარება დავინახოთ, კონკრეტულად რა კომპონენტები აკლია დღეს ჩვენს პაციენტს და როგორ შეიძლება ამ დანაკლისის შევსება აკადემიური განათლების გზით. კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ კვალიფიციური ექთანი არა მხოლოდ ტექნიკური შემსრულებელი, არამედ პაციენტის უსაფრთხოების მთავარი გარანტია.

იმის გათვალისწინებით, რომ ქართულენოვანი საექთნო საქმის სახელმძღვანელოები პრაქტიკულად არ მოიპოვება, როგორ უმკლავდებით ამ პრობლემას სასწვალო პროცესში და რა გზით უზრუნველყოფთ სტუდენტების წვდომას უახლეს მასალებზე?

საექთნო საქმეში თანამედროვე ქართულენოვანი ლიტერატურის შექმნის მცდელობები არსებობს – მაგალითად, „ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის“ მხარდაჭერით სს „ევექსის ჰოსპიტლების“ ჩართულობით რამდენიმე წიგნი მომზადდა, თუმცა ისინი მნიშვნელოვნად ჩამორჩება თანამედროვე მოთხოვნებს. პროფესიული ლიტერატურის თარგმნა მხოლოდ შრომატევადი პროცესი არ არის; ის კოლოსალურ ფინანსებთან და მკაცრ საავტორო უფლებებთანაა დაკავშირებული. საქართველოს უნივერსიტეტს ჰქონდა მცდელობა, შეესყიდა თარგმნის უფლება, თუმცა საერთაშორისო გამომცემლობების პოლიგრაფიული მოთხოვნები ერთეული წიგნის თვითღირებულებას იმდენად ზრდიდა, რომ მისი რეალიზაცია პრაქტიკულად შეუძლებელი ხდებოდა.

აქედან გამომდინარე, ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ: მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა ქართულენოვანია, მისაღებ გამოცდებზე სტუდენტებისთვის სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა. ლექციები, პრეზენტაციები და დამხმარე მასალები ქართულ ენაზეა მომზადებული, თუმცა ძირითადი პროფესიული ლიტერატურა კვლავ ინგლისურენოვანი რჩება.

ეს გადაწყვეტილება სტრატეგიულია: სამედიცინო სფეროში პროგრესი იმდენად სწრაფია, რომ თარგმანი უბრალოდ ვერ დაეწევა უახლეს სამეცნიერო მიღწევებსა და გაიდლაინებს. თუ გვსურს, რომ ჩვენი სტუდენტები გლობალურად კონკურენტუნარიანები იყვნენ, მათ ინფორმაცია პირველწყაროდან, იმ ენაზე უნდა მიიღონ, რომელზეც თანამედროვე სამედიცინო ლიტერატურა იქმნება. ამდენად, ჩვენ სტუდენტებს ვთავაზობთ ქართულენოვან აკადემიურ ბაზას, რომელიც გამყარებულია უახლესი საერთაშორისო რესურსებით.

თეორიული ცოდნა მნიშვნელოვანია, მაგრამ საექთნო საქმე წარმოუდგენელია პრაქტიკის გარეშე. რა რესურსებს სთავაზობს უნივერსიტეტი სტუდენტებს – გაქვთ თუ არა სიმულაციური ცენტრები, სადაც ისინი რეალურ კლინიკურ გარემომდე გადიან მომზადებას?

ჩვენს სტუდენტებს მართლაც გამორჩეული სიმულაციური გარემო ხვდებათ, რომელიც უახლესი მანიკენებითა და სიმულატორებითაა აღჭურვილი. განსაკუთრებით საამაყოა ქავთარაძის კამპუსში არსებული დამოუკიდებელი მუშაობის სივრცე. ეს არის ადგილი, სადაც სტუდენტს შეუძლია ნებისმიერ დროს მივიდეს და დამოუკიდებლად ივარჯიშოს იმ პრაქტიკული უნარების დახვეწაზე, რომლებსაც ლაბორატორიულ მეცადინეობებზე ეუფლება. თითოეული სამუშაო სადგური, მაგალითად – შარდის ბუშტის კათეტერიზაციისთვის განკუთვნილი კუთხე, აღჭურვილია მონიტორით, სადაც პროტოკოლით გათვალისწინებული პროცედურაა ნაჩვენები. სტუდენტი ეტაპობრივად მიჰყვება ინსტრუქციას და იმდენჯერ იმეორებს მანიპულაციას, რამდენიც მის სრულყოფილად ათვისებას სჭირდება.

გარდა სიმულაციური სწავლებისა, ჩვენ გვაქვს კლინიკური პრაქტიკის სრულიად განსხვავებული მოდელი, რომელიც ამერიკულ პრაქტიკას ეფუძნება. ვინაიდან საქართველოში საავადმყოფოებში ჯერ კიდევ არ გვყავს რეგისტრირებული ბაკალავრი ექთნები, რომელთა მუშაობაზე დაკვირვებაც სტუდენტს შეეძლებოდა, ჩვენი კლინიკური მენტორები ერთდროულად მასწავლებლისა და „თარჯიმნის“ როლს ასრულებენ. კლინიკური პრაქტიკა დღეში 7-8 საათს გრძელდება და ყოველი დღე წინასწარ გაწერილი კონკრეტული გეგმითაა დატვირთული.

სწავლება ეტაპობრივია: თუ პირველ კვირას სტუდენტი უნივერსიტეტის „სიმულაციურ ჰოსპიტალში“ თავისა და კისრის საექთნო შეფასებას სწავლობს, კლინიკაში მისული ამას უკვე რეალურ პაციენტზე ახორციელებს და შესაბამის საექთნო დოკუმენტაციას ავსებს. შემდეგ კვირას პროგრამას ემატება ფილტვებისა და გულის აუსკულტაცია, გულმკერდის შემოწმება და ა.შ.

საქართველოს უნივერსიტეტში შევიმუშავეთ საექთნო კლინიკური პრაქტიკის მენტორების მომზადების სპეციალური კურსი, რომელსაც სულ მალე სხვა უნივერსიტეტებსაც შევთავაზებთ. ჩვენი მიზანია, მაღალი ხარისხის საექთნო განათლება მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგოს. ეს პრინციპულია არა მხოლოდ ადგილობრივი ჯანდაცვისთვის, არამედ ქვეყნის პრესტიჟისთვისაც – ნებისმიერმა სტუდენტმა, რომელიც საქართველოს დატოვებს, უნდა შეძლოს საერთაშორისო სალიცენზიო გამოცდების წარმატებით ჩაბარება და პროფესიული საქმიანობის გაგრძელება საზღვრებს გარეთ.

მიუხედავად ბაკალავრიატის ასეთი მნიშვნელობისა, რატომ არ გვაქვს მასობრივი მოთხოვნა ამ ხარისხზე და რა უშლის ხელს ექთნებს საქართველოში – ფინანსური ბარიერები, დროის დეფიციტი თუ მოტივაციის ნაკლებობა?

თქვენ ძალიან მტკივნეულ საკითხს შეეხეთ. საქართველოში საექთნო საქმეზე მოთხოვნის კლება, პირველ რიგში, პროფესიის დაბალი სტატუსითა და არასათანადო დაფასებითაა განპირობებული. დაბალი ანაზღაურება, სოციალური გარანტიების არქონა და მძიმე სამუშაო პირობები ამ დარგს ახალგაზრდებისთვის ნაკლებად მიმზიდველს ხდის. როდესაც ადამიანს არ აქვს სოციალური კმაყოფილების განცდა, ის მოტივაციას კარგავს.

საქართველოს უნივერსიტეტს აქვს ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამა, თუმცა ბოლო 10 წლის განმავლობაში სტუდენტების დაინტერესება მინიმალური იყო. ბევრი მათგანი სწავლას მალევე წყვეტდა ან მობილობით სხვა ფაკულტეტებზე გადადიოდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ სახელმწიფო მხოლოდ პროფესიულ განათლებას აფინანსებდა, ბაკალავრიატი კი აბსოლუტურად წაუხალისებელი რჩებოდა. დღეს სურათი იცვლება — სახელმწიფო უნივერსიტეტებში საექთნო საქმეზე უფასო სწავლება დაინერგა და სწორედ ახლა გამოჩნდება, რამდენად იყო ფინანსური ფაქტორი მთავარი ბარიერი.

ანაზღაურების გარდა, უმნიშვნელოვანესია ექთნის როლის გადააზრება ჯანდაცვის მენეჯმენტში. საერთაშორისო კვლევები ადასტურებს, რომ ექთნების ჩართულობა ჰოსპიტალურ მართვასა და ბიუჯეტირებაში მკვეთრად ზრდის მათ თვითშეფასებასა და შრომის პროდუქტიულობას. ჩვენ სხვაზე მეტი თუ არა, არავისზე ნაკლები ექთნები გვყავს, რომელთაც აქვთ პოტენციალი, იყვნენ მსოფლიო დონის პროფესიონალები, თუმცა მათ სჭირდებათ ხელშეწყობა, მათ შორის – ე.წ. „ხიდი-პროგრამები“, რომლებიც მოქმედ პრაქტიკოს ექთნებს საშუალებას მისცემს, მოკლე დროში აიმაღლონ კვალიფიკაცია და მიიღონ ბაკალავრის ხარისხი.

ჩვენი საერთაშორისო სტუდენტების წარმატება – რომელთა ნახევარზე მეტი დღეს ამერიკისა და ევროპის წამყვან კლინიკებში მუშაობს – ადასტურებს, რომ საერთაშორისო დონის საექთნო განათლებას ვაძლევთ. თუმცა, გულდასაწყვეტია, რომ ადგილობრივი სტუდენტები ამ შესაძლებლობით ნაკლებად სარგებლობენ. თუ სისტემურად არ შეიცვალა ექთნის სტატუსი და დაფასება, მხოლოდ განათლების ხარისხით დარგის გადარჩენა გაგვიჭირდება.

რა არის ბაკალავრის დიპლომის მიღმა? რა რეალურ პერსპექტივებს უხსნის ეს ხარისხი ექთანს – იქნება ეს მაგისტრატურის, კვლევებისა თუ კლინიკური მენეჯმენტის მიმართულებით?

ბაკალავრის ხარისხი არის მხოლოდ საწყისი წერტილი იმ უზარმაზარი კარიერული შესაძლებლობებისა, რასაც ეს პროფესია სთავაზობს ადამიანს. პირველ რიგში, ეს არის აკადემიური გზა: ჩვენს დარგში პროფესიონალი ექთან-პედაგოგების კატასტროფული დეფიციტია. ექთანი ვერ გახდება ლექტორი, თუ მას არ აქვს ბაკალავრისა და შემდგომ მაგისტრის ხარისხი. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვგეგმავთ სპეციალური სამაგისტრო პროგრამის – Nurse Educator-ის შემუშავებას, რაც საფუძველს ჩაუყრის ექთნების მიერ ექთნების სწავლების ტრადიციას საქართველოში.

აკადემიური საქმიანობის გარდა, ბაკალავრიატი ხსნის გზას ვიწრო სპეციალიზაციებისკენ, სამეცნიერო კვლევებისა და დოქტორანტურისკენ. თანამედროვე მედიცინა მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პრაქტიკას ეყრდნობა, რისი მიღწევაც საექთნო კვლევების გარეშე შეუძლებელია. ეს კვლევები კი პირდაპირ აისახება პაციენტის მოვლის ხარისხზე.

ამასთანავე, ექთნის საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ კლინიკური მუშაობით. ბაკალავრის ხარისხის მქონე სპეციალისტებისთვის ღიაა მენეჯმენტისა და ლიდერობის პოზიციები. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) მრავალ მაღალ პოსტს სწორედ საექთნო განათლების მქონე პირები იკავებენ. ისინი მონაწილეობენ ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავებაში, მუშაობენ სასამართლო ექსპერტიზის მიმართულებით და მართავენ მსხვილ სამედიცინო ინსტიტუციებს. საქართველოში ამ შესაძლებლობების მხოლოდ „ჩანასახი“ გვაქვს, თუმცა საერთაშორისო ბაზარი აბსოლუტურად ღიაა და ზრდის უსაზღვრო პერსპექტივას იძლევა.



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები