კორტიზოლის მონიტორინგი სმარტფონით

გააზიარე

კორტიზოლის დონის ზუსტი მონიტორინგი მხოლოდ სმარტფონის კამერის საშუალებით, შესაძლოა, მალე რეალობა გახდეს. ახალ ბიოსენსორულ ტექნოლოგიას კალიფორნიის უნივერსიტეტში, სანტა კრუზში, ავითარებენ.

კორტიზოლი გადამწყვეტ როლს თამაშობს ორგანიზმის ისეთი კრიტიკული ფუნქციების მართვაში, როგორიცაა, მაგალითად, არტერიული წნევა, მეტაბოლიზმი და იმუნური რეაქცია. კორტიზოლის დონის დისბალანსი დაკავშირებულია ჯანმრთელობის პრობლემებთან, მათ შორის ქრონიკულ სტრესთან, თირკმელზედა ჯირკვლის პრობლემებთან და მეტაბოლურ დაავადებებთან.

ამ დრომდე კორტიზოლის ტესტირება, როგორც წესი, კლინიკურ ლაბორატორიებში ვიზიტებსა და კომპლექსურ ინსტრუმენტებს მოითხოვდა, რაც ზღუდავდა ხელმისაწვდომობას.

ბიომოლეკულურმა ინჟინერმა ენდი იემ შექმნა ნოვატორული ლუმინესცენტური ბიოსენსორი, რომელიც კორტიზოლის მოლეკულებს სისხლში ან შარდში უკავშირდება და ჰორმონის დონის დასაფიქსირებლად სინათლეს ასხივებს. Journal of the American Chemical Society-ში გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ სენსორს შეუძლია კორტიზოლის დონის გამოვლენა როგორც დეფიციტის, ისე მომატებული მაჩვენებლის შემთხვევაში.

კიდევ უფრო შთამბეჭდავია, რომ ბიოსენსორი ინტერგრირებულია სტანდარტული სმარტფონის კამერებთან. სისხლის ან შარდის ერთი წვეთი ერევა ბიოსენსორის ხსნარს, რის შემდეგაც წარმოქმნილი სინათლის გამოსხივება, აპლიკაციის მეშვეობით, ფიქსირდება და იშიფრება.  ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა კორტიზოლის დონე განისაზღვროს სწრაფად და ზუსტად როგორც სახლში, ისე – საველე პირობებში.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ ტექნოლოგიის გამოყენების შემთხვევაშიც კი, შედეგების სიზუსტეზე გავლენას ახდენს სხვა ფაქტორები, მაგალითად, დრო. მომხმარებლებს სმარტფონის აპლიკაცია მიაწვდის კონკრეტულ ინსტრუქციას, რომ ანალიზი, მაგალითად, აუცილებლად დილით, 7-დან 10 საათამდე და უზმოზე უნდა ჩატარდეს. ეს აუცილებელია, რადგან შრატში კორტიზოლის კონცენტრაცია დღის განმავლობაში ცვალებადია და 16:00 საათის შემდეგ მისი დონე თითქმის განახევრდება. შესაბამისად, შედეგების სწორი ინტერპრეტაციისთვის დროის ფაქტორის გათვალისწინება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ტრადიციული ტესტებით ხშირად ზუსტად ვერ განისაზღვრევა კორტიზოლის დონე, როდესაც ის ძალიან მაღალი ან დაბალია. ეს ბიოსენსორი საშუალებას გვაძლევს აღმოვაჩინოთ მცირე ჰორმონალური ცვლილებებიც კი, რომლებიც სხვაგვარად შეუმჩნეველი დარჩებოდა.

ინოვაციის წარმატების შემთხვევაში, სტრესის ჰორმონის დონის მონიტორინგი, შესაძლოა, ისე გამარტივდეს, როგორც სურათის გადაღება.

წყარო: ACSP

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები