წლების განმავლობაში მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის (OCD) ან სხვადასხვა ტიპის დამოკიდებულებების დროს ადამიანი ერთგვარ ჩაკეტილ წრეში ექცევა, სადაც გონება ავტომატურად იმეორებს ერთსა და იმავე მოქმედებას და საკუთარ თავზე კონტროლს კარგავს. თუმცა, სიდნეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (UTS) უახლესმა კვლევამ ეს მოსაზრება თავდაყირა დააყენა და აჩვენა, რომ პრობლემა შესაძლოა სულ სხვა ბიოლოგიურ მექანიზმში იმალებოდეს.
ნეირომეცნიერი ლორა ბრედფილდი განმარტავს, რომ ჩვეულებრივი ჩვევები ჩვენი დამხმარეა. ისინი საშუალებას გვაძლევენ, ბევრი ფიქრის გარეშე შევასრულოთ რუტინული საქმეები. თუმცა, კომპულსიური ქცევის მქონე ადამიანები ამ მოქმედებებს არა გაუცნობიერებლად, არამედ პირიქით, ძალიან დიდი შინაგანი ძალისხმევით და კონცენტრაციით ასრულებენ. მაგალითად, ადამიანი, რომელიც გამუდმებით იბანს ხელებს, ამას აკეთებს იმიტომ, რომ ძალიან ადარდებს სისუფთავე და ამ მომენტში მისი გონება ზედმეტად აქტიურად მუშაობს.
ვირთხებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ როდესაც ტვინის იმ ნაწილში, რომელიც არჩევანის გაკეთებაზეა პასუხისმგებელი, ანთებითი პროცესი იწყება, ქცევა სულაც არ ხდება ავტომატური. პირიქით, ცხოველები უფრო მეტად აკონტროლებდნენ თავიანთ ქმედებებს და თითოეულ ნაბიჯს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ეს ნიშნავს, რომ კომპულსია შესაძლოა იყოს არა „გათიშული გონების“ ნიშანი, არამედ ტვინის მცდელობა, იმაზე მეტად გააკონტროლოს სიტუაცია, ვიდრე ეს საჭიროა.
ეს აღმოჩენა ფუნდამენტურად ცვლის მკურნალობის სტრატეგიას და ახალ პერსპექტივას უხსნის მედიკოსებსა და თავად პაციენტებს. თუ აქამდე თერაპიული კურსი ძირითადად მიმართული იყო იქითკენ, რომ ადამიან როგორმე გადაჩვეოდა ავტომატურ რეჟიმში გადასულ ქმედებებს და დაეძლია ქვეცნობიერი იმპულსები, ახალი კვლევა მიუთითებს, რომ პრობლემის სათავე არა ჩვევებში, არამედ ტვინში მიმდინარე ბიოლოგიურ პროცესებში, კონკრეტულად კი ნეიროანთებაში უნდა ვეძებოთ.
ყოველივე ეს ნიშნავს, რომ კომპულსიური ქცევა არის არა ნებისყოფის ნაკლებობა ან უბრალოდ დასწავლილი შეცდომა, არამედ ტვინის რეაქცია შინაგან ანთებაზე, რაც აიძულებს გონებას, გადავიდეს გაცნობიერებული კონტროლისა და დაძაბულობის რეჟიმში.
მკურნალობის მთავარი სამიზნე ხდება უშუალოდ იმ გარემოს გაჯანსაღება, რომელშიც ტვინის უჯრედები ფუნქციონირებენ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მედიკამენტები, რომლებიც ასტროციტების მუშაობასა და ნეიროანთების შემცირებაზეა ორიენტირებული, ამ რთული აშლილობების დასამარცხებლად გაცილებით ეფექტური აღმოჩნდება.
ამ ბიოლოგიურ მიდგომას ემატება ისეთი მნიშვნელოვანი ზომები, როგორიცაა, მაგალითად, ძილის რეჟიმის მოწესრიგება და ფიზიკური აქტივობა. ასეთი კომპლექსური გზით შესაძლებელი ხდება იმ შინაგანი დაძაბულობის მოხსნა, რომელიც ადამიანს აკვიატებული ქმედებების გამეორებას აიძულებს.
წყარო: Nature

