ახალი კვლევა: ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა ნელდება

გააზიარე

ახალი კვლევის მიხედვით, ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის მკვეთრი ზრდა, რომელიც XX-ე საუკუნის დასაწყისში შეინიშნებოდა, სავარაუდოდ, იმავე ტემპით აღარ გაგრძელდება.

Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნებულ კვლევაში ვკითხულობთ, რომ 1900-იანი წლების დასაწყისში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა სწრაფად გაიზარდა ჩვილთა სიკვდილიანობის მკვეთრი შემცირებისა და მედიცინაში მიღწეული პროგრესის წყალობით. 1900 წელს დაბადებული ადამიანების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 62 წელი იყო, ხოლო 1938 წელს დაბადებულები დაახლოებით 80 წლამდე ცხოვრობდნენ. თუმცა, როგორც ეს ახალი საერთაშორისო კვლევა აჩვენებს, 1939-დან 2000 წლამდე პერიოდში დაბადებულებში ეს ტემპი საგრძნობლად შენელდა.

კვლევითმა ჯგუფმა, რომლის წევრებიც იყვნენ მაქს პლანკის დემოგრაფიული კვლევების ინსტიტუტის წარმომადგენელი ხოსე ანდრადე, INED-ის კარლო ჯოვანი კამარდა და ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტის ჰექტორ პიფარე აროლასი, გაანალიზა სიკვდილიანობის მონაცემები 23 მაღალშემოსავლიანი ქვეყნიდან და პროგნოზირებისთვის ექვსი სხვადასხვა მეთოდი გამოიყენა.

„ყველა მეთოდი მიუთითებს, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა ნელდება. XX-ე საუკუნის პირველ ნახევართან შედარებით, ზრდის ტემპი 37%-დან 52%-მდეა შემცირებული. ადრე არსებული ვარაუდების საწინააღმდეგოდ, 1980 წელს დაბადებული ადამიანი საშუალოდ 100 წელს ვერ მიაღწევს“, – აცხადებენ კვლევის ავტორები. 

1900-დან 1938 წლამდე, ყოველი ახალი თაობისთვის სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 5.5 თვით იზრდებოდა. 1939-დან 2000 წლამდე დაბადებულებისთვის კი ზრდა თაობაზე მხოლოდ 2.5–3.5 თვემდე შემცირდა. მკვლევრები ამტკიცებენ, რომ მიუხედავად მედიცინის მუდმივი პროგრესისა, ბავშვებში გადარჩენის მაჩვენებელი უკვე იმდენად მაღალია, რომ ამ კუთხით პროგრესისთვის დიდი სივრცე აღარ რჩება. ამავე დროს, ხანდაზმულებში სიკვდილიანობის შემცირების ტემპი საკმარისად სწრაფი არ არის ამ მაჩვენებლის კომპენსაციისთვის.

ავტორები ხაზს უსვამენ, რომ პროგნოზი არ არის უპირობო ჭეშმარიტება. პანდემიებმა, მკურნალობის ახალმა მეთოდებმა ან სოციალურმა ფაქტორებმა, შესაძლოა, ტენდენციები მკვეთრად შეცვალოს. 

მიუხედავად ამისა, ზრდის ტემპის შენელებას მნიშვნელოვანი შედეგები აქვს. მთავრობებს, შესაძლოა, მოუწიოთ საპენსიო სისტემების, ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის კორექტირება, ხოლო რიგით მოქალაქეებს – საპენსიო ასაკისა და გრძელვადიანი ფინანსური სტრატეგიების გადახედვა.

წყარო: PNAS

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები