back to top

“ჭკვიანი სათვალეები” სმენადაქვეითებულებისთვის

გააზიარე

ახალი გამოგონება, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე „ჭკვიან სათვალეებს“ ეფუძნება, სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის ხმის აღქმას ხმაურიან გარემოში არსებითად გააუმჯობესებს.

ჰერიოტ-უატის უნივერსიტეტის, ასევე სტერლინგის, ედინბურგისა და ედინბურგ ნაპიერის უნივერსიტეტების მკვლევრების მიერ შექმნილი პროტოტიპი, სპეციალური კამერის დახმარებით მოსაუბრის ტუჩების მოძრაობას აკვირდება. აუდიო და ვიდეომონაცემები 5G ქსელით მძლავრ სერვერზე იგზავნება, სადაც ხელოვნური ინტელექტი (AI) მოსაუბრის ხმას ფონური ხმაურისგან გამოყოფს. დამუშავებული მონაცემები კი მყისიერად უკან მომხმარებლის სმენის აპარატში ან ყურსასმენებში ბრუნდება.

ეს მიდგომა, რომელსაც „აუდიოვიზუალური მეტყველების გაუმჯობესება“ ეწოდება, სმენის აპარატებისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას ფონური ხმაურის პირობებში საუბრის გაგების პრობლემას უმკლავდება. დოქტორ აჰსან ადილის თქმით, საბოლოო მიზანი ისეთი მოწყობილობის შექმნაა, რომელიც ადამიანის სმენით შესაძლებლობებს გაუთანაბრდება.

ამ ეტაპზე, ახალი ტექნოლოგია ჯერ კიდევ პროტოტიპია, თუმცა, სმენის აპარატების მომხმარებლებზე ჩატარებულმა ტესტებმა უკვე დამაიმედებელი შედეგები აჩვენა.

საგულისხმოა, მკვლევართა ჯგუფი აწარმოებს მოლაპარაკებებს კომპანიებთან, რათა შეამციროს წარმოების ხარჯები და ტექნოლოგია ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს.

სიზუსტის გასაუმჯობესებლად, გუნდი აგროვებს ხმაურის ნიმუშებს რეალური გარემოდან, მაგალითად, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების ხმაურს.

პროექტის ხელმძღვანელი პროფესორი მათინი სელათურაი აღნიშნულ ინოვაციას სმენის აპარატებისთვის სუპერძალის მიმნიჭებელ ტექნოლოგიად მოიაზრებს. მისი თქმით, მომხმარებელს შეუძლია პირდაპირ შეხედოს კონკრეტულ ადამიანს და მისი ხმა გამოყოს სხვებისგან ხმაურიან გარემოში.

წარმატების შემთხვევაში, ეს ღრუბლოვან სერვერზე დაფუძნებული მოდელი ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, ვისაც შესაფერისი მოწყობილობები ექნება, და AI-ზე მომუშავე ტექნოლოგიებში ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს.

წყარო: University of Stirling

 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები