ახალი კვლევა: როგორ მოქმედებს დღის სინათლე ჩვენს კონცენტრაციასა და პროდუქტიულობაზე

გააზიარე

მანჩესტერის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დღის განმავლობაში სინათლეზე ყოფნა პირდაპირ კავშირშია გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებასთან. კვლევის შედეგები, რომლებიც ჟურნალ Communications Psychology-ში გამოქვეყნდა, ადასტურებს, რომ სინათლე იმაზე დიდ როლს თამაშობს ჩვენს პროდუქტიულობაში, ვიდრე აქამდე გვეგონა.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დღის შუქზე ყოფნისას ადამიანებს უუმჯობესდებათ:

  • რეაქციის სიჩქარე: კვლევის მონაწილეებმა დავალებების შესრულებისას 7-10%-ით მაღალი სიჩქარე აჩვენეს;
  • კონცენტრაცია:  მონაწილეებში გაუმჯობესდა ყურადღების შენარჩუნების უნარი;
  • სიფხიზლე: შემცირდა სუბიექტური ძილიანობის შეგრძნება.

კვლევის ავტორების თქმით, ეფექტი განსაკუთრებით ძლიერია მაშინ, როდესაც დღის განმავლობაში სინათლის ზემოქმედება სტაბილურია და არ ხდება ხშირი გადასვლა ნათელი გარემოდან ბნელში.

კვლევამ რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონზომიერებაც გამოკვეთა, რომელთაგან ერთ-ერთი ძილის რეჟიმს ეხება. აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებიც ადრე იძინებენ, ბევრად უფრო ფხიზლები არიან დილის შუქზე, ხოლო საღამოს შედარებით მკრთალ განათებაზე მათ უფრო ბუნებრივად და სწრაფად ეძინებათ.

განსაკუთრებით საინტერესოა სამუშაო გარემოს ფაქტორი. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ განათების გავლენა კოგნიტურ უნარებზე ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე უშუალოდ დღის მონაკვეთი ან ის დრო, რაც ადამიანს გაღვიძებიდან აქვს გატარებული. ეს ნიშნავს, რომ სწორ განათებას შეუძლია გადაფაროს დაღლილობის ეფექტიც კი.

ამასთანავე, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თანმიმდევრულობას. საუკეთესო შედეგს იძლევა კვირის განმავლობაში სტაბილური განათების შენარჩუნება და დღისით უწყვეტი, ნათელი შუქის ზემოქმედება. სინათლისა და სიბნელის ხშირი მონაცვლეობა კი პირიქით, უარყოფითად აისახება გონებრივ პროდუქტიულობაზე.

აქედან გამომდინარე, მეცნიერები გვირჩევენ, რომ დღის განმავლობაში მაქსიმალურად ვეცადოთ ბუნებრივ ან კაშკაშა ხელოვნურ განათებაზე ყოფნას. ეს მარტივი ჩვევა ეხმარება ჩვენს ტვინს, რომ მთელი დღის განმავლობაში ოპტიმალურ რეჟიმში იმუშაოს და თავიდან აგვაცილოს უენერგიობა.

წყარო: Nature

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები