ახალი ტექნოლოგია: სმარტ-კონტაქტური ლინზა გლაუკომის სამკურნალოდ

გააზიარე

გლაუკომა მსოფლიოში უსინათლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ეს დაავადება ხშირად თვალშიდა წნევის (IOP) მუდმივი კონტროლის შეუძლებლობით არის გამოწვეული. თუმცა, არსებული ხელსაწყოები არაპორტაბელურია და წნევის მხოლოდ ერთჯერადი გაზომვის საშუალებას იძლევა, შესაბამისად, პერმანენტული მონიტორინგისთვის გამოუსადეგარია.

ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული უახლესი კვლევის მიხედვით, იაპონელმა მეცნიერებმა ინოვაციური სმარტ-კონტაქტური ლინზა შექმნეს, რომელსაც ყოველდღიური გამოყენებისას, რეალურ დროში, თვალშიდა წნევის უწყვეტი მონიტორინგი შეუძლია.

როგორ მუშაობს ჭკვიანი ლინზა?

ინოვაციის საფუძველს თხელი ფირის სენსორი წარმოადგენს, რომელიც მრავალშრიან სტრუქტურას ეფუძნება. ტექნოლოგია რამდენიმე უნიკალურ კომპონენტს აერთიანებს, რომელთა შორის მთავარი ელემენტი მგრძნობიარე ფენაა.

თხელი ფირის სენსორი მიკროსკოპული სისქის მოქნილი ფენაა, რომელიც ზედაპირის უმცირეს დეფორმაციას ან წნევას მყისიერად აღიქვამს და მას ზუსტ ელექტრულ სიგნალად გარდაქმნის.

როდესაც თვალშიდა წნევა იზრდება და რქოვანა ფორმას იცვლის, ლინზაზე მოთავსებული სენსორი იჭიმება. ამ დროს მის გამტარ შრეში მიკრობზარები ჩნდება, რაც ელექტრულ წინაღობას ცვლის. სწორედ წინაღობის ეს ცვალებადობა ხდება იმის მაჩვენებელი, რომ წნევამ მოიმატა.

მონაცემთა გადასაცემად ლინზაში 70 მეგაჰერციანი ორმაგი ოქროს ანტენაა ინტეგრირებული. იგი გარე მოწყობილობისთვის ინფორმაციის უწყვეტ, უსადენო რეჟიმში მიწოდებას უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, მეცნიერებმა ე.წ. „პარიტეტულ-დროითი სიმეტრიის“ უსადენო სისტემა გამოიყენეს. ამ ინოვაციურმა მიდგომამ მოწყობილობის მგრძნობელობა ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით 183-ჯერ გაზარდა, შედეგად უკიდურესად სუსტი სიგნალების ზუსტად დაჭერაც შესაძლებელი ხდება.

კვლევის შედეგები

ლაბორატორიულ მოდელებსა და ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა მოწყობილობის მაღალი სიზუსტე დაადასტურა. ტექნიკურ ეფექტურობასთან ერთად, კვლევამ ლინზის უსაფრთხოებაც განსაზღვრა. მასალა 80%-ზე მეტად გამჭვირვალეა და მხედველობას ხელს არ უშლის. გარდა ამისა, თერმულმა კონტროლმა აჩვენა, რომ მოწყობილობა თვალის ზედაპირის გაცხელებას არ იწვევს.

ბიოთავსებადობის ტესტებმა დაადასტურა, რომ ლინზა ტოქსიკური არ არის. ადამიანის რქოვანას უჯრედებზე დაკვირვებისას დადგინდა, რომ მათი სიცოცხლისუნარიანობა სრულად ნარჩუნდება.

ტექნოლოგია განსაკუთრებით აქტუალურია იაპონიისთვის და სხვა იმ ქვეყნებისთვის, სადაც მოსახლეობის აღწარმოების დაბალი მაჩვენებლის გამო გლაუკომის რისკი ასაკთან ერთად მკვეთრად იზრდება.

უწყვეტი მონიტორინგი ექიმებს საშუალებას მისცემს, მედიკამენტური მკურნალობის დოზები ზუსტად შეარჩიონ და მხედველობის შეუქცევადი დაზიანება თავიდან აიცილონ.

წყარო: Nature

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები