კიბერთავდასხმა საფრანგეთის სუპერმარკეტებზე — ჰაკერებმა მაცივრები 50 გრადუსამდე გააცხელეს

გააზიარე

საფრანგეთში ასობით სუპერმარკეტზე მასშტაბური კიბერთავდასხმა განხორციელდა, რის გამოც მაცივრები და საყინულეები გაცხელდა. შედეგად, მილიონობით ევროს ღირებულების ახალი და გაყინული პროდუქტი გაფუჭდა.

ჰაკერებმა კონტროლი მოიპოვეს დანიური საინჟინრო კომპანია Danfoss-ის პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომელიც სუპერმარკეტებს გაგრილების სისტემების დისტანციურად მართვის საშუალებას აძლევს. ჩვეულებრივ, ღამის საათებში საყინულეები მცირე ხნით გალღობის (defrost) რეჟიმში გადადის ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში თავდამსხმელებმა დანადგარებს გაცხელების ბრძანება მისცეს. Intermarché-ს ქსელის ინფორმაციით, მათი მაცივრების ტემპერატურამ ღამით 6 საათის განმავლობაში 50 გრადუსამდე (ცელსიუსით) მიაღწია. Danfoss-ის განმარტებით, შეტევა სამაცივრე სისტემების ძველ მოდელებზე განხორციელდა, რომელთა უსაფრთხოების პროგრამის განახლება ვეღარ ხერხდებოდა.

კიბერთავდასხმა საფრანგეთში არსებული 15 000 მაღაზიიდან დაახლოებით 400-ს შეეხო. დაზარალებულ მსხვილ ქსელებს შორისაა: Coopérative U (100-ზე მეტი ობიექტი), Intermarché და Netto (180 ობიექტი), Carrefour (80 ობიექტი), Monoprix და E.Leclerc. პრევენციის მიზნით, დამატებით 100-მდე სუპერმარკეტი ინტერნეტიდან სასწრაფოდ გათიშეს, რათა სისტემაში შეღწევა თავიდან აერიდებინათ.

სურსათის უვნებლობის რისკების გამო, მაღაზიებმა გაფუჭებული პროდუქტი სრულად გადაყარეს. მხოლოდ ელზასის რეგიონის ორ სუპერმარკეტში ზარალმა 270 000 ევრო შეადგინა, რაც მიუთითებს, რომ ქვეყნის მასშტაბით საერთო ფინანსური დანაკარგი რამდენიმე მილიონს აღწევს.

პარიზის პროკურატურამ მომხდარზე კიბერდანაშაულის მუხლით გამოძიება უკვე დაიწყო. ევროკომისარმა სურსათის საკითხებში, კრისტოფ ჰანსენმა ფაქტი დაგმო და განაცხადა, რომ „სურსათის იარაღად გამოყენება რეალობად იქცა“. Coopérative U-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, დომინიკ შელშერმა კი ინციდენტს „უპრეცედენტო და უკიდურესად სერიოზული“ უწოდა.

წყარო: BBC

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები