აშშ-ში FDA-ს მიერ ინიცირებული ელექტრონული სიგარეტებისა და ნიკოტინის პროდუქტების ახალი პოლიტიკა სამართლებრივი დავის საგანი გახდა

გააზიარე

ამერიკის შეერთებულ შტატებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის წამყვანმა ორგანიზაციებმა, პედიატრებმა და მშობლებმა აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. დავის საგანს წარმოადგენს სააგენტოს მიერ 2026 წლის მაისში გამოცემული ახალი მითითება, რომელიც, მოსარჩელეთა შეფასებით, ბაზარზე არასანქცირებული ელექტრონული სიგარეტებისა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტების რეალიზაციას პრაქტიკულად შესაძლებელს ხდის, კანონით სავალდებულო მარკეტინგული ავტორიზაციის გარეშე.

სარჩელი მერილენდის ფედერალურ სასამართლოშია შეტანილი და ეფუძნება FDA-ის ინიციატივას, რომლის თანახმადაც სააგენტო არ განახორციელებს აღსრულებით ღონისძიებებს იმ მწარმოებლების მიმართ, რომელთა ელექტრონული სიგარეტებისა და ნიკოტინის პაკეტების მარკეტინგული განაცხადები ამ ეტაპზე განხილვის პროცესშია. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პოლიტიკა არ გულისხმობს პროდუქციის ბაზარზე განთავსების სამართლებრივ ნებართვას ან FDA-ის მიერ მის ოფიციალურ დამტკიცებას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ პრაქტიკაში ამგვარმა მიდგომამ შესაძლოა შექმნას გაურკვევლობა და მწარმოებლებს შესაძლებლობა მისცეს, გააგრძელონ პროდუქციის კომერციული რეალიზაცია FDA-ის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მათი შეფასებით, მსგავსი პრაქტიკა პოტენციურად ამცირებს წინასწარი ავტორიზაციის მექანიზმის ეფექტიანობას და შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტების კონტროლის არსებულ სისტემაზე.

მოსარჩელეებს შორის არიან Campaign for Tobacco-Free Kids, ამერიკის პედიატრიის აკადემია (American Academy of Pediatrics), ამერიკის კიბოს საზოგადოების Cancer Action Network, ამერიკის გულის ასოციაცია (American Heart Association), ამერიკის ფილტვის ასოციაცია (American Lung Association), Truth Initiative, ორგანიზაცია Parents Against Vaping, ასევე პედიატრები და მშობლები, რომელთა განცხადებით, მათი შვილები არომატიზებული ელექტრონული სიგარეტების გამოყენების შემდეგ ნიკოტინზე დამოკიდებულები გახდნენ.

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს არომატიზებული ელექტრონული სიგარეტებისა და ნიკოტინის პაკეტების ფართო ხელმისაწვდომობა, ვინაიდან აღნიშნული პროდუქტები განსაკუთრებით პოპულარულია მოზარდებსა და ახალგაზრდებში. ადრეულ ასაკში ნიკოტინის მოხმარება დაკავშირებულია დამოკიდებულების სწრაფ განვითარებასთან, თავის ტვინის ნეიროგანვითარებით პროცესებზე პოტენციურად უარყოფით ზემოქმედებასთან და კოგნიტურ ფუნქციებში ცვლილებებთან, მათ შორის ყურადღების, მეხსიერებისა და სწავლის უნართან დაკავშირებულ დარღვევებთან. გარდა ამისა, მოზარდობის პერიოდში ნიკოტინის შემცველი პროდუქტების გამოყენება ზრდის სხვა თამბაქოსა და ნიკოტინის პროდუქტების მოხმარების შემდგომი დაწყების რისკს.

სარჩელის ავტორები ასევე მიუთითებენ, რომ FDA-მ ახალი პოლიტიკის შემუშავებისას არ დაიცვა ადმინისტრაციული პროცედურებით გათვალისწინებული საჯარო განხილვისა და დაინტერესებული მხარეების კომენტარების მიღების მოთხოვნები და ვერ უზრუნველყო რეგულაციური მიდგომის ცვლილების საკმარისი სამართლებრივი და ფაქტობრივი დასაბუთება. დამატებით, დავის საგანია სააგენტოს გადაწყვეტილება, გამოაქვეყნოს იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომელთა მიმართაც აღსრულებითი ღონისძიებების განხორციელება პრიორიტეტულად არ განიხილება. მოსარჩელეთა შეფასებით, ამგვარმა პრაქტიკამ შესაძლოა კიდევ უფრო გაამარტივოს არასანქცირებული პროდუქტების ბაზარზე ხელმისაწვდომობა და ხელი შეუწყოს მათი კომერციული რეალიზაციის გაგრძელებას.

საქმეს განიხილავს მერილენდის ფედერალური სასამართლო, რომელმაც 2017 წელს უკვე გააუქმა FDA-ის მიერ მიღებული ანალოგიური გადაწყვეტილება, რომელიც ელექტრონული სიგარეტების გარკვეული კატეგორიების მწარმოებლებს შესაბამისი მარეგულირებელი ავტორიზაციის გარეშე პროდუქციის ბაზარზე განთავსებისა და კომერციული საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევდა. ამ ეტაპზე FDA-ს სარჩელთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

წყარო: www.reuters.com

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები