კანადის Centre for Addiction and Mental Health-ის (CAMH) მკვლევრების მიერ ჩატარებული და ჟურნალ eBioMedicine-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევა დღემდე არსებულ ყველაზე ძლიერ მტკიცებულებას წარმოადგენს იმისა, რომ ხანგრძლივი კოვიდი (Long COVID) ტვინში დოფამინის გამომმუშავებელი ნეირონების დაზიანებასთან არის დაკავშირებული. მკვლევრების შეფასებით, აღნიშნულმა აღმოჩენამ შესაძლოა ახსნას ისეთი გავრცელებული სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობით გამოწვეული მოტივაციის დაქვეითება, მოძრაობის შენელება და მეხსიერების პრობლემები, ასევე საფუძველი ჩაუყაროს მკურნალობის ახალი სტრატეგიების განვითარებას.
ხანგრძლივი COVID, რომელიც, სხვადასხვა შეფასებით, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 5%-ს აღენიშნება, მრავალფეროვანი და ხშირად მნიშვნელოვნად შემზღუდველი სიმპტომებით ხასიათდება. მათ შორის განსაკუთრებით ხშირია ნევროლოგიური და კოგნიტური გამოვლინებები, როგორიცაა ქრონიკული დაღლილობა, „ტვინის ნისლი“ (brain fog), მეხსიერების დარღვევა და განწყობის დაქვეითება. ამ სიმპტომების არსებობა COVID-19-ის გადატანიდან მინიმუმ სამი თვის განმავლობაში გრძელდება და ხშირად მნიშვნელოვნად ამცირებს პაციენტების ცხოვრების ხარისხს. მიუხედავად მდგომარეობის ფართო გავრცელებისა, დღემდე არ არსებობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული სპეციფიკური მკურნალობა, რაც, პირველ რიგში, დაავადების საფუძვლად არსებული ბიოლოგიური მექანიზმების არასაკმარისი ცოდნით არის განპირობებული.
ახალ კვლევაში მეცნიერებმა ტვინის შესასწავლად გამოიყენეს პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია (PET), რომლის საშუალებითაც შეფასდა დოფამინის ნეირონების მთლიანობის კარგად შესწავლილი ბიომარკერი. კვლევაში მონაწილეობდნენ როგორც ხანგრძლივი COVID-ის მქონე პაციენტები, ისე ჯანმრთელი კონტროლური ჯგუფის წარმომადგენლები.
PET-კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ხანგრძლივი COVID-ის მქონე პაციენტებში დოფამინის ნერვული დაბოლოებების მარკერის დონე მნიშვნელოვნად დაბალი იყო ჯანმრთელ პირებთან შედარებით. აღნიშნული ცვლილებები გამოვლინდა სტრიატუმის ყველა ძირითად უბანში — ტვინის იმ სტრუქტურაში, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოტივაციის, მოძრაობისა და კოგნიტური ფუნქციების რეგულაციაში. კერძოდ, ვენტრალურ სტრიატუმში მარკერის უფრო დაბალი დონე დაკავშირებული იყო მოტივაციის უფრო გამოხატულ დაქვეითებასთან, დორსალურ პუტამენში შემცირებული მაჩვენებლები ასოცირდებოდა მოძრაობის შენელებასთან, ხოლო კაუდატურ ბირთვში დოფამინის მარკერის დაქვეითება მეხსიერების გაუარესებასთან იყო დაკავშირებული.
კვლევის უფროსი ავტორის, CAMH-ის Brain Health Imaging Center-ის უფროსი მეცნიერის და Canada Research Chair-ის მფლობელის, პროფესორ ჯეფრი მეიერის განცხადებით, მიღებული შედეგები დამაჯერებლად მიუთითებს, რომ ხანგრძლივი COVID დოფამინის გამომმუშავებელი ნეირონების დაზიანებას მოიცავს. მისი განმარტებით, მსგავსი ტიპის დაზიანება სხვა ნევროლოგიური დაავადებების დროს კარგად არის ცნობილი და ხშირად იწვევს მოტივაციის დაკარგვას, მოძრაობის შენელებასა და მეხსიერების პრობლემებს. ახალი მონაცემები მიუთითებს, რომ მსგავსი პათოლოგიური პროცესი შესაძლოა ხანგრძლივი COVID-ის შემთხვევაშიც მიმდინარეობდეს.
აღნიშნული კვლევა CAMH-ის იმავე სამეცნიერო ჯგუფის წინა ნაშრომის გაგრძელებას წარმოადგენს. ადრე მკვლევრებმა აჩვენეს, რომ ხანგრძლივი COVID-ის მქონე პაციენტებში ტვინში ანთების მარკერები განსაკუთრებით მომატებულია იმ რეგიონებში, რომლებიც დოფამინის გამომმუშავებელი ნეირონებით არის მდიდარი. ახალი კვლევა კი პირველად იძლევა პირდაპირ მტკიცებულებას, რომ სწორედ ამავე უბნებში დოფამინის ნეირონების მარკერი მნიშვნელოვნად შემცირებულია და მისი დაქვეითების ხარისხი უშუალოდ კორელაციაშია პაციენტების კლინიკურ სიმპტომებთან. მკვლევრების განმარტებით, ცნობილია, რომ ანთებით პროცესს შეუძლია დოფამინური ნეირონების დაზიანება, ამიტომ მიღებული შედეგები მხარს უჭერს ჰიპოთეზას, რომლის მიხედვითაც ნეიროანთება შესაძლოა ხანგრძლივი COVID-ის ნევროლოგიური გამოვლინებების ერთ-ერთი ძირითადი მექანიზმი იყოს.
კვლევის ავტორების შეფასებით, მიღებული მონაცემები არსებითად ცვლის წარმოდგენას ხანგრძლივი COVID-ის შესახებ. თუ აქამდე კვლევების უმრავლესობა ყურადღებას ამახვილებდა ტვინის ანთებით პროცესებსა და იმუნური სისტემის ცვლილებებზე, ახალი შედეგები მიუთითებს, რომ დაავადება, სულ მცირე ნაწილობრივ, ტვინის დოფამინური სისტემის დარღვევადაც შეიძლება ჩაითვალოს. შესაბამისად, პერსპექტიულ მიდგომად განიხილება იმ მედიკამენტების გამოყენების შესაძლებლობა, რომლებიც დოფამინის გამომმუშავებელი ნეირონების ფუნქციას აძლიერებენ, მათ შორის დოფამინის წინამორბედი პრეპარატები და დოფამინის მეტაბოლიზმის ინჰიბიტორები. თუმცა აღნიშნული მიდგომების ეფექტიანობისა და უსაფრთხოების დასადასტურებლად აუცილებელია კარგად დაგეგმილი კლინიკური კვლევების ჩატარება.
კვლევის შედეგები იმედის საფუძველს აძლევს ხანგრძლივი COVID-ის მქონე პაციენტებსაც. კვლევის თანაავტორისა და პაციენტთა გამოცდილების მრჩევლის, სიუზან დევილის განცხადებით, COVID-19-ით ინფიცირების შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში იგი პასუხებს ეძებდა იმაზე, თუ რატომ შეიცვალა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ასე მნიშვნელოვნად. მისი თქმით, ახალმა კვლევამ არა მხოლოდ იმედი გაუჩინა, არამედ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხანგრძლივი COVID რეალური დაავადებაა, რომელსაც პაციენტების ცხოვრებაზე მძიმე გავლენა აქვს.
მიღებული შედეგების საფუძველზე CAMH-ისა და University Health Network-ის მკვლევრები უახლოეს თვეებში გეგმავენ კლინიკური კვლევის დაწყებას, რომლის მიზანიც იქნება დოფამინური სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებაზე მიმართული თერაპიის ეფექტიანობის შეფასება ხანგრძლივი COVID-ის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით მეხსიერების დარღვევის, მოტივაციის დაქვეითებისა და ქრონიკული დაღლილობის შემცირების თვალსაზრისით.
წყარო: medicalxpress.com

