ოპერაციის შემდგომი გართულებები ხშირად შეუმჩნევლად ვითარდება. შესაძლოა, ბავშვი ვერ მიხვდეს ან ვერც თქვას, რა აწუხებს. შესაბამისად, ექიმმაც ვერ შეძლოს დროული რეაგირება. ამერიკელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ Fitbit-ის ტიპის ჭკვიანი სამაჯურები გართულებების დაწყების სიგნალს რამდენიმე დღით ადრე იძლევიან. ეს ინფორმაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ექიმებისთვის.
ჩიკაგოს ლურის ბავშვთა საავადმყოფოსა და ნორთვესტaერნის უნივერსიტეტის მეცნიერები, ოპერაციის შემდეგ, ჭკვიანი სამაჯურის დახმარებით, 21 დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ 103 ბავშვს. მოწყობილობა ზომავდა გულისცემას, ფიზიკურ აქტივობასა და ძილს. შემდგომ ანალიზში ყურადღება ცირკადულ ბიორითმებზე გამახვილდა. კერძოდ, როგორ იცვლებოდა ბავშვების ფიზიკური აქტივობა და გულისცემა დღის განმავლობაში. მკვლევრები დააკვირდნენ, ირღვეოდა თუ არა ორგანიზმის ჩვეული რითმი. ამ ცვლილებების მიხედვით მათ გართულებების წინასწარ ამოცნობა შეძლეს.
ალგორითმმა გართულებები, დიაგნოზამდე სამი დღით ადრე, 91%-იანი სიზუსტით გამოიცნო. კვლევაში მონაწილეობდნენ 3-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებსაც აპენდიციტის გამო ლაპაროსკოპიული ოპერაცია ჩაუტარდათ. მათ ნაწილს განუვითარდა ოპერაციის შემდგომი გართულებები: მუცლის ღრუს აბსცესი, ჭრილობის ინფექცია ან ნაწლავის დაბრკოლება. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ გართულებების მქონე ბავშვებში გულისცემისა და ფიზიკური აქტივობის რითმები ირღვეოდა უკვე რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე კლინიკური სიმპტომები გამოვლინდებოდა.
გამოყენებულმა ალგორითმმა, რომელიც ამ ბიორითმებზეა აგებული, პოსტოპერაციული გართულებები 91%-იანი სიზუსტით იწინასწარმეტყველა, სპეციფიკურობა 74% იყო. ეს ნიშნავს, რომ ალგორითმს შეუძლია დიაგნოზამდე რამდენიმე დღით ადრე მიანიშნოს პრობლემაზე.
რა არის ბიორითმები და რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი?
ბიორითმები გულისხმობს ფიზიოლოგიური პროცესების ციკლურ ცვალებადობას დღის განმავლობაში. მაგალითად, დღისით აქტივობა და გულისცემა მატულობს, ღამით კი – იკლებს. ოპერაციის შემდეგბორგანიზმს ამ რითმების აღსადგენად დრო სჭირდება და თუ ეს პროცესი ფერხდება, შესაძლოა ეს გართულებას მიანიშნებდეს.
„ბავშვებს ხშირად უჭირთ, გვითხრან, როცა რამე აწუხებთ. სამაჯურის მონაცემები საშუალებას გვაძლევს, ეს დროულად შევნიშნოთ. მაშინაც კი, როცა სიმპტომები ჯერ არ ჩანს,“ – ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, არუნ ჯაიარამანი.
სისტემა რეალურ კლინიკურ სივრცეში
კვლევის ავტორების თქმით, Fitbit-ის მონაცემებზე დაფუძნებული მეთოდი ექიმებს პაციენტის მდგომარეობაზე მიუკერძოებელ, ყოველდღიურ სურათს აძლევს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მაშინ, როცა ბავშვი კლინიკიდან უკვე სახლშია გაწერილი. ალგორითმი მუშაობს მაშინაც, როდესაც მონაცემები არასრულადაა ხელმისაწვდომი, რაც რეალურ პირობებში ხშირია.
მკვლევრებმა გამოარჩიეს 6 ძირითადი ბიორითმული მაჩვენებელი. მათი დახმარებით პაციენტის მდგომარეობის შეფასებაა შესაძლებელი. მათ შორისაა ნაბიჯების რიცხვი, აქტივობის მონაკვეთების სიგრძე, გულისცემის ცვალებადობა და სხვ.
კვლევის ავტორები გეგმავენ, რომ მეთოდოლოგია სხვადასხვა შემთხვევებშიც გამოცადონ. მაგალითად, ონკოლოგიური ოპერაციების, ორთოპედიული ჩარევებისა ან ქრონიკული დაავადებების მონიტორინგისთვის. იდეა ის არის, რომ ჭკვიან სამაჯურებზე დაფუძნებული მეთოდები პედიატრიულ მედიცინაში ყოველდღიური კლინიკური პრაქტიკის ნაწილი გახდეს.
ლიტერატურა
Hua, R., Carter, M., O’Brien, M. K., Pitt, J. B., Kwon, S., Manworren, R. C. B., … & Jayaraman, A. (2025). Biorhythms derived from consumer wearables predict postoperative complications in children. Science Advances, 11, eadv2643.

