ალაბამის უნივერსიტეტის მკვლევრებმა მრავლობითი მიელომის სწრაფი პროგრესირების რისკის შეფასების ახალი კრიტერიუმები განსაზღვრეს

გააზიარე

მრავლობითი მიელომა (multiple myeloma) ძვლის ტვინის სიმსივნის ფორმაა, რომელიც პლაზმური უჯრედების პათოლოგიური და უკონტროლო გამრავლებით ხასიათდება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მკურნალობის მეთოდების მნიშვნელოვანმა განვითარებამ პაციენტთა გადარჩენის მაჩვენებლები გაზარდა, დაავადების სწრაფი პროგრესირება და არასასურველი კლინიკური გამოსავალი პაციენტთა გარკვეულ ჯგუფში კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ახალი კვლევის თანახმად, თანამედროვე თერაპიული მიდგომების პირობებში საჭიროა იმ კრიტერიუმების გადახედვა, რომელთა საშუალებითაც ექიმები დაავადების სწრაფი პროგრესირების მაღალი რისკის მქონე პაციენტებს ავლენენ.

ამერიკის კიბოს საზოგადოების რეცენზირებად ჟურნალ CANCER-ში გამოქვეყნებულმა უახლესმა კვლევამ ცხადჰყო, რომ მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში სწრაფი პროგრესირებისა და არასასურველი გამოსავლის რისკის განმსაზღვრელი ე.წ. ფუნქციური მაღალი რისკის (Functional High-Risk, FHR) კრიტერიუმები, თანამედროვე თერაპიული მიდგომების პირობებში, შესაძლოა აღარ ასახავდეს დაავადების პროგრესირების რისკის რეალურ სურათს.

აქამდე FHR კატეგორიის მრავლობითი მიელომა განისაზღვრებოდა როგორც დაავადება, რომელიც მკურნალობის დაწყებიდან 18 თვის განმავლობაში პროგრესირებდა და რომლის პროგრესირების შემდეგ პაციენტის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა ორ წელზე ნაკლებს შეადგენდა. თუმცა, ბოლო წლებში ოთხკომპონენტიანი კომბინირებული თერაპიის დანერგვამ, რომელიც მოიცავს CD38-ის საწინააღმდეგო მონოკლონურ ანტისხეულებს, პროტეაზომის ინჰიბიტორებს, იმუნომოდულატორულ აგენტებსა და დექსამეტაზონს და ხშირად ინტეგრირებულია აუტოლოგიური ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციასთან, დაავადების მიმდინარეობა და მკურნალობის შედეგები მკვეთრად შეცვალა.

თანამედროვე თერაპიული მიდგომების პირობებში FHR კატეგორიის განსაზღვრის კრიტერიუმების სიზუსტის შესაფასებლად, ალაბამის უნივერსიტეტის ბირმინგემის კამპუსისა და CoMMiT კონსორციუმის მკვლევრებმა ახლად დიაგნოსტირებული მრავლობითი მიელომის მქონე 310 პაციენტის კლინიკური მონაცემები გააანალიზეს. კვლევაში მონაწილე ყველა პაციენტმა თანამედროვე კომბინირებული თერაპია მიიღო, ხოლო დაკვირვების მედიანურმა პერიოდმა 3.5 წელი შეადგინა.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ იმ პაციენტებში, რომელთა დაავადებაც მკურნალობის დაწყებიდან 36 თვის განმავლობაში პროგრესირებდა, დაავადების პროგრესირების შემდეგ მედიანური გადარჩენა ორ წელზე ნაკლებს შეადგენდა. შესაბამისად, მკვლევრებმა განსაზღვრეს ახალი კატეგორია — FHR36, რომელიც მოიცავს პაციენტებს, რომლებშიც დაავადების პროგრესირება მკურნალობის დაწყებიდან პირველი სამი წლის (36 თვის) განმავლობაში დაფიქსირდა.

ახალმა ანალიზმა აჩვენა, რომ FHR36 კატეგორიაში პაციენტების დაახლოებით 16.4% მოხვდა. მკვლევართა შეფასებით, ამ ჯგუფის პაციენტები უნდა განიხილებოდნენ როგორც პრიორიტეტული კანდიდატები T-უჯრედებზე მიმართული ახალი თერაპიების ადრეული გამოყენებისა და ინოვაციური მკურნალობის კლინიკური კვლევებისთვის.

კვლევის ავტორთა განცხადებით, მიღებული შედეგები ექიმებს დაეხმარება უფრო ზუსტად გამოავლინონ ის პაციენტები, რომლებიც დაავადების სწრაფი პროგრესირების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან, და დროულად შეარჩიონ მათთვის ოპტიმალური თერაპიული სტრატეგიები. ახალი მიდგომა ასევე მნიშვნელოვანია მომავალი კლინიკური კვლევების დაგეგმვისთვის, რადგან საშუალებას მისცემს მკვლევრებს, უფრო ზუსტად გამოავლინონ მაღალი რისკის მქონე პაციენტები და განსაზღვრონ მათი ჩართვის შესაძლებლობა ახალი თერაპიული მიდგომების შეფასების პროცესში.

წყარო: www.news-medical.net

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები