საქართველო შესაძლოა მალე C ჰეპატიტისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადდეს

გააზიარე

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა ლომინაძის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) საქართველოს უახლოეს პერიოდში C ჰეპატიტისგან თავისუფალ ქვეყნად გამოაცხადებს. აღნიშნული საკითხი 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების ანგარიშის განხილვისას გაჟღერდა, სადაც ყურადღება დაეთმო C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობას.

კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა პროგრამის ფარგლებში მიღწეულ შედეგებს და აღნიშნა, რომ ქვეყანაში 80 000-ზე მეტი ადამიანი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ლომინაძის თქმით, საუბარია საერთაშორისო „ოქროს სტანდარტზე“, რაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი წარმატებაა.

ამავდროულად, პრობლემურ გამოწვევად რჩება იმ პირთა რიცხვი, რომლებსაც დიაგნოზი უკვე დადასტურებული აქვთ, თუმცა თერაპიის კურსს არ გადიან. ლომინაძის ინფორმაციით, ასეთი დაახლოებით 10 000 მოქალაქეა, რაც პროგრამის საბოლოო მიზნის მიღწევას აფერხებს.

„დაახლოებით 10 000-მდე ადამიანს C ჰეპატიტი დადასტურებული აქვს, მაგრამ სამწუხაროდ, არ მიდიან და მკურნალობას არ იტარებენ. უნდა ვისარგებლოთ და განსაკუთრებით პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებს მივმართოთ, რომ ეს ადამიანები აუცილებლად ჩაბმული იყოს პროგრამაში. ამ ადამიანების სამკურნალოდ მიყვანა აუცილებელია — უნდა ვისაუბროთ მათ მაღალ თვითშეგნებაზე, რომ პროგრამაში აუცილებლად ჩაერთონ,“ — აღნიშნა ზაზა ლომინაძემ.

წყარო: Interpressnews

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები