ალცჰაიმერის დაავადების ადრეული სტადიის სამკურნალო პრეპარატმა diranersen-მა მეორე ფაზის კლინიკურ კვლევაში (CELIA) დაავადების პროგრესირება მნიშვნელოვნად შეანელა. კვლევის პირველი ორი წლის შუალედური შედეგები ბოსტონში, ალცჰაიმერის დაავადების კლინიკური კვლევების კონფერენციაზე (CTAD 2026) წარადგინეს. კვლევის ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) ნევროლოგიის ინსტიტუტის პროფესორი კეთ მამერია.
პრეპარატი ანტისენს-ოლიგონუკლეოტიდური, ე.წ. „გენის დადუმების“ თერაპიაა, რომელიც წელიწადში ორჯერ ინიექციის სახით კეთდება. მისი სამიზნე ტაუ ცილაა — ტვინის ერთ-ერთი მთავარი დამაზიანებელი ცილა, რომელიც ალცჰაიმერის დაავადების განვითარებაში მონაწილეობს.
ორწლიანი დაკვირვების (96-ე კვირა) შედეგებმა აჩვენა, რომ diranersen-მა კოგნიტიური და ფუნქციური გაუარესება ყველა შესწავლილ დოზაზე შეანელა, მაგრამ ყველაზე მკაფიო ეფექტი 60 მგ-იან ჯგუფში დაფიქსირდა. ამ დოზის მიმღებ პაციენტებში, თავდაპირველად პლაცებოს ჯგუფში მყოფ მონაწილეებთან შედარებით, კლინიკური გაუარესება CDR-SB შკალით (რომელიც კოგნიციასა და ყოველდღიურ ფუნქციონირებას აფასებს) 38%-ით შენელდა. 76-ე კვირას ეს მაჩვენებელი 26% იყო.
96-ე კვირას, 20 კვირით ადრინდელ მონაცემებთან შედარებით, დამატებითი გაუმჯობესება გამოვლინდა კვლევაში გამოყენებული ხუთი დამატებითი კრიტერიუმიდან ოთხში. ალცჰაიმერის შეფასების 13-პუნქტიან კოგნიტიურ შკალაზე (ADAS-Cog13) სხვაობა კიდევ უფრო თვალსაჩინო აღმოჩნდა და 54%-იანი გაუმჯობესება აჩვენა.
მეცნიერების შეფასებით, მეორე ფაზის ეს შედეგები საფუძველს ქმნის პრეპარატის შემდგომი განვითარებისა და მესამე ფაზის კლინიკური კვლევის დასაწყებად, რომელმაც diranersen-ის ეფექტიანობა და უსაფრთხოება საბოლოოდ უნდა დაადასტუროს.
წყარო: MedicalXpress

