თანამედროვე ოფთალმოქირურგიაში გლაუკომის ინტერვენციები, შედეგების წინასწარი განსაზღვრის თვალსაზრისით, კატარაქტის ოპერაციებს საგრძნობლად ჩამორჩება. ეს განსხვავება მეთოდოლოგიურ სიზუსტეში მდგომარეობს: თუ კატარაქტის დროს ოპტიკური ბიომეტრია თვალის ანატომიურ პარამეტრებს ზუსტად ზომავს და თითქმის უშეცდომო რეფრაქციულ შედეგს განაპირობებს, გლაუკომის ოპერაციისას სითხის დინამიკის მართვის პროცესი კვლავ „ბრმაა”.
პრობლემის არსი იმაშია, რომ ქირურგები თვალშიდა წნევას მხოლოდ ოპერაციამდე და მისი დასრულების შემდეგ აფასებენ. შესაბამისად, უშუალოდ ქირურგიული მანიპულაციის დროს მიმდინარე კრიტიკული ფიზიოლოგიური ცვლილებები სპეციალისტის მხედველობის მიღმა რჩება.
ეს მონაცემთა ნაკლებობა პირდაპირ აისახება მკურნალობის დაბალ ეფექტურობაზე. სტატისტიკურად, პაციენტთა ნახევარზე მეტი, რომელთაც ტრაბეკულექტომია ან სადრენაჟო იმპლანტაცია უტარდებათ, სრულ თერაპიულ წარმატებას ვერ აღწევს. ვინაიდან გართულებები ხშირად მხოლოდ პოსტოპერაციული ვიზიტების დროს ვლინდება, დროული კლინიკური რეაგირება საგრძნობლად რთულდება. ბიომეტრიული უკუკავშირის არარსებობა კატარაქტის ქირურგიის 95%-იან სიზუსტესთან მკვეთრ კონტრასტს ქმნის, რაც გლაუკომის მართვის ახალი, უფრო ზუსტი სტანდარტების დანერგვის აუცილებლობას წარმოშობს.
ამ კლინიკური გამოწვევის საპასუხოდ, Mount Sinai-ს მკვლევარმა, შონ იანჩულევმა, miDOC ტექნოლოგია შექმნა. სისტემა ოპერაციის მსვლელობისას თვალის სითხის დინამიკას უწყვეტ რეჟიმში ზომავს და ქირურგს გადაწყვეტილების მიღებაში რეალური მონაცემებით ეხმარება.
ციფრული ბიომეტრიის ინტეგრირება საოპერაციო პროცესში
Mount Sinai-ს ნიუ-იორკის თვალისა და ყურის კლინიკაში (NYEE) შექმნილი miDOC სისტემა ოპერაციის მსვლელობისას ოთხ ფუნდამენტურ პარამეტრს უწყვეტ რეჟიმში აკონტროლებს. ტექნოლოგია რეალურ დროში ზომავს თვალშიდა წნევასა და წყალწყალა ნამის დინამიკას, რაც ქირურგს პროცესის მართვისა და მყისიერი კორექტირების საშუალებას აძლევს. ამასთანავე, სისტემა ლაივში აფასებს ტრაბეკულური ქსელის ფუნქციონირებასა და ქსოვილის რეაქციას (რიგიდობას) ინტერვენციაზე, რაც მანამდე პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
დოქტორი იანჩულევი ამ გარღვევას კატარაქტის ქირურგიაში დანერგილ ოპტიკურ ბიომეტრიას ადარებს. მისი განმარტებით, miDOC-ს გლაუკომის მკურნალობაში ისეთი სიზუსტე შემოაქვს, რომელიც სამედიცინო პრაქტიკაში მანამდე არ არსებობდა. აღნიშნული ტექნოლოგია ქირურგიულ ჩარევას ინტუიციური მიდგომიდან მონაცემებზე დაფუძნებულ, მაღალტექნოლოგიურ პროცესად აქცევს.
პირველი წარმატებული ინტერვენციები ადამიანებზე
ტექნოლოგიის ეფექტურობა NYEE-ის მიერ ჩატარებულმა ქვეყნის პირველმა კლინიკურმა კვლევამ ცალსახად დაადასტურა. 2025 წლის ივლისიდან დღემდე 20 ოპერაცია წარმატებით დასრულდა, სადაც თითოეული შემთხვევა ინტრაოპერაციული ბიომეტრიული კონტროლის ქვეშ მიმდინარეობდა.
სისტემის მაღალი სიზუსტის უკუკავშირმა ისეთი ნიუანსები გამოავლინა, რომლებიც ტრადიციული მეთოდების გამოყენებისას სრულიად უხილავი რჩებოდა. გადინების მონაცემების რეალურ დროში მიღებამ ქირურგიული მანევრების დაუყოვნებლივი ოპტიმიზაციის შესაძლებლობა შექმნა. აღნიშნული შედეგები სავარაუდოდ იმ ფარულ მიზეზებსაც ხსნის, რომლებიც სტანდარტული პროცედურების წარმატებას ან მოულოდნელ მარცხს განაპირობებს.
გლაუკომის მიღმა: ოფთალმოლოგიური დიაგნოსტიკის ახალი ჰორიზონტები
გლაუკომის მართვის გარდა, miDOC ტექნოლოგია ოფთალმოლოგიური ქირურგიის სხვადასხვა მიმართულებით ახალ სადიაგნოსტიკო შესაძლებლობებს ქმნის. მაგალითად, კატარაქტის პროცედურების დროს პოსტოპერაციული წნევის მკვეთრი მატება მხედველობისთვის, სრულყოფილი რეფრაქციული შედეგების პირობებშიც კი, სახიფათოა. ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, კრიტიკული ცვლილებები უშუალოდ ოპერაციის მსვლელობისას დაფიქსირდეს, რაც პაციენტს შემდგომი გართულებებისგან ეფექტურად იცავს.
პარალელურად, სისტემა ქოროიდული სისხლის მიმოქცევის მონიტორინგის უნიკალურ საშუალებად გვევლინება. ვინაიდან მაკულას სისხლმომარაგება მხედველობის სიმახვილისთვის გადამწყვეტია, ნებისმიერი გადახრის ადრეული გამოვლენა რეტინალურ ქირურგებს დაავადების მართვის პროცესს საგრძნობლად უადვილებს. ამგვარად, miDOC ტრადიციული ოფთალმოლოგიის ფარგლებს სცილდება და დარგში კომპლექსური ციფრული ბიომეტრიის სტანდარტს ამკვიდრებს.
თუმცა, სისტემის პოტენციალი მხოლოდ ოფთალმოლოგიური მაჩვენებლებით არ შემოიფარგლება. ტექნოლოგია ცერებროვასკულარული, კარდიოლოგიური და ლიმფური ფიზიოლოგიის შესახებ უმნიშვნელოვანეს მონაცემებს ავლენს. თვალის “ანატომიური ხელმისაწვდომობა” მას მთლიანი სისხლძარღვოვანი სისტემის შესწავლის იდეალურ პლატფორმად აქცევს.
გლობალური აღიარება
დოქტორი იანჩულევი გლაუკომის ქირურგიაში კატარაქტის დონის შედეგების მიღწევას ციფრული მონიტორინგისა და ბიომეტრიული უკუკავშირის დანერგვით გეგმავს. დღეისათვის არსებული პროცედურები ხშირად არაპროგნოზირებადი ნაწიბურებისა და წნევის არასტაბილური კონტროლის გამო ფერხდება. miDOC კი ოპერაციული პროცესის სრული სტანდარტიზაციისა და შედეგების მაღალი რეპროდუცირებადობის იმედს იძლევა.
ტექნოლოგიის ტრანსფორმაციულ პოტენციალზე მისი ოფიციალური დებიუტიც მიუთითებს. miDOC საზოგადოების წინაშე ASCRS-ის ჩარლზ დ. კელმანის ლექციაზე წარდგა, რომელიც მხოლოდ კატარაქტისა და რეფრაქციული ქირურგიის გამორჩეული ლიდერებისთვისაა განკუთვნილი. აღნიშნული პლატფორმის შერჩევა პროფესიული წრეების მხრიდან სისტემის ინოვაციურობისა და მისი სტრატეგიული მნიშვნელობის აღიარებას ადასტურებს.
რეგულირება და კომერციალიზაცია
ამჟამად miDOC კვლევის სტადიაზეა და FDA-ის ავტორიზაციას ჯერ არ ფლობს. სისტემა NYEE-ში კლინიკური დახვეწის ეტაპს გადის, პარალელურად კი Mount Sinai ინტელექტუალური საკუთრების დაცვაზე ზრუნავს. დაწესებულებამ უკვე წარადგინა პატენტები, სადაც ტექნოლოგიის თანაგამომგონებლებად დოქტორები იანჩულევი და კამთანი სახელდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ლიცენზირების პროცესი ჯერ არ დასრულებულა, გამომგონებლები სისტემის სამომავლო ვალიდაციისგან მნიშვნელოვან სარგებელს ელიან.
სამომავლოდ დაგეგმილი უფრო ფართო კვლევები ტექნოლოგიის ეფექტურობას სხვადასხვა პროცედურასა და პაციენტთა მრავალფეროვან პოპულაციაში დაადასტურებს. აღნიშნული ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ, მარეგულირებელ ორგანოში ოფიციალური განაცხადის წარდგენა იგეგმება. პროექტის ავტორთა მოსაზრებით, კომერციულ პარტნიორობას სისტემის გლობალური დანერგვის პროცესის საგრძნობლად დაჩქარება შეუძლია.
წყარო: Mount Sinai

