ამერიკამ, შესაძლოა, წითელას ელიმინაციის სტატუსი დაკარგოს — ინფიცირების მაჩვენებელი 1991 წლის შემდეგ რეკორდულია

გააზიარე

საერთაშორისო ჯანდაცვის ექსპერტები განიხილავენ, ჩამოერთმევა თუ არა ამერიკის შეერთებულ შტატებს წითელას ელიმინაციის სტატუსი — საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც ქვეყანამ მეოთხედი საუკუნის წინ მოიპოვა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) პანამერიკული ჯანდაცვის ორგანიზაციის კომიტეტი დახურულ ფორმატში მსჯელობს, არსებობს თუ არა აშშ-ში წითელას უწყვეტი გავრცელების 12 თვეზე მეტხანს შენარჩუნების მტკიცებულება. დადასტურების შემთხვევაში, ქვეყანა 2000 წელს მინიჭებულ სტატუსს დაკარგავს. კომიტეტი საბოლოო დასკვნას მომავალ სამშაბათს გამოაქვეყნებს.

მიმდინარე წელს აშშ-ში წითელას შემთხვევებმა 1991 წლის შემდეგ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, 2026 წელს ინფიცირების 5 182 შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ როცა 2025 წელს ეს მაჩვენებელი 2 289-ს შეადგენდა. შტატების მასშტაბით, დაავადებას სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა.

ეპიდემიოლოგიური აღმასვლა 2025 წლის იანვარში, დასავლეთ ტეხასში დაწყებული მასშტაბური აფეთქებით დაიწყო, რასაც იუტაში, არიზონასა და სხვა შტატებში შემთხვევების უწყვეტი მატება მოჰყვა.

აშშ-ის კომიტეტის ხელმძღვანელი, ნოელ ბრიუერი აღნიშნავს, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემები ვირუსის გადაცემის ორ დამოუკიდებელ ჯაჭვს აჩვენებს, რომლებიც 12 თვეზე მეტხანს გაგრძელდა.

გლობალური კომისია ამჟამად ამერიკის კონტინენტის ყველა ქვეყანას ამოწმებს, მაგრამ განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ აშშ და მექსიკა არიან — ორივე სახელმწიფოში ეპიდაფეთქება საკმარისად დიდხანს გაგრძელდა იმისთვის, რომ უწყვეტი გავრცელების შესახებ საფუძვლიანი ეჭვი გაჩენილიყო.

წყარო: Washington Post

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები