ღიმილი, როგორც საერთო მისია: ნუცა ზურაბიანისა და ნანა სულაძის პროფესიული ტანდემი

გააზიარე

თანამედროვე მედიცინა დიდი ხანია გასცდა მხოლოდ მშრალი, მექანიკური თუ არამექანიკური ჩვევების ჩარჩოებს. დღეს, უმაღლესი კლინიკური შედეგის მისაღწევად, უახლესი ციფრული ტექნოლოგიების ცოდნასთან ერთად, საფუძვლიანი აკადემიური მომზადება და უპირობო ადამიანური ემპათიაც აუცილებელია. სწორედ ამ მიზნის გარშემო გაერთიანდა ორი გამორჩეული ექიმი: სტომატოლოგებმა ნუცა ზურაბიანმა და ნანა სულაძემ განსხვავებული ხედვითა და დაუღალავი შრომით, საქართველოში, სტომატოლოგიური მომსახურების სრულიად ახალი სტანდარტის საერთაშორისო სტომატოლოგიის ცენტრი ISO შექმნეს. ეს ისტორია დიდ პროფესიულ ვნებებზე, სისტემურ გამოწვევებთან ბრძოლაზე, ინოვაციებსა და იმ უხილავ კავშირზეა, რომელიც ექიმსა და პაციენტს შორის ნდობას აშენებს.

ორი პორტრეტი, ერთი მისია

ნუცა ზურაბიანი: ინოვაციებისა და ციფრული არქიტექტურის მესაჭე

ნუცა ზურაბიანი

პროფაილი: ასოცირებული პროფესორი, ექიმი-იმპლანტოლოგი, ორთოპედიის რეზიდენტურის პროგრამის და მოდულის ხელმძღვანელი, სამედიცინო-სამეცნიერო ასოციაცია „ჯანდაცვის პროფესიონალთა ლიგა“-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

განათლება: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული (სარეიტინგო პირველ ათეულში). პროფესიული გზა ქართველი მენტორის, კახა მაზმიშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო, შემდგომში გერმანელი კოლეგების მიერ ადგილზე ჩატარებული ფუნდამენტური კურსებით გაგრძელდა და საერთაშორისო სერტიფიცირებით დაგვირგვინდა. უკვე 17 წელზე მეტია, რაც ორთოპედიულ სტომატოლოგიასა და იმპლანტაციაში წარმატებით ლიდერობს.

ხედვა: ნუცა მედიცინას უმაღლესი მათემატიკის, ინჟინერიისა და ხელოვნური ინტელექტის ჭრილში განიხილავს. მისი მიზანია, პაციენტის ფსიქოემოციური სტრესის ნულამდე დაყვანა და ღიმილის ზუსტი, წინასწარ პროგნოზირებადი ციფრული არქიტექტურის შექმნა.

ნანა სულაძე: აკადემიური გარანტი და ბავშვთა სტომატოლოგია

პროფაილი: მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ბავშვთა და მოზრდილთა თერაპევტი სტომატოლოგი, სამედიცინო-სამეცნიერო ასოციაცია „ჯანდაცვის პროფესიონალთა ლიგა“-ს ხელმძღვანელი.

განათლება: ნანა არის ექიმი, რომელმაც აკადემიური ცოდნითა და შეუპოვრობით შეძლო ჯანდაცვის სამინისტროში ბავშვთა სტომატოლოგიის შეჩერებული რეზიდენტურის პროგრამის რეფორმირება და განახლება.

ხედვა: საქართველოში ბავშვთა სტომატოლოგიის მიმართულებით ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან სპეციალისტებს შორის, რომელმაც ამ სფეროში ფუნდამენტური და დამოუკიდებელი განათლება მიიღო. მისი პროფესიული ფილოსოფია მარტივია: პატარა პაციენტებთან მუშაობა მხოლოდ პირის ღრუს დაავადებების მკურნალობას არ გულისხმობს. ის ასევე მოითხოვს მათი ემოციების, შიშებისა და განცდების ფრთხილ და ყურადღებიან მართვას.

როცა იდეა ბიზნესად იქცა

ნუცა ზურაბიანი და ნანა სულაძე პროფესიულად 2013 წელს, ერთ-ერთ სახელმწიფო კლინიკაში გადაიკვეთნენ. ნანას მაშინ უკვე დაცული ჰქონდა სადისერტაციო ნაშრომი, ნუცა კი ამ პროცესის დასაწყისში იყო.

„ორივე ვიყავით ანთებულები, საკუთარ საქმეზე შეყვარებულები. იქვე გავცვალეთ აზრები იმ ხარვეზებზე, რასაც სხვადასხვა კლინიკაში ვხედავდით, იქნებოდა ეს – სერვისების, კვალიფიციური რესურსისა თუ ფინანსების დეფიციტი. გადავწყვიტეთ, შეგვექმნა უნიკალური გარემო, სადაც პირველ რიგში ჩვენ, როგორც ექიმები, ვიგრძნობდით თავს კომფორტულად და მერე გუნდს ვაგრძნობინებდით თავს ღირსეულად.“ – იხსენებს ნუცა ზურაბიანი.

სწორედ ამ იდეამ დაუდო საფუძველი 2015 წელს კლინიკა ISO-ს შექმნას, რომელიც 2017 წელს ბაზარზე სრულფასოვან, საერთაშორისო სტანდარტების ცენტრად ჩამოყალიბდა.

ნანა სულაძის აზრით, მათი წარმატებული პარტნიორობის საიდუმლო სრულ ურთიერთპატივისცემასა და უპირობო მხარდაჭერაშია.

ნანა სულაძე: „პარტნიორობაში უმნიშვნელოვანესი ერთმანეთის მოსმენაა. ჩვენ, ორი აქტიურ ქალს, თავში სულ ახალი იდეები გვიტრიალებს. როდესაც ნუცა რაღაცას ანთებული გააჟღერებს, მე ვეუბნები: «ნუცა, შენ თუ ასე გჯერა, მე შენთან ვარ». ზუსტად ასევე მპასუხობს ისიც. განვითარებისთვის ჩვენ არასდროს გვენანება ფინანსები, ჩვენთვის მთავარია შედეგი. ფინანსურ სარგებელზე დროებითი უარის თქმა, ხშირად პროგრესის სასარგებლოდ წინ გადადგმულ ათ ნაბიჯს უდრის.“

გუნდის არქიტექტურა და პაციენტის დროის მენეჯმენტი

დღეს, კლინიკა ISO აერთიანებს 100-მდე თანამშრომელს, მათ შორის არიან უკვე გამოცდილი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმები და ასევე ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტები.

კლინიკის მთავარი ღირებულება პაციენტზე ორიენტირებული, მრავალპროფილური და კომპლექსური მიდგომაა. თერაპია, ორთოდონტია, ორთოპედია, იმპლანტაცია, ყბა-სახის ქირურგია, ყველა დეპარტამენტი დაკომპლექტებულია ექიმებით, რომლებიც მხოლოდ მტკიცებით მედიცინაზე დაყრდნობით მუშაობენ.

როგორ მუშაობს შიდა მენეჯმენტი?

  • შეხვედრები და ქეის-რეპორტები: ორივე ფილიალის გუნდი ყოველდღიურად, რთული კლინიკური შემთხვევებისა და პაციენტების მართვის სტრატეგიების განსახილველად იკრიბება. თვეში ერთხელ კი საერთაშორისო მნიშვნელობის ცნობილ შემთხვევებს განიხილავენ.

  • თაობათა ბალანსი: გამოცდილი ექიმები მენტორობას უწევენ ახალგაზრდებს, ხოლო ახალ თაობას გუნდში ახალი სისხლი, ენერგია და ციფრულ ტექნოლოგიებთან სწრაფი წვდომის უნარი შემოაქვს.

  • კრიზისის პრევენცია: რთული პაციენტის მართვისას, კაბინეტში მომუშავე ნებისმიერ ექიმს აქვს კოლეგებისა და ხელმძღვანელების მყისიერი მხარდაჭერის იმედი. ყველა პრობლემას სწრაფი შიდა კონსილიუმების წესით აგვარებენ, რაც კრიზისულ სიტუაციებს გამორიცხავს. კლინიკის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სარგებელი დროის მენეჯმენტია. საუკუნეში, სადაც დრო ყველაზე ძვირადღირებული რესურსია, ISO-ში პაციენტის დერეფანში მოცდის მაქსიმალური დრო 5-8 წუთია.

სინქრონული მუშაობის წყალობით, ერთად მოსულ ოჯახს (ბებიას, მშობელს, შვილიშვილს) შეუძლია სულ რაღაც ორ საათში მიიღოს სრული, სხვადასხვა პროფილის სტომატოლოგიური მომსახურება, რაც პაციენტს უზოგავს ენერგიას და მკურნალობის პროცესს კომფორტულს ხდის.

ტექნოლოგიური რბოლა და სისტემური გამოწვევები

ნუცა ზურაბიანი ღიად საუბრობს იმ დიდ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დღეს ქართული სამედიცინო დარგი დგას. მედიცინა და სტომატოლოგია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტური დარგია, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი გეომეტრიული პროგრესიით მიდის წინ.

„იყიდი დანადგარს, რომელიც 100 000 ევრო ღირს, რამდენიმე დღეში კი უკვე ახალი მოდელი გამოდის და შენი გუშინდელი ინვესტიცია ტექნოლოგიურად ძველდება. ინდივიდუალურ დონეზე, ჩვენი საკუთარი სახსრებით, ყველაფერს ვაკეთებთ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არ ჩამოვრჩებით ევროპის, ამერიკისა თუ დიდი ბრიტანეთის წამყვან სტანდარტებს. თუმცა, თუ გვინდა, რომ ქვეყანაში მასშტაბურად დაინერგოს რობოტული სტომატოლოგია (რომელიც იაპონიაში წარმატებით მუშაობს) და ხელოვნური ინტელექტის ავთენტური სისტემები, კერძო ბიზნესსა და სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის უფრო მჭიდრო კავშირი და ფინანსური მხარდაჭერაა საჭირო. სხვანაირად, ტექნოლოგიურ განვითარებას უბრალოდ დავაგვიანებთ.“

ციფრული ტექნოლოგიების წყალობით, ISO-ში სრულად დაძლიეს პაციენტის მთავარი შიში — „ნეტა საბოლოოდ როგორი გამოვა?“. ღიმილის ციფრული მოდელირებისა (Digital Smile Design) და კომპიუტერული ტექნოლოგიების მეშვეობით, პაციენტი წინასწარ, მკურნალობის დაწყებამდე, 99.9%-იანი სიზუსტით ხედავს თავისი მომავალი ვინირებისა თუ გვირგვინების ფორმას, ფერსა და დიზაინს. ასეთმა მიდგომამ კი მკურნალობის პროცესი სრულიად გაათავისუფლა ფსიქოლოგიური სტრესისგან.

ბავშვთა სტომატოლოგია: ბრძოლა სტანდარტებისთვის

ნანა სულაძის პროფესიული გზა ნათელი მანიფესტია იმისა, თუ როგორ უნდა იბრძოლო დარგის გადასარჩენად. საქართველოში დღეს კვალიფიციური ბავშვთა სტომატოლოგების სერიოზული დეფიციტია. მიზეზი სისტემურია: არსებული პროგრამით, სტუდენტები ცალკე ამ მიმართულებას ვერ სწავლობენ. ის გაერთიანებულია ზოგად თერაპიულ მოდულში და ბავშვთა სპეციფიკას მხოლოდ სამი თვე ეთმობა.

ნანა სულაძე

ნანა სულაძე: „სამი თვე ფიზიკურად არ არის საკმარისი იმ სირთულეების გადასალახად, რაც ბავშვთა ასაკში გვხვდება: ჩამოუყალიბებელი ფესვებისა და ხშირი ტრავმული დაზიანებების სახით. როდესაც უნივერსიტეტი დავამთავრე, პროგრამა შეჩერებული იყო. ჩემს მომავალ ხელმძღვანელს, პროფესორ თამარ შიშნიაშვილს, ვთხოვე პროგრამის განახლება. მან ჯერ ჩემი აკადემიური მოსწრება შეამოწმა და როცა ნახა, რომ წარჩინებული სტუდენტი ვიყავი, მხოლოდ მაშინ დამთანხმდა პროგრამის განახლებაზე. ასე აღმოვჩნდი ერთადერთი რეზიდენტი ბავშვთა სტომატოლოგიაში.“

ნანა აღნიშნავს, რომ ბავშვებთან მუშაობისას მთავარი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი მათი სიყვარული, ემოციური ინტელექტი და ამ გზით, მათი ნდობის მოპოვებაა. პატარა პაციენტები ყველაზე სენსიტიურები არიან და უმალ გრძნობენ სიყალბეს. ამასთანავე, ექიმს უწევს არა მხოლოდ ბავშვის, არამედ მასთან ერთად მოსული, აღელვებული მშობლის მართვაც. ვინაიდან, საქართველოში, ბავშვებში სტომატოლოგიური დაავადებების გავრცელება მაღალია, პატარები კლინიკაში ხშირად მრავლობითი კარიესით მოჰყავთ. ბავშვს ძალიან უჭირს სავარძელში 15 წუთზე მეტხანს გაჩერება, ამიტომ მკურნალობის რამდენიმე ვიზიტზე გადანაწილება, პატარა პაციენტისთვის და მშობლის მხრიდან უდიდესი მოთმინება, წარმატებული მკურნალობის აუცილებელი პირობაა.

კრიზისიდან მოწოდებამდე

ინტერვიუს ყველაზე საინტერესო ნაწილი ექიმების მიერ საკუთარი პროფესიული გამოწვევებისა და მათი გადალახვის ისტორიებია. ნუცა ზურაბიანი იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც რეზიდენტურის დასრულების შემდეგ, სულ რაღაც 20-21 წლის ასაკში, პაციენტის წინაშე სრულიად მარტო დარჩა:

„როდესაც კარი გამოიკეტა და მივხვდი, რომ მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, სადაც ვერც დედა მიშველის და ვერც ჩემი მენტორი, შიშისგან ღამეები არ მეძინა. ორთოპედიული სტომატოლოგია უაღრესად რთული მიმართულებაა. ხშირად, დედას ვსაყვედურობდი კიდეც, ასეთი რთული პროფესიის შერჩევის გამო. რაზეც დედა მპასუხობდა: «ერთი წელი მოითმინე ჩემი ხათრით და თუ მიხვდები, რომ ამ დიდ პასუხისმგებლობას ვერ უმკლავდები, გადახიე შენს გადაწყვეტილებას პროფესიის თაობაზე. ჩვენ კი, მთელი ოჯახი, მხარს დაგიჭერთ». ერთი წლის თავზე, ოჯახური შეკრებისას, მე მათ მადლობა გადავუხადე. მივხვდი, რომ უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობა, სანაცვლოდ კი, მათი მადლიერების დანახვა. გავიაზრე, რომ ზუსტად იმას ვაკეთებ, რისთვისაც დავიბადე. დღემდე ამ მისიით ვცხოვრობ. ვფიქრობ, ამ ქვეყანას ამისთვის მოვევლინე“.

ნანა სულაძის თქმით, ექიმობა არის ღრმა თეორიული ცოდნის, კლინიკური გამოცდილების, უწყვეტი განვითარების პროცესის, ემოციური ინტელექტისა და სწორი ღირებულებების სინთეზი.

სტერეოტიპების მსხვრევა და მართვის ჰარმონია

მედიცინის სფეროში, ქალის მიერ კომპანიის ხელმძღვანელობა, უამრავ უხილავ ბარიერთან და სტერეოტიპთან გამკლავებას გულისხმობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბიზნესს ახალგაზრდა ასაკში იწყებ.

ნუცა ზურაბიანი: „პატარა ასაკში დავიწყეთ ბიზნეს საქმიანობა და ბევრი სტერეოტიპული შეხედულების მსხვერპლიც აღმოვჩნდით. იყო ქალი, უკვე ნიშნავს, რომ ორმაგი და სამმაგი ძალისხმევა გვჭირდებოდა იმის დასამტკიცებლად, რომ ინტელექტუალურად, ფიზიკურად და მორალურად მზად ხარ ისეთ დიდ სექტორში შესასვლელად, როგორიც ჯანდაცვაა. ჩვენი ცხოვრების 80% საქმეს ეძღვნება, 20% კი – ოჯახს. უდიდესი მადლობა ჩვენს მეუღლეებს, შვილებსა და მშობლებს გვერდში დგომისთვის.“

რაც შეეხება თავად დარგის სპეციფიკას: სტომატოლოგიური ჩარევების უმეტესობა ტარდება მაშინ, როდესაც პაციენტს ცნობიერება სრულად შენარჩუნებული აქვს. ეს ექიმისგან განსაკუთრებულ ფსიქოემოციურ მობილიზებას მოითხოვს, რაც გუნდში სტრესის მაღალ დონეს იწვევს. ნუცას და ნანას, როგორც ლიდერების მისია, სწორედ ამ სტრესის შემცირება, მისი ეფექტური მართვა და კლინიკაში ჰარმონიის შენარჩუნებაა. ISO-ს შინაგანაწესი მკაცრ სუბორდინაციასა და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება. აქ, გამოცდილი კოლეგები, ახალგაზრდების უპირობო საყრდენები ხდებიან. პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე, დამფუძნებლებს ხშირად უწევთ მათთვის ფინანსურად თუ ემოციურად არამომგებიანი ნაბიჯების გადადგმა.

ნანა სულაძე: „თუ არ შეგიძლია პაციენტის საჭიროების გათავისება, მის წინაშე თავის დახრა და ემპათიის გამოხატვა, ექიმად უბრალოდ ვერ შედგები. ექიმისთვის, მთავარი მამოძრავებელი ძალა პაციენტია. კმაყოფილი პაციენტების ღიმილი და ნდობა, ჩვენი კოლეგებისა და მთელი გუნდის წარმატებაა. სწორედ, ეს არის ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა. უდიდესი გამოწვევაა დროის და პასუხისმგებლობის სწორად განაწილება.“

რჩევა მომავალი სტომატოლოგებს

ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ სამედიცინო კარიერის რთულ გზაზე სიარულს, ISO-ს დამფუძნებლებს მკაცრი, თუმცა რეალისტური გზამკვლევი აქვთ. ექიმობა არ არის მხოლოდ პროფესია, ეს არის მუდმივი, უწყვეტი განათლება და ნებისყოფა. წარმატების ფორმულას ნუცა და ნანა რამდენიმე უმნიშვნელოვანეს პუნქტად ყოფენ:

  • პრაქტიკულ სამუშაოებში ჩართვა: „მეხუთე კურსზე რომ გადადიან, თუ ასისტენტობის პრაქტიკული გამოცდილება არ აქვთ, ახალგაზრდებმა არ იციან, რომელი მიმართულება უნდათ: ბავშვთა სტომატოლოგია, იმპლანტაცია, ორთოპედია თუ ქირურგია,“ – განმარტავს ნუცა ზურაბიანი. მიღმა პრაქტიკულ სამუშაოებში ჩართვისა, კლინიკა ISO ის გამონაკლისია, რომელიც სტუდენტებს მესამე კურსიდანვე სთავაზობს ანაზღაურებად სამუშაო ადგილებსა და პრაქტიკულ ბაზას.

  • მაღალი სტანდარტის სარეზიდენტო ბაზა: საშუალო და დაბალი ხარისხის გარემო თავიდანვე უნდა გამოირიცხოს. რეზიდენტურა არის მომავალი ექიმის ფუნდამენტი. კარგი მენტორი, თანამედროვე ტექნოლოგიებთან წვდომა და სწორი გარემო პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

  • თავდაუზოგავი შრომა: “პროფესიული ზრდა მოითხოვს დათმობას. თუ თავდაუზოგავად არ იშრომე, არც დარგი იმუშავებს შენთვის და არც ეს პროფესია მოგემსახურება. ეს არის ორმხრივი პროცესი,” – აღნიშნავს ნუცა.

ნანა სულაძე: „ვურჩევ ახალგაზრდა კოლეგებს, არასოდეს შეწყვიტონ თვითგანვითარებაზე ზრუნვა. ერთსაც დავამატებ – მედიცინა ყველაზე ჰუმანური დარგია და მას უდიდესი პასუხისმგებლობით უნდა ემსახურო, რადგან ჩვენ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე გვაბარია. ეს თუ არ გაქვს შინაგანად, ექიმობა, როგორც პროფესია, საერთოდ არ უნდა აირჩიო.“

ვუსმენ ჩემს რესპონდენტებს და ვრწმუნდები, რომ ნუცა ზურაბიანისა და ნანა სულაძის ტანდემმა მართლაც შექმნა სივრცე, სადაც პროფესიონალიზმი, ადამიანურობა და გუნდური ჰარმონია სრულად შეერწყა უახლეს ინოვაციებს, რასაც, საბოლოო ჯამში, თითოეული პაციენტისთვის უსაფრთხო, ჯანსაღი და ბედნიერი ღიმილის ჩუქება შეუძლია.

ავტორი: ნინი ჯალაბაძე ფოტო: თამარ გონჯილაშვილი

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები