ამერიკის პედიატრთა აკადემიამ იმუნიზაციის განახლებული კალენდარი გამოაქვეყნა

გააზიარე

2026 წლის 5 იანვარს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) გამოაქვეყნა იმუნიზაციის განახლებული კალენდარი, რომლის მიხედვითაც უნივერსალურად რეკომენდებული ვაქცინების რაოდენობა 11-მდე შემცირდა. აღნიშნული ცვლილების პარალელურად, ამერიკის პედიატრთა აკადემიამ (AAP) შეინარჩუნა მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომა და გამოსცა საკუთარი იმუნიზაციის კალენდარი ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რომელიც 18 ინფექციური დაავადების წინააღმდეგ საყოველთაო პროფილაქტიკას ითვალისწინებს.

CDC-ის ახალი პოლიტიკის თანახმად, რიგი მნიშვნელოვანი ვაქცინები — მათ შორის სეზონური გრიპის, როტავირუსისა და A და B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნიზაცია — აღარ მიეკუთვნება უნივერსალური იმუნიზაციის რეკომენდაციებს და მათი გამოყენება ძირითადად რისკ-ჯგუფების მიხედვით განისაზღვრება. დამატებით, გრიპისა და COVID-19-ის ვაქცინაცია მოექცა „ერთობლივი კლინიკური გადაწყვეტილების“ (shared clinical decision-making) ჩარჩოში, რაც ინდივიდუალურ კლინიკურ შეფასებაზე დაფუძნებულ მიდგომას გულისხმობს.

ექსპერტთა შეფასებით, აღნიშნული ცვლილებები ნაწილობრივ ეფუძნება დანიის ვაქცინაციის მოდელს, რომლის მიზანს ვაქცინაციის რაოდენობრივი შემცირება და რესურსების ოპტიმიზაცია წარმოადგენს. თუმცა, აშშ-ს წამყვანი პედიატრები, მათ შორის დოქტორი მოლი ო’ში და დოქტორი ჩარლზ ჰანუმი, აღნიშნავენ, რომ ამ მოდელის პირდაპირი ტრანსპოზიცია აშშ-ის ჯანდაცვის სისტემაში მიუღებელია. დანიისგან განსხვავებით, სადაც ფუნქციონირებს ცენტრალიზებული უნივერსალური ჯანდაცვის სისტემა და ფართო სოციალური მხარდაჭერის პროგრამები, აშშ-ის ფრაგმენტირებული ჯანდაცვის მოდელი ნაკლებად უზრუნველყოფს ინფექციური დაავადებების ეფექტიან კონტროლს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების ნაწილის შეფასებით, CDC-ის მიერ რეკომენდაციების შემცირება არ ეფუძნება ტრადიციულ, ყოვლისმომცველ სამეცნიერო რეცენზირებას.  აღნიშნული მიდგომა საფრთხეს უქმნის პოპულაციურ (ჯოგურ) იმუნიტეტს და საზოგადოებაში ქმნის მცდარ აღქმას, თითქოს კონტროლირებადი ინფექციური დაავადებები აღარ წარმოადგენს საფრთხეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის.

აღნიშნულ სტრატეგიას მტკიცედ უპირისპირდება ამერიკის პედიატრთა აკადემია (AAP), რომლის მიერ შემუშავებულ იმუნიზაციის კალენდარს მხარს უჭერს თორმეტი წამყვანი სამედიცინო ორგანიზაცია, მათ შორის ამერიკის სამედიცინო ასოციაცია (AMA) და მეან-გინეკოლოგთა ამერიკული კოლეგია (ACOG). აკადემიის პრეზიდენტის, ენდრიუ რასინის განცხადებით, იმუნიზაციის მოცვის შემცირება გაზრდის ისეთი მძიმე ინფექციური დაავადებების ხელახალი გავრცელების რისკს, როგორიცაა წითელა, პოლიომიელიტი და ბაქტერიული მენინგიტი.

კლინიკური ექსპერტების შეფასებით, AAP-ის იმუნიზაციის სქემა წარმოადგენს ოპტიმალურ ბალანსს ბავშვის იმუნური სისტემის განვითარების ფიზიოლოგიურ თავისებურებებსა და მაქსიმალურ ეპიდემიოლოგიურ დაცვას შორის და ეფუძნება მრავალწლიანი კვლევების შედეგად დაგროვილ მტკიცებულებებს.

აღნიშნულმა პოლარიზაციამ სამართლებრივი განზომილებაც შეიძინა. 2026 წლის 16 მარტს ფედერალურმა სასამართლომ გამოსცა დროებითი აკრძალვის განკარგულება, რომლითაც შეჩერდა ფედერალური უწყებების მიერ ბავშვთა ვაქცინაციის  რეკომენდაციების ცვლილებების პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არის გასაჩივრებული, მიმდინარე ეტაპზე თვრამეტივე ვაქცინა კვლავ სრულად ხელმისაწვდომია.

აშშ-ს პედიატრიული საზოგადოება მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტაბილურობისთვის აუცილებელია მტკიცებულებებზე დაფუძნებული იმუნიზაციის შენარჩუნება, ხოლო პრაქტიკოსმა ექიმებმა უნდა იხელმძღვანელონ AAP-ის გაიდლაინებით და უზრუნველყონ აქტიური კომუნიკაცია მშობლებთან, რათა მინიმუმამდე შემცირდეს ვაქცინაციით მართვადი დაავადებების ხელახალი გავრცელების რისკი.

წყარო: parents.com

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები