SABR- თერაპია, და FASTRACK II კვლევა, ავსტრალიელმა მკვლევარებმა თირკმლის სიმსივნეზე მკურნალობის მეთოდიკა შესაძლოა სამუდამოდ შეცვალონ

გააზიარე

ავსტრალიელმა მეცნიერებმა თირკმლის კიბოს მკურნალობის გზაზე ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ შედეგს მიაღწიეს, რომელმაც შესაძლოა მომავალში ამ დაავადების მართვის სტანდარტები მნიშვნელოვნად შეცვალოს.  მელბურნში მდებარე პიტერ მაქკალუმის ონკოლოგიური ცენტრის (Peter MacCallum Cancer Centre) მკვლევრებმა FASTRACK II-ის სახელით ცნობილი მრავალცენტრიანი კლინიკური კვლევის საბოლოო შედეგები წარმოადგინეს, რომლებმაც აჩვენა, რომ ახალი რადიოთერაპიული მეთოდი  “SABR” პაციენტების დიდ ნაწილში თირკმლის სიმსივნის სრულ კუპირებას უზრუნველყოფს.

SABR, ანუ სტერეოტაქტიკური აბლაციური სხივური თერაპია, მაღალი სიზუსტის რადიოთერაპიის თანამედროვე ფორმაა, რომელიც სიმსივნეს ძლიერი რადიაციული დოზით, მიკროსკოპული სიზუსტით იღებს მიზანში. ტრადიციული სხივური თერაპიისგან განსხვავებით, ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა სხივები სიმსივნეზე მილიმეტრიანი სიზუსტით მიემართოს, რაც ჯანმრთელი ქსოვილების დაზიანებას ამცირებს. სწორედ ამიტომ, მკურნალობა ხშირად მხოლოდ ერთი ან რამდენიმე სესიის ჩატარებას საჭიროებს და პაციენტს ოპერაცია აღარ სჭირდება.

კვლევაში 70 პაციენტი მონაწლეობდა, რომელთაც თირკმლის პირველადი კიბოს დიაგნოზი დაესვათ, თუმცა ასაკის, თანმხლები დაავადებების ან ქირურგიული რისკების გამო ოპერაციის ჩატარება ვერ ხერხდებოდა. პაციენტების საშუალო ასაკი დაახლოებით 77 წელი იყო. მეცნიერებმა მათ SABR-თერაპია ჩაუტარეს და შედეგებს შვიდი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. მიღებული მონაცემები განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა, მკურნალობამ სიმსივნის ადგილობრივი კონტროლი 100%-იანი მაჩვენებლით უზრუნველყო, რაც ნიშნავს, რომ არც ერთ პაციენტში სიმსივნე აღარ გაზრდილა და არც კიბოსთან დაკავშირებული სიკვდილი დაფიქსირებულა.

მეცნიერების თქმით, ასეთი შედეგები ონკოლოგიურ კვლევებში უკიდურესად იშვიათია. კვლევის ხელმძღვანელის, შანკარ სივას განცხადებით: “თანამედროვე გამოსახულებითი ტექნოლოგიებისა და რობოტიზებული სხივური სისტემების დახმარებით შესაძლებელი გახდა გაცილებით მაღალი რადიაციული დოზების უსაფრთხოდ გამოყენება”. სწორედ ამან აქცია SABR ერთგვარ „გარდამტეხ ტექნოლოგიად“ თირკმლის კიბოს მკურნალობაში.

კვლევის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი გვერდითი მოვლენების დაბალი სიხშირე იყო. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პაციენტს ტკივილი, გულისრევა ან კუჭ-ნაწლავის პრობლემები უფიქსირდებოდა, მკურნალობას მძიმე გრძელვადიანი გართულებები არ გამოუწვევია. ასევე კარგად შენარჩუნდა თირკმლის ფუნქცია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულ პაციენტებში.

თირკმლის კიბოს სტანდარტული მკურნალობის მეთოდად დღესაც ქირურგიული ოპერაციაა ითვლება. ანუ  სიმსივნის, ან მთლიანად თირკმლის ამოკვეთა. თუმცა SABR სრულიად არაინვაზიურ ალტერნატივად განიხილება. პაციენტებს ანესთეზია არ სჭირდებათ, მკურნალობა ამბულატორიულად ტარდება და რეაბილიტაციის პერიოდი მნიშვნელოვნად მცირდება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ თუ მომავალი, უფრო მასშტაბური კვლევებიც ასეთივე წარმატებული იქნება, SABR შესაძლოა თირკმლის კიბოს მკურნალობის ახალ სტანდარტად იქცეს.

კვლევის შედეგები სტოკჰოლმში გამართულ ევროპის რადიოთერაპიისა და ონკოლოგიის საზოგადოების კონგრესზე წარადგინეს, ხოლო სამეცნიერო სტატია ავტორიტეტულ ჟურნალ The Lancet Oncology-ში გამოქვეყნდა. მეცნიერები კვლევის მესამე ფართომაშტაბან ფაზაზაე გადასვლას გეგმავენ, სადაც SABR-ს პირდაპირ ქირურგიულ მკურნალობას შეადარებენ. თუ მეთოდი ეფექტურობას კვლავ დაამტკიცებს, მომდევნო წლებში თირკმლის კიბოს მკურნალობის მიდგომა შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს.

petermac

sciencedirect

 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები