ნეიროფსიქოლოგიური წინააღმდეგობა: რატომ ხდება მინიმალისტური ტელეფონები პოპულარული?

გააზიარე

თანამედროვე ეპოქაში სმარტფონი აღარ არის მხოლოდ საკომუნიკაციო საშუალება, ის ნეიროფსიქოლოგიურ ინსტრუმენტად იქცა, რომელიც ადამიანების დოფამინურ სისტემასა და კოგნიტურ ფუნქციებზე მუდმივად ზემოქმედებს. 

ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება „ციფრული მინიმალიზმის“ მოძრაობა, რაც პირდაპირ უკავშირდება ჯანდაცვის სპეციალისტების შეშფოთებას ეკრანთან გატარებული დროის ნეგატიურ გავლენასთან დაკავშირებით. 

კვლევები ადასტურებს, რომ სმარტფონებზე დამოკიდებულება პირდაპირპროპორციულად აისახება ძილის ხარისხზე, მენტალურ ჯანმრთელობასა და ზოგად ფსიქიკურ მდგომარეობაზე. სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ, ტექნოლოგიურ ბაზარზე გაჩნდა ახალი თაობის მინიმალისტური მოწყობილობები, ე.წ. „dumbphones“, რომლებიც მიზნად ისახავს მომხმარებლის ყურადღების დეფიციტის პრევენციას და „ყურადღების ეკონომიკის“ (Attention Economy) პარადიგმიდან თავის დაღწევას.

ეს მოძრაობა განსაკუთრებით საინტერესოა ე.წ. Gen Z თაობისთვის, რომელიც ალგორითმების ეპოქაში გაიზარდა და დღეს ყველაზე მწვავედ განიცდის სოციალური მედიისგან გამოწვეულ შფოთვას. ახალი მინიმალისტური სმარტფონები, როგორიცაა, მაგალითად, Light Phone III ან E-ink ეკრანით აღჭურვილი მოწყობილობები, შეგნებულად ქმნიან გარკვეულ ბარიერებს მომხმარებლისთვის. 

ამ ტიპის მოდელები, ეყრდნობა „ნეიროფსიქოლოგიური წინააღმდეგობის“ (friction) მიზანმიმართულ შექმნას, რათა შეასუსტოს სმარტფონებზე ჩამოყალიბებული დოფამინური დამოკიდებულება. ელექტრონული მელნის ტექნოლოგია, მისი დაბალი განახლების სიხშირისა და ფერების არარსებობის გამო, დინამიური ვიზუალური სტიმულების აღქმას ფიზიკურად შეუძლებელს ხდის. 

ზემოთ ნახსენები მიდგომით  ტვინის “ჯილდოს სისტემის” იმპულსურ რეაგირების წრედის გამორთვა ხდება. ეკრანისგან ამგვარი გაუცხოება და ფუნქციური ბარიერები მომხმარებელს აიძულებს გადავიდეს პასიური მოხმარებიდან გაცნობიერებულ ქცევაზე, რაც მკვეთრად ამცირებს კოგნიტურ გადატვირთვას და ხელს უწყობს მენტალური რესურსების აღდგენას.

ამ კონცეფციის მიზანია ტექნოლოგიის გარდაქმნაა პასიურ ინსტრუმენტად, რომელიც მომხმარებლისგან აღარ მოითხოვს მუდმივ და იმპულსურ ჩართულობას. ზოგიერთი მოდელი, როგორიცაა HMD-ის ახალი Fuse სერია, კიდევ უფრო შორს მიდის და მშობლებს ბავშვისთვის ციფრული ფუნქციების ეტაპობრივ გახსნას ფიზიკურად შეუძლებელს ხდის, რაც ადრეული ასაკიდანვე ჯანსაღი ტექნოლოგიური ჩვევების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

სამედიცინო და სოციალური თვალსაზრისით, სრული ციფრული დეტოქსი თანამედროვე სამყაროში სერიოზულ გამოწვევებთანაა დაკავშირებული. დღეს ჯანდაცვის სისტემა, განათლება და სახელმწიფო სერვისები მჭიდროდ არის სმარტფონებში ინტეგრირებული, რაც მინიმალისტურ მოწყობილობებზე სრულ გადასვლას თითქმის შეუძლებელს ხდის. 

ამის გამო, ბევრი სპეციალისტი გამოსავალს ჰიბრიდულ მიდგომაში ხედავს: სმარტფონების ფუნქციურ შეზღუდვასა და მათ „სულელურ ტელეფონებად“ გარდაქმნაში, მაგალითად, ეკრანის შავ-თეთრ რეჟიმზე გადაყვანით ან მხოლოდ აუცილებელი აპლიკაციების დატოვებით. 

საბოლოო ჯამში, ეს ტრენდი მიგვანიშნებს, რომ მომავალში ტექნოლოგიური პროგრესი არა ფუნქციების სიმრავლეზე, არამედ ადამიანის მენტალური რესურსების დაზოგვასა და პრივატულობაზე იქნება ორიენტირებული. 

თუკი აქამდე ინოვაცია მხოლოდ ახალი, ინოვაციური  შესაძლებლობების დამატებას ნიშნავდა, დღეს პრიორიტეტი მომხმარებლის ფსიქიკური ჯანმრთელობა და ინფორმაციული ხმაურისგან დაცვა ხდება. 

ინოვაციურობა აღარ შეფასდება იმით, თუ რამდენ დროს დაგვაკარგვინებს ესა თუ ის მოწყობილობა, არამედ იმით, თუ რამდენად ეფექტურად დაგვეხმარება იგი კონცენტრაციის შენარჩუნებასა და მენტალური ჯანმრთელობის დაცვაში.

წყარო: newyorker

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები