back to top

ექსპერიმენტული წამალი პარკინსონით დაზიანებული ტვინის აღსადგენად

გააზიარე

პარკინსონი დღემდე უკურნებელ დაავადებად ითვლება. თანამედროვე მკურნალობის მეთოდები მხოლოდ სიმპტომებს ამსუბუქებს. თუმცა, შესაძლოა, პარკინსონის პროცესის შეჩერება და თავის ტვინის ფუნქციების დაბრუნება, მალე რეალობა გახდეს. სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ ექსპერიმენტულმა წამალმა MLi-2, თაგვებში პარკინსონით დაზიანებული ტვინის აღდგენა შეძლო. წამალმა გადაარჩინა ისეთი ნერვული უჯრედები, რომლებიც აღარ მრავლდება.

ცდა ჩატარდა თაგვებზე, რომლებსაც პარკინსონის გენეტიკური ფორმა ჰქონდათ. ამ დაავადების დროს ზიანდება უჯრედის ზედაპირზე არსებული პატარა, უძრავი წამწამის მსგავსი სტრუქტურა, რომელიც ინფორმაციას იღებს და გადასცემს. მისი დაზიანება ნერვულ უჯრედებს შორის კავშირს შლის  და ხელს უშლის მოძრაობის მართვას.

მეცნიერები თაგვებს სამი თვის განმავლობაში აძლევდნენ წამალს – MLi-2. ის ბლოკავს LRRK2 კინაზას, ფერმენტს, რომელიც დაავადების დროს წამწამის მსგავსი სტრუქტურების დაშლას იწვევს. მკურნალობამ მათი რაოდენობა და სიგრძე თითქმის სრულად აღადგინა, ხოლო დაზიანებულმა ნერვულმა უჯრედებმა ისევ დაიწყეს ნეიროტროფული ფაქტორების გამომუშავება. მათ შორისაა GDNF და Neurturin, რომლებიც დოფამინურ უჯრედებს გადარჩენაში ეხმარება.

აღდგა დოფამინური ბოჭკოების ქსოვილიც. მათ გადამწყვეტი როლი აქვთ მოძრაობის სისწრაფესა და კოორდინაციაში. დაავადების დროს ეს ქსოვილი იშლება და, შესაბამისად, ირღვევა მოძრაობის რეგულაცია. მკურნალობის შედეგად დოფამინური ბოჭკოების სიმკვრივე თითქმის ორჯერ გაიზარდა, რაც მოძრაობის ფუნქციის აღდგენის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

მკვლევარები ამბობენ, რომ ეს  ყველაზე ძლიერი და სრულყოფილი შედეგია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ წამალმა ისეთი უჯრედებიც გადაარჩინა, რომლებიც აღარ მრავლდება. ფაქტია, რომ თუ მკურნალობა დროულად დაიწყება, ტვინის დაკარგული ფუნქციების დაბრუნება შესაძლებელია ისეთი დაავადების დროსაც, რომელიც დღემდე უკურნებლად ითვლება.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული:

Pfeffer, S. R., Jaimon, E., Lin, Y.-E., Tonelli, F., Antico, O., & Alessi, D. R. (2024). Restoration of striatal neuroprotective pathways by kinase inhibitor treatment of Parkinson’s linked-LRRK2 mutant mice. bioRxiv

Stanford Medicine. (2025, July 10). Experimental drug reverses Parkinson’s-related damage in mice. 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები