29 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო Hilton Garden Inn-ში, პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია (AIMCare 2026) გაიმართა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ჯანდაცვასა და მედიცინაში გამოყენების საკითხებს შეეხო. მასშტაბური ღონისძიება ალტე უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) ურთიერთთანამშრომლობითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა.
ღონისძიების გახსნით ნაწილში მონაწილეებს სიტყვით მიმართეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა, ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტმა რამაზ კუკულაძემ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.
ღონისძიებამ ერთ ინტერდისციპლინურ სივრცეში შეკრიბა დარგის წამყვანი მკვლევრები, კლინიცისტები, ინჟინრები, ჯანდაცვის ექსპერტები, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები მსოფლიოს 10 ქვეყნიდან — საქართველოდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ირლანდიიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან და იორდანიიდან.
ღონისძიების განმავლობაში დისკუსიები და პარალელური სესიები რამდენიმე მთავარი მიმართულებით წარმოებდა:
კლინიკური დიაგნოსტიკა და თერაპიული ჩარევები: კონფერენციაზე განხილული იყო AI-ის გამოყენება ორთოპედიულ ქირურგიაში, ბავშვთა განვითარებაში, მწვავე პანკრეატიტის რისკების სტატიფიკაციასა და პრევენციულ მედიცინაში.
სამედიცინო განათლება და პროფესიული მომზადება: სესიების მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა AI-ის ინტეგრირებაზე სწავლებასა და შეფასებაში, მიკროსკოპული პრეპარატების გაციფრულებაზე და პირველი ქართული სამედიცინო ხმის ამოცნობის სისტემის შექმნაზე.
ადმინისტრირება, მართვა და პრაქტიკული დანერგვა: ღონისძიებაზე განიხილეს AI-ის გამოყენება კლინიკების მართვის სისტემებში, ლაბორატორიულ მედიცინაში, ბიოეთიკურ ჭრილში, აგრეთვე გაზიარდა საერთაშორისო პერსპექტივები საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ჩინეთიდან.
კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი საკითხი – ეთიკა, მონაცემთა უსაფრთხოება და ტექნოლოგიური პროგრესის თანმდევი რისკები იყო. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს, რომ AI-ის განვითარების სწრაფი ტემპის ფონზე, უმთავრეს ამოცანად რჩება ტექნოლოგიების უსაფრთხო გამოყენება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადამიანის როლის შენარჩუნება. აღინიშნა, რომ ტექნოლოგიურმა პროგრესმა არ უნდა ჩაანაცვლოს მედიცინის ფუნდამენტური ღირებულებები — ჰიპოკრატეს ფიცი, ემპათია, პაციენტზე ცენტრული მიდგომა და პროფესიული პასუხისმგებლობა.
ხელოვნური ინტელექტი აღარ არის მომავლის შორეული პერსპექტივა, ის ჩვენს დღევანდელ სურათს წარმოადგენს. კონფერენციამ შექმნა ინტერდისციპლინური პლატფორმა, აჩვენა კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტების ეფექტური კოლაბორაციის მაგალითი და აღნიშნა, რომ AI-ის პოტენციალი მხოლოდ თეორიულ კვლევად არ უნდა დარჩეს, არამედ რეალურ, პრაქტიკულ შედეგებად უნდა გარდაიქმნას პაციენტის მოვლისა და ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებისთვის. საერთაშორისო კონფერენცია AIMCare 2026 ხვალ, 30 ოქტომბერსაც გაგრძელდება

