წლების განმავლობაში, აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ASD) დიაგნოზების რაოდენობის მკვეთრი ზრდა საზოგადოებაში აჩენდა ეჭვებსა და შიშებს ე.წ. „აუტიზმის ეპიდემიის“ შესახებ, მაგრამ JAMA Pediatrics-ში გამოქვეყნებულმა ახალმა, მასშტაბურმა კვლევამ ეს მითი დაამსხვრია.
მეცნიერებმა შეისწავლეს 62,081 ბავშვი (რომლებიც 1998-დან 2010 წლამდე პერიოდში დაიბადნენ) და დაასკვნეს: დიაგნოზების რაოდენობა კი არ მიუთითებს ამ მდგომარეობის რეალურ ზრდაზე, არამედ იმაზე, რომ ჯანდაცვის სისტემამ ისწავლა აუტიზმის უკეთ დანახვა და ამოცნობა.
რა აჩვენა კვლევამ?
კვლევამ აჩვენა, რომ მიუხედავად დიაგნოზების რაოდენობის მკვეთრი მატებისა, აუტიზმის რეალური გავრცელება საზოგადოებაში საერთოდ არ გაზრდილა. წლების განმავლობაში ეს მაჩვენებელი აბსოლუტურად სტაბილური დარჩა და მხოლოდ 1.9%-დან 3.2%-მდე მერყეობდა.
კვლევის წამყვანი ავტორი, დოქტორი იანგ შინ კიმი განმარტავს, რომ არსებობს ერთი დიდი და მცდარი წარმოდგენა: ბევრს ჰგონია, რომ თუ დიაგნოზების რიცხვი იზრდება, ეს ავტომატურად „აუტიზმის ეპიდემიას“ ნიშნავს. სინამდვილეში, ციფრების მატებას სულ სხვა ახსნა აქვს.
ჯერ კიდევ 2005 წელს, როცა ამავე გუნდმა მოსახლეობის შესწავლა დაიწყო, მეცნიერებმა აღმოაჩინეს აუტიზმის სპექტრზე მყოფი უამრავი ბავშვი, რომლებსაც ოფიციალური დიაგნოზი ან სამედიცინო სერვისი არასდროს მიუღიათ. შესაბამისად, დღეს ამ მდგომარეობის შემთხვევებმა კი არ იმატა, არამედ სპეციალისტებმა უკეთ ისწავლეს იმ ბავშვების გამოვლენა და დიაგნოსტირება, რომლებიც ადრე ყურადღების მიღმა რჩებოდნენ.
კვლევის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა გოგონებს უკავშირდება. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სკრინინგის შედეგად გამოვლენილ, მანამდე დაუდგენელ შემთხვევებში გოგონების წილი არაპროპორციულად დიდი იყო. ეს იმაზე მიუთითებს, რომ გოგონებს ხშირად აქვთ მნიშვნელოვანი საჭიროებები, რომლებიც კლინიკური ყურადღების მიღმა რჩება (ხშირად იმის გამო, რომ ისინი სიმპტომების „შენიღბვას“ ახერხებენ).
რატომ იზრდება დიაგნოზების რიცხვი?
კლინიკური ფსიქოლოგის, დოქტორ კარენ შერიდანის განმარტებით, დიაგნოზების ზრდა კულტურული ცნობიერების ამაღლების, სკრინინგის მეთოდების გაუმჯობესების, დიაგნოსტიკური სერვისების გაფართოებისა და იმ ჯგუფების (მათ შორის, გოგონების) უკეთესი ამოცნობის შედეგია, რომლებიც აქამდე მხედველობის მიღმა რჩებოდნენ.
„სწორედ ამიტომ, თავი უნდა შევიკავოთ ტერმინ ‘აუტიზმის ეპიდემიის’ გამოყენებისგან. ეს ტერმინი აუტიზმის მქონე ადამიანების სტიგმატიზებას ახდენს და ისე წარმოაჩენს, თითქოს ის მოსახლეობაში ვრცელდება. სინამდვილეში, ეს კვლევა გვიჩვენებს, რომ ის, თუ როგორ, როდის და ვის ვუტარებთ სკრინინგს, მნიშვნელოვნად ზემოქმედებს იდენტიფიცირებული ადამიანების რაოდენობაზე“, — აცხადებს შერიდანი.
გამომდინარე იქედან, რომ კვლევა მხოლოდ 7 წლამდე ასაკის ბავშვებს მოიცავდა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბევრი ადამიანის, განსაკუთრებით კი გოგონების დიაგნოსტირება მხოლოდ მოზარდობაში ან ზრდასრულ ასაკში ხდება.

