რატომ არ ნიშნავს „დაავადების არარსებობა“ კეთილდღეობას – და რა იცის რეალურად მეცნიერებამ ბუნების როლზე

გააზიარე

ჩვენთვის უკვე კარგადაა ცნობილი, რომ ბუნებაში დროის გატარება განწყობას გვიუმჯობესებს – ეს სიახლე აღარაა. გაცილებით უფრო საინტერესო და ნაკლებად შესწავლილი საკითხია, რატომ ხდება ასე და ამოწურავს თუ არა ეს ბუნების სარგებელს. ახალი, ყოვლისმომცველი მიმოხილვა ორივე ამ კითხვას სიღრმისეულად აანალიზებს.

„ჯანმრთელობაზე“ მეტი: რას ნიშნავს სრულფასოვანი ცხოვრება?

ჯანმრთელობა, კლასიკური გაგებით, ხშირად დაავადების არარსებობად აღიქმება, თუმცა ამ სფეროში მომუშავე მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ასეთი მიდგომა ჯანმრთელობის სტანდარტს ზედმეტად აკნინებს.

სრულფასოვანი ყოფიერება ბევრად ფართო ცნებაა – იგი ცხოვრების რამდენიმე ასპექტში ერთდროულად კეთილდღეობას გულისხმობს. ესენია: ფსიქოლოგიური (ფსიქიკური ჯანმრთელობა და პოზიტიური ემოციები), სოციალური (ურთიერთობები და კავშირები), ფიზიკური (ენერგია და სიცოცხლისუნარიანობა), ღირებულებითი (ცხოვრების აზრი და მიზანი) და გარემოსდაცვითი (უსაფრთხოება, დაცულობა და რესურსებზე ხელმისაწვდომობა) ასპექტები.

სრულფასოვანი ყოფიერება მხოლოდ ავადმყოფობის არარსებობას არ ნიშნავს; იგი გვიჩვენებს, თუ რამდენად წარმატებულად ვითარდება ადამიანის ცხოვრება დროთა განმავლობაში თითოეული ამ მიმართულებით. ეს არის მრავალგანზომილებიანი კონცეფცია, რომელიც ჯანმრთელობას მოიცავს, თუმცა მის საზღვრებს ბევრად სცდება.

მკვლევრები ამ იდეას კიდევ უფრო ავითარებენ და შემოაქვთ ახალი ცნება – ეკოლოგიურ-კოლექტიური სრულფასოვანი ყოფიერება, ანუ „ეკო-ყოფიერება“. ეს არის ადამიანის სწრაფვა კეთილდღეობისკენ ბუნებრივი ეკოსისტემებისა და მათი კოლექტიური თუ ინდივიდუალური კომპონენტების განვითარების პარალელურად. ეს მიდგომა შეგნებულად ორმხრივია და პასუხობს არა მხოლოდ კითხვას: „როგორ გვეხმარება ბუნება?“, არამედ იმასაც, თუ „როგორ შეუძლია ადამიანისა და ბუნების კეთილდღეობას ერთად იმატოს ისე, რომ ეს პროცესი რომელიმე მათგანის საზიანოდ არ წარიმართოს“.

რატომ არის ეს საკითხი დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი
Planetary Health in the post-COVID world : Illustrative Image by Giovanni Maki.

კვლევის ფონი საკმაოდ საგანგაშოა. COVID-19-ის პანდემიამდე ჯანმრთელობის, შემოსავლებისა და კეთილდღეობის გლობალური მაჩვენებლები დროთა განმავლობაში უმჯობესდებოდა, თუმცა ეს პროგრესი სხვადასხვა ქვეყანასა და სოციალურ ჯგუფში არათანაბარი იყო. 

პანდემიამ ეს მიღწევები რამდენიმე მიმართულებით შეაფერხა: 2019-დან 2021 წლამდე პერიოდში მსოფლიოში სიცოცხლის მოსალოდნელი საშუალო ხანგრძლივობა 1.8 წლით შემცირდა, რამაც თითქმის ათწლიანი პროგრესი უკან დახია. შემდგომი აღდგენის პროცესიც არათანაბრად წარიმართა, ეკონომიკური არასტაბილურობა და ცხოვრების გაძვირება კი კვლავაც მძიმედ აისახება ადამიანთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.

ამავდროულად, მრავალი ეკოლოგიური სისტემა სულ უფრო მეტ ზეწოლას განიცდის. ბიომრავალფეროვნების შემცირება, ნიადაგის დეგრადაცია, წყლის დეფიციტი და ოკეანეთა ქიმიური შემადგენლობის ცვლილებები დიდწილად ადამიანის საქმიანობას უკავშირდება. ამის შედეგები ხშირად არაპროპორციულად აწვება იმ თემებს, რომლებიც საკვების, შემოსავლის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მისაღებად პირდაპირ არიან დამოკიდებულნი ბუნებრივ რესურსებზე.

არსებული კონცეფციები, როგორებიცაა „ერთიანი ჯანმრთელობა“ (One Health), „ეკოჯანმრთელობა“ (EcoHealth) და „პლანეტარული ჯანმრთელობა“ (planetary health), უკვე აღიარებენ, რომ ადამიანის, ცხოველთა და ეკოლოგიური სისტემები ერთმანეთთან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული. თუმცა, მათი აქცენტები განსხვავდება: „ერთიანი ჯანმრთელობა“ ტრადიციულად დიდ ყურადღებას უთმობს ადამიანის, ცხოველისა და გარემოს ჯანმრთელობას შორის არსებულ კავშირებს, ხოლო „პლანეტარული ჯანმრთელობა“ უფრო მეტ აქცენტს აკეთებს კაცობრიობის ცივილიზაციისა და იმ ბუნებრივი სისტემების კეთილდღეობაზე, რომლებზეც ეს ცივილიზაციაა დამოკიდებული.

მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ახალი, „ეკო-კეთილდღეობის“ (e-co-flourishing) კონცეფცია ამ მიმართულებას კიდევ ერთ მნიშვნელოვან და განსხვავებულ აქცენტს მატებს: იგი გულისხმობს არა მხოლოდ იმას, რომ გარემო პირობებმა ზიანი არ მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას, არამედ აქტიურ მუშაობას ადამიანისა და ბუნებრივი სამყაროსთვის ორმხრივად სასარგებლო პროგრესის მისაღწევად. სწორედ ამ განზომილების გააზრებასა და განვითარებას უწყობს ხელს წინამდებარე მიმოხილვა.

რას გვეუბნება კვლევები

ეს იყო ე.წ. „ქოლგისებრი მიმოხილვა“ (umbrella review), რაც იმას ნიშნავს, რომ მკვლევრებმა უკვე არსებული სისტემური მიმოხილვები შეაჯამეს და მონაწილეთა დონეზე პირველადი მონაცემები აღარ შეუგროვებიათ. მიმოხილვის ფარგლებში ინფორმაცია შვიდ აკადემიურ მონაცემთა ბაზასა და “ნაცრისფერი ლიტერატურის” (არაოფიციალური წყაროების) ოთხ პლატფორმაზე მოიძიეს, რის შედეგადაც ცხრა შესაფერისი სისტემური მიმოხილვა შეირჩა. ეს უკანასკნელი, საერთო ჯამში, 45 ძირითად კვლევას მოიცავდა.

სამუშაო ჯგუფმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ კვლევებზე, რომლებიც შეისწავლიდა ადამიანისა და ბუნებრივი სამყაროს – მათ შორის მცენარეების, ცხოველების, სოკოებისა და ეკოსისტემების – ურთიერთქმედების მექანიზმებს, და არა იმ მიმოხილვებზე, რომლებიც მხოლოდ ზოგად შედეგებს განიხილავდა ღრმა მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ანალიზის გარეშე.

წარმოდგენილი მტკიცებულებები რამდენიმე განმეორებად მექანიზმზე მიუთითებს:

ფსიქოლოგიური გზები – ყურადღების აღდგენა, სტრესისა და ნეგატიური ფიქრების (რუმინაციის) შემცირება, განწყობის გაუმჯობესება და თვითეფექტურობის (საკუთარი ძალების რწმენის) ამაღლება.

სოციალური გზები – სოციალური კონტაქტი, ერთიანობის, მიკუთვნებულობის განცდა და მტკიცე ინტერპერსონალური ურთიერთობები.

ფიზიკური გზები – ფიზიკური აქტივობა, ძილის ხარისხი და ისეთი ფიზიოლოგიური მაჩვენებლები, როგორებიცაა სხეულის მასა ან არტერიული წნევა.

გარემოსდაცვითი გზები – ხმაურისა თუ ჰაერის დაბინძურების მავნე ზემოქმედების შემცირება და მწვანე თუ ლურჯ სივრცეებთან წვდომის ზრდა.

The Lancet Planetary Health

ყველაზე მყარი მტკიცებულებებით სწორედ ფსიქოლოგიური მექანიზმები ხასიათდება. სოციალური, ფიზიკური და გარემოსდაცვითი გზების შესახებ მიღებული მონაცემები უფრო ცვალებადია და იმის მიხედვით იცვლება, თუ ზუსტად რა ფაქტორებისა და შედეგების შესწავლას ცდილობდნენ მკვლევრები.

როდესაც მეცნიერები ცალკეული ფსიქოლოგიური, სოციალური თუ ფიზიკური მაჩვენებლების ნაცვლად ზოგად კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხს აფასებდნენ, დადებითი კავშირი რამდენიმე სფეროში გამოიკვეთა, მათ შორის ღირებულებებთან დაკავშირებულ შედეგებშიც (იმ შემთხვევებში, როდესაც ეს მაჩვენებლები ფასდებოდა). თუმცა, მიმოხილვა არ ადასტურებს იმას, რომ ყველა ნავარაუდები მექანიზმი თანაბრად მყარია, ან რომ რომელიმე კონკრეტული გზა გარანტირებულად განაპირობებს ადამიანის სრულფასოვან განვითარებასა და წინსვლას.

მტკიცებულებათა დეფიციტი

ყველაზე მნიშვნელოვანი ნაკლი მიზეზ-შედეგობრივი მტკიცებულებების სისუსტეა. კვლევების უმეტესობა ერთმომენტიანი ან თვისებრივი ხასიათისა იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ადამიანთა გამოცდილებას დროის კონკრეტულ მონაკვეთში აფიქსირებდა ან მას ინტერვიუებისა და კვლევის სხვა მეთოდების მეშვეობით შეისწავლიდა. მხოლოდ მცირე ნაწილი ეყრდნობოდა მყარ მეთოდოლოგიას, მაგალითად, რანდომიზებულ კონტროლირებად კვლევებს.

ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ბუნებასთან კავშირსა და კეთილდღეობას შორის მიმართება, შესაძლოა, რამდენიმე ალტერნატიული მიზეზით აიხსნებოდეს. მაგალითად, ფსიქიკურად უფრო ჯანსაღი ადამიანები უფრო ხშირად სტუმრობენ პარკებს, უვლიან ბაღებს ან მიისწრაფვიან აქტიური დასვენებისკენ ღია ცის ქვეშ. ამასთანავე, მატერიალურმა კეთილდღეობამ, უბნის უსაფრთხოებამ, მობილობამ, სოციალურმა მხარდაჭერამ და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობამ შეიძლება ერთდროულად მოახდინოს გავლენა როგორც ბუნებაში ყოფნაზე, ისე ზოგად კეთილდღეობაზე. შესაბამისი მეთოდოლოგიური სიმყარის გარეშე რთულია იმის ზუსტად დადგენა, თუ რამდენად არის ეს კავშირი უშუალოდ ბუნების დამსახურება.

ურთიერთკავშირის უხილავი მხარე

ყველა შესაბამის მიმოხილვაში შესწავლილი იყო, თუ როგორ მოქმედებს ბუნებრივი გარემო ან სხვა ეკოლოგიური ფაქტორები ადამიანზე. თუმცა, არცერთ მათგანში სისტემური მიდგომით არ ყოფილა განხილული, თუ როგორ აისახება ადამიანის კეთილდღეობა ეკოსისტემებსა და სხვა სახეობებზე, ან როგორ იცვლება ორივე მათგანი ერთდროულად.

ეს მნიშვნელოვანი ხარვეზია იმ კონცეფციისთვის, რომელიც ორმხრივ ბალანსსა და ჰარმონიაზეა აგებული. ადამიანის კეთილდღეობამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს რესურსების დაცვას, კონსერვაციას, საზოგადოებრივ ჩართულობასა და მდგრად გამოყენებას; და პირიქით – ეკოლოგიურმა დეგრადაციამ საფრთხე შეუქმას ჯანმრთელობას, უსაფრთხოებასა და სოციალურ ერთიანობას. მკვლევრები ამ პროცესებს ორმხრივ წვლილსა და უკუკავშირის ციკლებს უწოდებენ, თუმცა ისინი ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შესწავლილი იმ სისტემური მიმოხილვების ფარგლებში, რომლებიც ამ ფართომასშტაბიან კვლევაში მოხვდა.

ბუნება, როგორც ჩანს, ხელს უწყობს ადამიანის კეთილდღეობის სხვადასხვა ასპექტს, განსაკუთრებით – ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, თუმცა მყარი მიზეზ-შედეგობრივი მტკიცებულებები კვლავაც მწირია. ამავდროულად, ორმხრივი კავშირი – თუ როგორ შეიძლება აუმჯობესებდეს ან აზიანებდეს ადამიანის განვითარება ბუნებრივ სამყაროს – პრაქტიკულად შეუსწავლელია.

შესაბამისად, “ეკოკეთილდღეობა” უმჯობესია განვიხილოთ როგორც პერსპექტიული ჩარჩო სამომავლო კვლევებისა და პოლიტიკის წარმართვისთვის და არა როგორც მეცნიერების მიერ უკვე საბოლოოდ დადგენილი ფაქტი.

წყარო: The Lancet Planetary Health



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები