back to top

ავთენტურობა, სიმამაცე და მიზანსწრაფვა – დოქტორ გერი დუგლას ჰემერის გზავნილი თანამედროვე მედიცინას

გააზიარე

დოქტორი გერი ჰამერი, მედიცინისა და ფილოსოფიის დოქტორი, იმ იშვიათ ექიმთა და მეცნიერთა ჯგუფს მიეკუთვნება, ვისთვისაც პროფესიული მიღწევა ნამდვილი ადამიანური კავშირის გარეშე არასრულია. მისი გზავნილი მარტივია: ექიმობა მხოლოდ სწორი დიაგნოსტიკა და მკურნალობა არ არის, ეს ასევე გულისხმობს თანაგრძნობას. საჭიროა სიმამაცე, პატიოსნება, პაციენტთან გულწრფელობა და ემოციური სიახლოვე.

ამ ღირებულებებზე, როგორც პირად, ისე პროფესიულ არჩევანზე, Millie Schembechler პროფესორთან თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნის დარგში და University of Michigan-ის Rogel Cancer Center-ის ენდოკრინული ონკოლოგიის პროგრამის დირექტორ დოქტორ ჰამერთან ვისაუბრეთ. ის არის ენდოკრინოლოგთა საზოგადოების ყოფილი პრეზიდენტი, საერთაშორისო დონის ენდოკრინოლოგი და მეცნიერი. მისი კვლევები ადრენალის ჰომეოსტაზს, ღეროვან უჯრედებსა და იშვიათ ადრენალურ სიმსივნეებს ეხება. ასევე, ის ორი ბიოტექნოლოგიური კომპანიის: „Millendo“-სა და „VasAragen“-ის თანადამფუძნებელია, რომლებიც ენდოკრინული დაავადებების ბიოლოგიური მკურნალობის განვითარებაზე მუშაობენ.

სანამ თქვენი კარიერის სამედიცინო ასპექტებზე გადავალთ, ხაზი უნდა გავუსვა თქვენს ძალისხმევას, რომ ექიმებმა აუცილებლად იპოვონ საკუთარი თავი. მათ მოუწოდებთ, პაციენტებთან ყოველთვის გულახდილები, გულწრფელები და ემპათიურები იყვნენ. დაახლოებით ათი წლის წინანდელ TED-ის გამოსვლაში, საუბრობდით იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია პაციენტთან პირადი კავშირი. რატომ მიიჩნევთ ასე მნიშვნელოვნად პაციენტთან კავშირს? რატომ მიგაჩნიათ ეს ასე აუცილებლად?

იმიტომ, რომ ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ყველა პაციენტები ვართ. აქედან ცოცხალი არავინ გადის.

ეს არის პირველი პასუხი: არ არსებობს მიზეზი, ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა რატომ არ უნდა განვიხილოთ, როგორც ორი ადამიანის გულახდილი საუბარი. ერთს აქვს ცოდნა მედიცინის კონკრეტულ სფეროში, რაც ეხმარება მეორეს, მაგრამ საბოლოოდ ეს მაინც ორი ადამიანის საუბარია. პრაქტიკული თვალსაზრისით, და ეს თქვენი შეკითხვის არსიცაა, ორი ადამიანის, განსაკუთრებით ექიმის და პაციენტის რეალური კავშირი ხელს უწყობს გამოჯანმრთელებას. ვეწინააღმდეგები მოძველებულ მიდგომას, რომ ექიმი ლაპარაკობს და პაციენტი უსმენს.

პატერნალისტი ექიმის მოდელი უკვე წარსულს ჩაბარდა. რაც აღმოვაჩინე, ისაა რომ, როცა ექიმი გულწრფელია და არ იმალება თეთრი ხალათის უკან, ეს პაციენტში ნდობას აღძრავს. როცა ერთი ადამიანი ესაუბრება მეორეს, ეს ადამიანურად ბევრად გაახლოებს. როცა შენს თავს პაციენტის ადგილას აყენებ, შენც იზიარებ მის განცდებს, ხვდები, რომ ეს ადამიანური თანაგრძნობა აუცილებელია. პაციენტიც ამას ხედავს, გრძნობს და შენდამი ნდობა იზრდება. ეს ჩემთვის ძირეული მიდგომა გახდა პაციენტთან ურთიერთობაში.

თანამედროვე მედიცინა ხშირად ეწინააღმდეგება ამ კონცეფციას. ძველად მკურნალებს, შამანებს, მხოლოდ სამკურნალო უნარების გამო არ სცემდნენ პატივს, არამედ იმიტომაც, რომ ისინი საზოგადოების ემოციური, მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის განუყოფელი ნაწილს შეადგენდნენ. ისინი თავადანვე იყვნენ საზოგადოების ნაწილი. თანამედროვე მედიცინაში კი, როდესაც ჩვენ კომპიუტერების უკან ვსხედვართ, ხშირად არც კი ვუყურებთ პაციენტს, მხოლოდ ვწერთ ან ვეძებთ მკურნალობის ალგორითმებს და ასე ვკარგავთ მთავარს.

ჩვეულებრივ, სანამ ვნახავ პაციენტს, რომელსაც რთული ენდოკრინული სიმსივნე აქვს,
აუცილებლად წინასწარ ვემზადები. 2-დან 4 საათამდე მჭირდება, ვამოწმებ ჩანაწერებს და ყველაფერს ვსწავლობ მის შესახებ. რადგან მასთან შეხვედრისას მასზე ყველაფერი ვიცოდე. ეს პრაქტიკა იკარგება თანამედროვე მედიცინაში. ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერები რა თქმა უნდა ფასეულია, მაგრამ მათ თავისი საფრთხეც აქვთ, დაკარგო ადამიანური კავშირი, რომელიც ჩემი აზრით, ჯანდაცვის არსია.

ალბათ ეს არის ყველაზე მოკლე ახსნა ახსნა, რატომ არის ჩემთვის ასე მნიშვნელოვანი, რომ თავს მივცე უფლება, გავიხსნა ემოციურად, სრულად ვიგრძნო და ბოლომდე გავითავისო პაციენტის მდგომარეობა. ცხადია, ყველა პაციენტთან ვერ გატყდები და ვერ იტირებ, მაგრამ ხანდახან მეც მიტირია. ასეთი ურთიერთობა შეიძლება წმინდა გულახდილ ურთიერთობად მივიჩნიოთ, ისე როგორც ფსიქოთერაპევტთან. კარგმა ფსიქოთერაპევტმა იცის, როგორ “დაიჭიროს” სხვისი ტკივილი და თავადაც მყარად დარჩეს. ისინი ღრმად ერთვებიან, თანაუგრძნობენ, თუმცა, ხშირად თავადაც სჭირდებათ თერაპია, რომ ეს სიღრმე შეინარჩუნონ.

ისევე როგორც ბევრ სხვა ექიმს…

ჰო, ბევრს სჭირდება და ალბათ უნდა სჭირდებოდეს კიდეც. ვფიქრობ, რეალურად ყველას გვჭირდება რომ გავიხსნათ, უნდა გავბედოთ საკუთარი განცდების გამოააშკარავება. დავანახოთ ჩვენი ადამიანური მხარე, ჩვენი ემოციები. მართალია, ყველა შეხვედრისას ამის გაკეთება ძალიან დამღლელია, მაგრამ ეს გამოცდილება ყოველთვის რაღაცას გასწავლის. პაციენტის განცდების გაზიარება გზრდის. თქვენს შორის იშლება თვალუწვდენელი სივრცე, სადაც ადამიანებს შორის ემოციების გულწრფელი გაზიარება იწყება. და ეს ჩემთვის მედიცინის არსია.

თქვენ ხართ ექიმი, მეცნიერი, მწერალი და, როგორც ახლახან გავიგე, აქტიური მთამსვლელიც. ასევე პოულობთ დროს ხატვისთვის. მაგალითად, მოიგეთ 2023 წლის ფერწერის პრემია თირკმელზედა ჯირკვლის ნახატისთვის. როგორ ახერხებთ ამდენი მიმართულების დაბალანსებას?

პირველი რაც მინდა ვთქვა, ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა ვინმეს ცხოვრებას ვაფასებთ. რთულია დაჯერება, მაგრამ უკვე 25 წელია, რაც ამ პროფესიაში ვარ და არასწორი იქნებოდა, მეთქვა, რომ ყველაფერს ერთდროულად მივაღწიე. ერთი გზა ამის ასახსნელად ასეთია: ცხოვრებაში შეგიძლია ბევრი შესანიშნავი რამის მიღწევა, მაგრამ იშვიათად ხერხდება მათი ერთდროულად შესრულება. მოგვიანებით ვიტყვი, რატომ ვერიდები სიტყვა „მიღწევის“ გამოყენებას და უფრო ვამჯობინებ ვილაპარაკო „ვნების“ და „მიზნის“ ძიებაზე.

მეორე პასუხი შეეხება ბალანსს, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ თითოეულ ადამიანს თავისი ინდივიდუალური „ფულკრუმი“ ანუ ის წონასწორიბის წერტილი აქვს, სადაც ყველაზე მეტად გრძნობს თავს დაბალანსებულად, იქნება ეს კარიერა, ჰობი თუ ოჯახური ურთიერთობა. და ამას პატივი უნდა ვცეთ. ყველას განსხვავებული ხედვა აქვს კარიერისა და ცხოვრების ბალანსზე.

მახსოვს, როცა მედიცინის სტუდენტი ვიყავი, მუდმივად სხვებს ვადარებდი თავს. თუ ვინმე ჩემზე მეტს მუშაობდა, ვფიქრობდი, „ალბათ რაღაცას თმობს“. თუ ვინმეს ჰოსპიტალის გარეთ აქტიური ცხოვრება ჰქონდა, ვფიქრობდი, „ალბათ აკადემიურად ვერ ასწრებს“. მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რამდენად უმნიშვნელო და საზიანოა ასეთი შედარება.

თითოეული ჩვენგანი აკეთებს არჩევანს, რომელიც მის პრიორიტეტებს, ღირებულებებსა და შესაძლებლობებს შეესაბამება. არ არსებობს უნივერსალური ფორმულა, როგორი უნდა იყოს ბალანსი. ვსწავლობ მივიღო და დავაფასო ამ არჩევანთა მრავალფეროვნება, როგორც საკუთარ თავში, ისე სხვებში.

რაც შეეხება ჩემს პირად ბალანსს, თქვენს კითხვას ორ ნაწილად ვუპასუხებ. პირველ რიგში, უბრალოდ ვაფასებ იმ მრავალმხრივობას, რაც ჩემშია. თუმცა, რა თქმა უნდა, ბევრჯერ მომიხდა მსხვერპლის გაღება და დათმობაზე წასვლა. როცა სტუდენტი ან რეზიდენტი ხარ, დრო ძალიან ცოტა გაქვს. შესაბამისად, შენი „ცხოვრების პორტფოლიოს“ ნაწილები დროებით უკანა პლანზე გადადის.

ჩემი უმცროსი შვილი, ზაკი, მაგალითად, გასულ ზაფხულს პარიზში ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა კლდეზე ცოცვაში. თამაშების შემდეგ რამდენიმე კვირაში უნივერსიტეტში ჩააბარა და მკითხა: „მამა, როგორ უნდა გავაგრძელო ოლიმპიური ვარჯიში და თან სწავლა?“ მახსოვს, ორი რამ ვუთხარი: „ზაკ, ვერ დაგეხმარები. საკუთარი ფულკრუმი, შენი ბალანსის წერტილი, შენ გეკუთვნის და თავად უნდა იპოვო. ერთი სწორი პასუხი არ არსებობს. კარგი ისაა, რომ შენ სწორ კითხვას სვამ. ეს კითხვა დროთა განმავლობაში შეიცვლება. კვლავ და კვლავ, შენი ცხოვრების განვითარებასთან ერთად ხელახლა გაჩნდება, რადგან ცხოვრება წინ მიდის.“ და სწორედ ეს შეგვიძლია მოვთხოვოთ საკუთარ თავს.

და მაინც დავაზუსტოთ, თქვენ როგორ პოულობთ ბალანსს?

მეკითხებით, როგორ ვპოულობ ბალანსს? ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რაში დახარჯავ დროს, რას მიანიჭებ პრიორიტეტს. მარტივად ნათქვამია, მაგრამ რთულად შესასრულებელი. მიყვარს ჩემი ოჯახი. ძალიან მიყვარს კლდეზე ცოცვა, ამიტომ, ჩემი პროფესიული ცხოვრების მიღმა, პრიორიტეტულად მათ მივიჩნევ.

პროფესიულ ცხოვრებაში კი მხოლოდ იმიტომ მოვახერხე ერთდრულად გუნდის ლიდერობა, სახელმძღვანელოების დაწერა, და თან სიმშვიდის შენარჩუნება რომ მე არ ვარ მიკრომენეჯერი. ერთ ფაქტორს ვუსვამ ხაზს: მომწონს უფლებების დელეგირება. მჯერა რომ საქმეების განაწილება და „ბრტყელი“ ანუ არაიერარქიული სტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანია. იერარქიებს თავისი ადგილი აქვთ, მაგალითად, საოპერაციოში ვისაც სკალპელი უჭირავს ანუ ქირურგი უნდა იყოს სათავეში. მაგრამ ჩემი ცხოვრების სხვა ასპექტებში იერარქიას ვეწინააღმდეგები. ჩემს ლაბორატორიაში კოლეჯის სტუდენტები, მედიცინის სტუდენტები და ახალგაზრდა პროფესორები მუშაობენ, ყველას აზრს ვაფასებ.

ხშირად ვახსენებ, რომ ყველანი „მოტყუებულები“ ვართ. ყველა რაღაცას პირველად ვაკეთებთ. როცა ჩემს კომპანიას Sling Therapeutics-ს ვიწყებდი, მართლა არაფერი ვიცოდი, რას ვაკეთებდი. დღეს ხალხი მეკითხება, როგორ გააკეთე? პასუხი? არ ვიცი. ვფიქრობ მაგია, ყოველთვის კომფორტის ზონის გარეთაა.

სწორედ ამიტომაა ჩემთვის ასე მნიშვნელოვანი ვიყო მამაცი და უშიშარი. ეს არ ნიშნავს თავხედობას. ეს ნიშნავს, არ შეგეშინდეს საკუთარი სისუსტის და მარცხის, რადგან ჩავარდნები იქნება, წარუმატებლობა გარდაუვალია. კლდეზე ცოცვა ამის კარგი ანალოგიაა, ცოცვის დიდი ნაწილი სწორედ დაცემაა. მეცნიერებაც ასეა, უმეტესწილად მარცხია. მედიცინაში ყოველდღე ვუშვებთ შეცდომებს. ამიტომ როდესაც უშიშრად უცქერ საკუთარ სისუსტეს, ეს გეხმარება. ბალანსზე ვსაუბრობთ, მაგრამ ეს ერთი სისტემის ნაწილებია. მხარს ვუჭერ ბრტყელ ორგნიზაციულ სტრუქტურებს, სადაც სხვებს აძლევ შესაძლებლობებს გახდნენ ლიდერები.

ყველას გვინახავს ექიმები ან ლიდერები, რომელთა ორგანიზაციაც მათ წასვლასთან ერთად ინგრევა. ეს ჩემთვის ცუდი ლიდერობის ნიშანია. საუკეთესო ლიდერები ქმნიან რაღაც უფრო დიდს, ვიდრე თავად არიან, და შემდეგ მას სხვებს გადასცემენ. ისინი მენტორობენ, აძლევენ ადამიანებს საშუალებას, თავადაც ლიდერები გახდნენ. ეს ბევრად უფრო დამაკმაყოფილებელია, ვიდრე იერარქიის მწვერვალზე ყოფნა.

და ისევ ვუბრუნდებით ჩვენს წინა საუბარს, დელეგირებას, რომელიც სხვების გაძლიერებას ეფუძნება. აი, ეს არის ნამდვილი ლიდერობა, servant leadership, როგორც ჯონ კენედიმ უწოდა. ლიდერობა არ არის ინდივიდის მემკვიდრეობაზე, ის არის მისიისა და მიზნის მემკვიდრეობაზე, რომელსაც ცხოვრება მიუძღვენი.

მინდა გაგიზიაროთ ის , რასაც ყველა რეზიდენტს და ახალგაზრდა პროფესორს ვახსენებ: „კიბეზე ასვლის“ სინდრომს. ეს განსაკუთრებით რთულია სამედიცინო განათლების გზაზე. უკვე ვთქვი, რომ ზოგჯერ მსხვერპლის გაღება გვიწევს, მაგრამ კიდევ ერთი მახეა რწმენა, რომ ბედნიერება სულ ერთი საფეხურითაა დაშორებული.

ხშირად გაიგონებთ: „ბედნიერი ვიქნები, როცა გამოცდებს ჩავაბარებ.“ მერე აბარებ და უკვე ფიქრობ, „როცა რეზიდენტურა დამთავრდება, მაშინ ვიქნები ბედნიერი.“ მერე რეზიდენტურა მთავრდება და მიზანი ისევ იცვლება: „ახლა უნდა გავიარო ფელოშიფი ან ლიცენზირებული ექიმი და ბედნიერი ვიქნები, როცა ეს დასრულდება.“ იქაც მიდიხარ და ისევ: „ბედნიერი ვიქნები, როცა პირველ გრანტს მივიღებ.“ და ასე უსასრულოდ.

აქედან მორალი: ასვლა არასდროს დამთავრდება, სულ მომდევნო საფეხურზე იქნები ორიენტირებული, ამ გზას არასდროს ექნება დასასრული, თუ არ შეცვლი დიალოგს საკუთარ თავთან. და ეს დიალოგი ეკჰარტ ტოლეს ფილოსოფიის მსგავსია, საჭიროა აწმყოში იცხოვრო. უნდა შეძლო იცხოვრო და დატკბე იმით, სადაც ხარ, რადგან სხვა არაფერია. მარტო აწმყოა.

მეორე, რაც მინდა ვთქვა, ისაა, რომ მედიცინასა და მეცნიერებაში მუდმივად გვაფასებენ უფროსები, კოლეგები, კომიტეტები, ინსტიტუტები. მნიშვნელოვანია, არ მისცე სხვებს უფლება, განსაზღვრონ, რას ნიშნავს შენთვის სრულყოფილება. თუ ფრთხილად არ იქნები, სხვისი სტანდარტებით იცხოვრებ.

ყოველთვის იქნება ვიღაც. ვინც შენზე მეტს კითხულობს, უკეთესად აკეთებს რაღაცას, რაშიც შენ ხარ ჩართული. ვიღაც მეტს სწავლობს, მაგრამ, და აქ შეიძლება ბატონ როჯერსს ვგავარ, მაგრამ სიმართლეა, „არავინაა ზუსტად შენნაირი“ და ეს მართალია. ეს ფრაზა ძალიან მიყვარს, რადგან როცა მუდმივად გაფასებენ, მარტივია ჩაგითრიოს ამ პროცესმა. თითქოს არასდროსაა საკმარისი, შეიძლება ადვილად მოექცე სხვისი მოლოდინების ტყვეობაში. ამიტომ, შენი საკუთარი გზა უნდა იპოვო.

და კიდევ ერთი, მუდმივად რაღაცის მიღწევას ვცდილობთ, სამედიცინო და სამეცნიერო სფეროები ზედმეტადაა მიღწევებზე ორიენტირებული. მე ამ ფოკუსის შეცვლა მსურს დიახ, კარგი საქმის კეთება მნიშვნელოვანია, ეს იდეალია. მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვერ ვცხოვრობთ მხოლოდ იდეალებით, არა? რაც გსურს, ეს მიზნებით და ვნებით სავსე ცხოვრებაა. და თუ ამ გზაზე მიღწევებიც მოვა-მშვენიერია! მაგრამ თუ მხოლოდ მიღწევა იქნება შენი ცხოვრების მიზნი, ეს არასწორი გზაა. მაშინ ცხოვრებას აზრიც არ აქვს.

თუ შეიძლება, ამ აზრს გავაგრძელებ, ახსენეთ, რომ თქვენ გაქვთ წარმატების თქვენი საკუთარი განსაზღვრება. სწორად გავიგე, რომ „მიზანი და ვნება“ არის ის ორი სიტყვა, რასაც წარმატებად თვლით?

ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად კარგი დასაწყისია. დიახ, ეს არის წარმატების განმარტების ერთ-ერთი საუკეთესო საფუძველი. იპოვე ისეთი რამ, რაც გიყვარს და რომელიც შენთვის მნიშვნელოვანია, აი, ესაა წარმატება.

რაც შეეხება ლიდერობას, რომელზეც რამდენიმე წინადადებით უკვე ისაუბრეთ. განსხვავებული საუბარი გამოდის ლიდერობაზე უკვე ჩამოყალიბებულ პროფესიონალ ექიმთან, როგორც თქვენ ხართ და ახალგაზრდასთან, ვინც ახლა იწყებს ამ სფეროში მუშაობას. რას ეტყოდით ახალგაზრდა ექიმებს, რეზიდენტებს, როგორ გახდნენ ლიდერები?

მიზანი. ვნება. ავთენტურობა. გულწრფელობა. მიზანი, ვნება, ავთენტურობა და გულწრფელობა, აი, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

ავთენტურობაში ვგულისხმობ, იყო ბუნებრივი. ყველანი განსხვავებულები ვართ. ყველა ცოტა უცნაურები ვართ. და ჩემთვის საკუთარი „მეობა“ ყველაფერია. ახლა, როცა უკან ვიხედები 25 წლის შემდეგ, ეს მარტივად ითქმის, მაგრამ გეტყვი არასდროს გაყიდო შენი სული. მხოლოდ ერთი გაქვს. რა თქმა უნდა ეს რწმენაზეა დამოკიდებული თუ არ გჯერა რეინკარნაციის.

პატარა ამბავი მინდა გაგიზიაროთ, რამაც მე ეს რწმენა განმიმტკიცა ავთენტურობის შესახებ. ახალგაზრდა სტუდენტი ვიყავი. როცა შესაძლებლობა მომეცა, პირველად წარმედგინა ჩემი ნაშრომი ეროვნულ კონფერენციაზე. მაშინაც ასე გამოვედი სცენაზე, ჩემთვის დამახასიათებელი თავისუფალი სტილით: საუბარიც და ჩაცმულობაც არ იყო „ტრადიციული“. ენერგიულად, ენთუზიაზმით სავსე ვსაუბრობდი. ალბათ, მაშინ ძალიან ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, როცა კითხვების დრო დადგა, დამსწრეებს ერთი ხნიერი, თეთრთმიანი ბატონი გამოეყო, წამოვიდა მიკროფონისკენ და 500 ადამიანის წინ დამიყვირა, რომ:
პირველი, მისი ციტატა არასწორად მოვიყვანე და მეორე, რომ უფროს აუდიტორიას მეტი პატივისცემით უნდა მოვექცე. და გამოვიყურებოდე პროფესიონალურად.
ეს შემთხვევა ერთ-ერთ TED-ის გამოსვლაშიც მოყევი. ძალიან შევწუხდი და დიდხანს მაღელვებდა ეს წუთები. წლებია თავს ვეკითხები, რატომ აღიზიანებთ ზოგიერთებს სხვების ავთენტურობა ან სიხალისე? პასუხი არ მაქვს. მაგრამ მსგავსი რამ კიდევ მინიმუმ ორჯერ დამემართა. ამის შემდეგ შეგნებულად გადავწყვიტე, არასდროს შევიცვლები სხვისთვის თავის მოსაწონებლად: ვერც უცნობისთვის, ვერც კოლეგისთვის, ვერც ხელმძღვანელი პირისთვის.

ეს აზრი ერთმა ძლიერმა ემოციურმა გამოცდილებამ უფრო განმიმიტკიცა. პაციენტის ოჯახს ვუთხარი, რომ მათი მამა იღუპებოდა. იმ წამს მთელი არსებით მათთან ვიყავი, ემოციურადაც იგივეს ვგრძნობდი, ჩემზეც გადმოვიდა მათი ტკივილი და ცრემლები წამომივიდა. იმ წამს იქ მხოლოდ 5 ადამიანი ვიყავით, ჩვენ ერთად ვგლოვობდით… და მე თავად ოჯახმა დამამშვიდა, მათგან მივიღე თანაგრძნობა. ეს ორი გამოცდილება, წინა შეხვედრა როცა უფროსმა დამიყვირა და ეს როცა პაციენტის ოჯახთან ერთად ვტიროდი, იყო ჩემთვის ნიშანი: რომ აუცილებელია გეყოს გამბედაობა. იყო ის, რაც ხარ, მთელი შენი არსით უნდა იყო მართალი.
ამიტომ, როცა ახალგაზრდა ლიდერებს ვეძებ, ვეძებ მათ, ვინც თამამია. ვისაც მარცხის არ ეშინია. ვინც მიზნის მიღწევითაა შეპყრობილი, ვისაც გავლენის მოხდენა უნდა და უპირველესად, ვინც ავთენტურია.

ლიდერობა ზმნაა, არა ტიტული. არანაირი კავშირი არ აქვს რანგთან ან პოზიციასთან. არაერთხელ ვყოფილვარ სხდომაზე, სადაც “ოფიციალური ლიდერი” არ შეეფერებოდა შეხვედრის მიზანს და ვხედავდი სხვას, რომელიც ღიად, უშიშრად და ბუნებრივად იღებდა ინიციატივას. ეს შეიძლება იყოს როგორც ახალგაზრდა, ისე ასაკოვანი.

იაპონურია სიტყვაა იკიგაი, რაც ნიშნავს, იპოვო შენი მიზანი და ვნება და მაგიური მომენტი მაშინ დგება, როცა ამას კარგად აკეთებ და სხვისთვისაც მოგაქვს სარგებელი. ეს საკუთარი თვალით ვნახე ენდოკრინოლოგთა საზოგადოებაში, სადაც პრეზიდენტი ვიყავი. ზოგი კომიტეტში მხოლოდ იმიტომ მონაწილეობდა, რომ „ლიდერის“ ტიტული ჰქონოდა. სხვები იმიტომ, რომ ეს საქმე უყვარდათ. და შეგიძლიათ გამოიცნოთ, ვინ იყო ნამდვილი ლიდერი. ისინი, ვინც ვნებითა და მიზნით მოდიან.

თქვენს TED-ის გამოსვლისას აღნიშნეთ, რომ როცა პაციენტი ფატალური დიაგნოზის პირისპირ დგება, აზრი აღარ აქვს ნიღბის მორგებას, ხანდახან მათ პირველად ეძლევათ შანსი, რამდენიმე წელი იცხოვრონ ბუნებრივად, თამაშის გარეშე.

მახსოვს, რომ მართლა ვთქვი ეს დიახ. როცა ადამიანი სასიკვდილო დაავადებას შეეჯახება, ხშირად უჩნდება უნარი და სიმამაცე იცხოვროს აწმყოთი, რაც, როგორც ვთქვი, ემოციური ავთენტურობაა. მათ ავადმყოფობა „ათავისუფლებს“ აღარ არსებობს როლების და ნიღბების მორგების საჭიროება. მხოლოდ ერთი რამ გრჩება, იცხოვრო ისე, როგორც გსურს, რადგან სიკვდილი ასე აშკარად არის წინ.

რა თქმა უნდა, არიან პაციენტები, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო ამას ვერ ახერხებენ და არიან პაციენტები, ვინც უბრალოდ ირჩევენ, არ იბრძოლონ, არ დაუპირისპირდნენ თავიანთ მდგომარეობას, ჩვენ ყველას გვინახავს ეს და სრულად თანავუგრძნობ. TED-ში ვთქვი კიდეც: “მიზანია იცხოვრო, სანამ მოკვდები.“

ბევრს უთქვამს ეს სხვადასხვა ფორმით, არ ვარ ფილოსოფოსი, მაგრამ როცა სიკვდილი მუდამ თვალწინ გიდგას, ეს განგაწყობს ან გიბიძგებს ან გაძლევს უფლებას, რომ ავთენტურად იცხოვრო. ეს არის მდგომარეობა, როცა ადამიანი სრულყოფილად აცნობიერებს რომ მისი სიცოცხლე დროებითია, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, სწორედ ამ მომენტიდან იწყებენ ცხოვრებას ავთენტურად. ეს მდგომარეობა ყოველთვის სასიამოვნო არ არის, ზოგჯერ მას მელანქოლია ახლავს თან. ეს შეიძლება სევდიანიც იყოს, მაგრამ ესაა ადამიანური ემოციის მთელი ტვირთი.

ბოლო შეკითხვა ეხება ე.წ. ცრუ რწმენებს. ენდოკრინოლოგიაში გავრცელებულ ცრუ წარმოდგენებს, ფსევდომეცნიერულ წარმოდგენებს. მაგალითად, როგორიცაა თირკმელზედა ჯირკვლის „გადაწვა“, კორტიზოლის „მავნე“ ზეგავლენა სხვადასხვა მდგომარეობაზედასხვადასხვა „ალტერნატიული“ მკურნალობები. როგორ უყურებთ ამ საკითხებს?

პირველ რიგში, როცა პაციენტები მეკითხებიან ალტერნატიულ მედიცინაზე, ვპასუხობ: „არა ავნო“. ეს ჩემთვის პირველი პრინციპია. არ ვარ წინააღმდეგი ალტერნატიულ, არადასავლური მედიცინას. აბსურდი იქნებოდა გვეგონოს, რომ ყველაფრის მკურნალობა ვიცით. რეალურად, ასე არაა, “სიკვდილისგან ვერავინ განიკურნება“- ეს შეუძლებელია.

მაგრამ დავუბრუნდეთ ფრაზას „არ ავნო“. ზიანი ჩემთვის ოთხ სხვადასხვა რამეს ნიშნავს: ფიზიკურ ზიანს, რაც ზოგჯერ შეგვიძლია ავიცილოთ, სულიერი ზიანი, ემოციური ზიანი და ფინანსური ზიანი.

დიახ, მეც მყოლია პაციენტები, რომლებიც სადღაც შორს გაემგზავრნენ, იშვიათი ხის ქერქი შეჭამეს და ამაში ასი ათასი დოლარი დახარჯეს იმ მოლოდინით, რომ განიკურნებოდნენ, მაგრამ შედეგად სახლი დაკარგეს. ეს უკვე ფინანსური და ფსიქოლოგიური ზიანია, ამიტომ ვეუბნები, შეიძლება ფიზიკურად ზიანი არ მოგაყენოს, მაგრამ სულიერად, ემოციურად და ფინანსურად კი შეიძლება დაგაზიანოს.”

კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ ადამიანები ხშირად დაბნეულები არიან და ამას, სამწუხაროდ, სამეცნიერო საზოგადოებამაც შევუწყეთ ხელი. ხალხს რწმენა და ცოდნა ერთმანეთში ერევა. რწმენა და სამეცნიერული ფაქტი, ეს ორი სხვადასხვა რამეა.
რა თქმა უნდა, მეცნიერება ცდების საშუალებით ვითარდება, ჩვენ ვსწავლობთ გამოცდილებაზე დაყრდნობით. ხშირად სამ ნაბიჯს ვდგამთ უკან, ერთს წინ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სამეცნიერო მეთოდი, რაც ჯერ კიდევ პლატონმა, კონფუციმ და არისტოტელემ შექმნეს, უბრალო რწმენაა. არა! ეს თეორიებია, ჰიპოთეზებია, რომლებიც მუდმივად გადამოწმდება, დაკვირვების ხარჯზე ხდება მათი დახვეწა. ეს გახლავთ რაციონალური აზროვნების ღირებულება, რაზეც მეცნიერული პროგრესი დგას.

რწმენაზე აგებული მტკიცებულებები, რომლებიც მეცნიერულად არ დასტურდება, შეიძლება ძალიან სახიფათო იყოს მედიცინაში. ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული შეცდომაა მაგ ჰორმონ კორტიზოლის დემონიზაცია. დიახ, ზედმეტად მაღალი დოზით კორტიზოლი მართლაც მავნეა, მაგრამ ნაკლებობაც სერიოზული პრობლემაა. ენდოკრინოლოგებმა და სამედიცინო მეცნიერებამ ზუსტად განსაზღვრა, რა დონეა ჰორმონებისთვის ნორმალური. როცა ეს ცოდნა გამოიყენება სპეკულაციისთვის, ვითომდა შენი პრობლემა „დაბალი კორტიზოლია“, ეს არა მხოლოდ შეცდომაა, არამედ ზიანის მომტანი, არაეთიკური ქმედებაა.

ჩვენ, დასავლურ სამყაროში, ბევრი ვიშრომეთ, რომ ეს მავნე რწმენები დაგვეძლია. აუცილებელია, გავაცნობიეროთ, რომ ეს უბრალოდ რწმენებია, არა მტკიცებულებაზე დაფუძნებული მედიცინა. და როცა შეგვიძლია, ექიმები და მეცნიერები უნდა გამოვიდეთ საჯაროდ და დავიცვათ მეცნიერება. გამოვექომაგოთ ყველას, ვინც საუბრობს მეცნიერების მნიშვნელობაზე, მათ შორის, მთავრობებთანაც. სამედიცინო მეცნიერება ეფუძნება სწორედ მეცნიერულ კვლევას და უნდა დავიცვათ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომა დაუდასტურებელი რწმენებისგან.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები