ტექნოლოგიურმა ინოვაციებმა ნიკოტინი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ და მიმზიდველ ფორმაში შეფუთა, რამაც ელეტქრონული სიგარეტების მეშვეობით ახალგაზრდების ჯანმრთელობის უფლებას სერიოზული საფრთხე შეუქმნა. მათი გავრცელება წარმოადგენს სერიოზულ, მასშტაბურ კრიზისს, რომელიც აფერხებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ძალისხმევას და პირდაპირ უპირისპირდება საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ სახელმწიფოს ვალდებულებას. ელექტრონული სიგარეტების ზიანის მასშტაბის გააზრება კრიტიკულია იმისათვის, რომ პოლიტიკა ორიენტირებული იყოს ბავშვთა ინტერესებზე და არა ინდუსტრიის მოგებაზე.
კვლევის შედეგები
კვლევები ცხადყოფს, რომ ელექტრონული სიგარეტების მოხმარების მაჩვენებელი ბავშვებსა და მოზარდებში საგანგაშო სისწრაფით იზრდება:
პრობლემა სკოლებში: მაგალითად, 2024 წლის დასაწყისში ინგლისის ერთ-ერთმა სკოლამ განაცხადა, რომ ელექტრონული სიგარეტის დეტექტორის სიგნალი ერთ დღეში 112-ჯერ ამუშავდა. ამას ემატება გამოკითხვები, რომლებიც აჩვენებს, რომ მოსწავლეები ნიკოტინზე დამოკიდებულების გამო აცდენენ სკოლას და ზოგიერთი ბავშვი თავს არიდებს სკოლის საპირფარეშოებს, რადგან იქ ხშირია ვეიპების გამოყენება. ეს ფაქტები ნათლად ასახავს პრობლემის სიმწვავეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) შეფასებით, 13-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების 7.2% იყენებს ელექტრონულ სიგარეტს. ეს სტატისტიკა ადასტურებს, რომ მოხმარება მზარდი გლობალური ტენდენციაა და ვრცელდება მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონში.
ძირითადი რისკები:
მოზარდობის პერიოდში ტვინის სტრუქტურები ჯერ კიდევ ვითარდება, რის გამოც ნერვული სისტემა განსაკუთრებით მგრძნობიარეა ნიკოტინის ტოქსიკური ზემოქმედების მიმართ. ის უარყოფითად მოქმედებს კოგნიტურ ფუნქციებზე, რაც გამოიხატება კონცენტრაციისა და მეხსიერების დაქვეითებით. ასევე ზიანდება ემოციური კონტროლის მექანიზმები, რაც განწყობას არასტაბილურს ხდის და მკვეთრად ზრდის ნიკოტინზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას.
ელექტრონული სიგარეტის ახალგაზრდა მომხმარებლებში სამჯერ მაღალია ალბათობა იმისა, რომ ისინი მოგვიანებით ტრადიციული თამბაქოს მწეველები გახდნენ.
გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენცია (CRC) ქვეყნებს ავალდებულებს დაიცვან ბავშვთა ჯანმრთელობის უფლება (მუხლი 24) და უზრუნველყონ მათი ინტერესების პრიორიტეტულობა (მუხლი 3). ეს სამართლებრივი მოთხოვნები ძლიერდება WHO-ს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციით. (FCTC)
მრავალი ქვეყანა ვერ ახერხებს ელექტრონული სიგარეტების ადეკვატურ რეგულირებას, რითაც ახალგაზრდებს აყენებს ნიკოტინის ექსპოზიციისა და დამოკიდებულების განვითარების რისკის ქვეშ. ეს არის საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი სამართლებრივი ვალდებულებების პირდაპირი დარღვევა. ბავშვების დაცვა მავნე პროდუქტებისგან არ არის მხოლოდ ეთიკური საკითხი, არამედ იურიდიული მოვალეობაა.
ინდუსტრიული მარკეტინგი და რეგულაციის ხარვეზები
“ზარალის შემცირებით” მანიპულირება: თამბაქოს ინდუსტრია იყენებს ტერმინს “ზარალის შემცირება” იმის გასამართლებლად, რომ ელექტრონული სიგარეტები ფართოდ იყოს ხელმისაწვდომი. ინდუსტრიის “ზარალის შემცირების” არგუმენტი შემოიფარგლება მხოლოდ ზრდასრული მწეველების დახმარებით, რომ ტრადიციული სიგარეტი ელექტორნულით ჩაანაცვლონ. ამავდროულად, ისინი სრულად უგულებელყოფენ იმ მასშტაბურ ზიანს, რომელიც ადგებათ ბავშვებს, რომლებიც სწორედ ვეიპებით იწყებენ ნიკოტინის მოხმარებას.
ეფექტურობის პრობლემა: ელექტრონული სიგარეტები არ არის ოფიციალურად დამტკიცებული, როგორც მოწევის შეწყვეტის უსაფრთხო ან ეფექტური საშუალება. ამის გამო, ბევრი მწეველი არ წყვეტს ტრადიციული სიგარეტის მოწევას და ხდება “ორმაგი მომხმარებელი” (იყენებს როგორც ელექტრონულ, ისე ჩვეულებრივ სიგარეტს).
“ინვერსიული პრიორიტეტები”: ბევრი ქვეყნის მთავრობა ვერ არეგულირებს ელექტრონული სიგარეტების გამოყენებას (მაგალითად, 62 ქვეყანას არ აქვს შესაბამისი შეზღუდვები), რის გამოც ეს პროდუქტები უფრო პოპულარულია ბავშვებში, ვიდრე ზრდასრულებში. მწარმოებლების მარკეტინგიც (მიმზიდველი არომატები და შეფუთვა) აშკარად ახალგაზრდებზეა გათვლილი. პოლიტიკა, რომელიც ზრდასრული მწეველების პოტენციურ სარგებელს ბავშვებისთვის მიყენებულ აშკარა ზიანზე მაღლა აყენებს, პირდაპირ ლახავს ბავშვთა უფლებებს.
ბავშვებზე ორიენტირებული რეგულაციის აუცილებლობა
საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოს გამოყენებით, ქვეყნებმა უნდა მიიღონ რეგულაციები, რომლებიც პრიორიტეტს ანიჭებს ბავშვთა ინტერესებს:
აკრძალვები და ლიმიტები: დადგინდეს მკაცრი ასაკობრივი შეზღუდვები, აიკრძალოს ელექტრონული სიგარეტის რეკლამა და ახალგაზრდებისთვის მიმზიდველი არომატები.
ხელმისაწვდომობის კონტროლი: შეიზღუდოს გაყიდვა სკოლებთან ახლოს და მიღებულ იქნას ეტიკეტირებისა და შეფუთვის ისეთი კანონები, როგორიც თამბაქოს პროდუქტებისთვის მოქმედებს.
ონლაინ კონტროლი: მთავრობებმა უნდა დაარეგულირონ სოციალური მედიის მარკეტინგი და ონლაინ გაყიდვები.
ელექტრონული სიგარეტების გრძელვადიანი ეფექტი ჯერ კიდევ გაურკვეველია, მაგრამ აშკარაა, რომ ახალგაზრდებისთვის დღეს მიყენებული ზიანი მომდევნო თაობებზეც ვრცელდება. ამიტომ, აუცილებელია, პოლიტიკური პრიორიტეტები სწორად განისაზღვროს ბავშვთა ინტერესების დასაცავად.
წყარო: bmj

