დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ბაზოფილები და პოხიერი უჯრედები (Mast cells) მხოლოდ ორგანიზმის ალერგიულ რეაქციებსა და ზემგრძნობელობაზე აგებდნენ პასუხს. ფართო საზოგადოებისთვისაც ისინი უპირატესად ჰისტამინისა და სხვა ანთებითი კომპონენტების სეკრეციასთან ასოცირდება, რაც საფუძვლად ისეთ კლინიკურ მდგომარეობებს უდევს, როგორიცაა ასთმური შეტევა, სეზონური რინიტი თუ სიცოცხლისთვის საშიში ანაფილაქსია.
თუმცა, უახლესმა სამეცნიერო აღმოჩენებმა ეს კლასიკური წარმოდგენა სრულიად შეცვალა და აჩვენა, რომ ამ უჯრედებს სიმსივნის ბიოლოგიაშიც უმნიშვნელოვანესი, ფარული როლი აკისრიათ. საინტერესოა, რომ მათი ქცევა მკაცრად არის დამოკიდებული კლინიკურ კონტექსტზე: გარკვეულ პირობებში ისინი სიმსივნის ზრდასა და პროგრესირებას უწყობენ ხელს, ხოლო სხვა შემთხვევაში, პირიქით – ორგანიზმს ანტისიმსივნური იმუნური პასუხის ფორმირებაში ეხმარებიან. სწორედ ალერგიისა და კიბოს კვლევის ამ მოულოდნელ გადაკვეთას ჩაუყარა საფუძველი მედიცინის ახალმა, ინოვაციურმა მიმართულებამ, რომელიც ალერგოონკოლოგიის სახელით არის ცნობილი.
ბაზოფილებისა და პოხიერი უჯრედების ბიოლოგია
ბაზოფილები სისხლში არსებულ გრანულოციტებს შორის ყველაზე მცირერიცხოვან ჯგუფს წარმოადგენს – ისინი პერიფერიული ლეიკოციტების მთლიანი მასის მხოლოდ 1%-ს მოიცავს. ამ უჯრედების მომწიფება ძვლის ტვინში ხდება, სადაც მათი საბოლოო ჩამოყალიბების მთავარ სტიმულს ინტერლეიკინ-3 (IL-3) განაპირობებს. ორგანიზმში პათოლოგიური პროცესის დაწყებისას, გააქტიურებული ბაზოფილები სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებას გამოყოფენ: ჰისტამინს, ციტოკინებსა (IL-4, IL-13) და სისხლძარღვთა ენდოთელური ზრდის ფაქტორს (VEGF).
თავის მხრივ, პოხიერი უჯრედებიც მსგავს საწყისებს იზიარებს და განვითარებას ძვლის ტვინის წინამორბედი ელემენტებიდან იწყებს. თუმცა, ბაზოფილებისგან განსხვავებით, ისინი სისხლის მიმოქცევის სისტემაში არ ყოვნდება – ეს უჯრედები სხვადასხვა ქსოვილში გადაინაცვლებს და საბოლოო მომწიფების პროცესს ღეროვანი უჯრედების კომპონენტისა და c−Kit გზის ზემოქმედებით ასრულებს. პოხიერი უჯრედები ორგანიზმის თავდაცვის წინა ხაზზე, ძირითადად ბარიერულ ზედაპირებთან (მაგალითად, კანში, ლორწოვან გარსებში) და სისხლძარღვების ირგვლივ გვხვდება. მათი საპასუხო რეაქცია ისეთი ძლიერი ნაერთების გამოთავისუფლებას გულისხმობს, როგორიცაა ჰისტამინი, ტრიპტაზა, ციტოკინები, ეიკოზანოიდები და ახალი სისხლძარღვების ზრდის კომპონენტი – FGF−2.
სწორედ ამ უნიკალური ფიზიოლოგიური იარაღის წყალობით, უჯრედების ორივე პოპულაციას ადგილობრივ იმუნურ პასუხებზე, ქსოვილების სტრუქტურულ რემოდელირებასა და სიმსივნესთან ასოცირებულ ანთებით პროცესებზე უდიდესი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ალერგიიდან ონკოლოგიამდე
დიაგნოსტიკაში ერთ-ერთ წამყვან ინსტრუმენტს ბაზოფილების აქტივაციის ტესტი (BAT) წარმოადგენს. ეს არის მაღალტექნოლოგიური, გამდინარე ციტომეტრიის მეთოდზე დაფუძნებული ანალიზი, რომელიც ორგანიზმს გარეთ (ex vivo) უჯრედების სტიმულირებისას მათ ზედაპირზე სპეციფიკური მოლეკულების – CD63-ისა და CD203c-ის ექსპრესიას ზომავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მეთოდი ალერგოლოგიაში უკვე კარგად არის დამკვიდრებული, ახლა მისი აქტიური ადაპტაცია ონკოლოგიაშიც მიმდინარეობს. იგი ექიმებს ქიმიოთერაპიული თუ IgE-ზე დაფუძნებული ბიოლოგიური მედიკამენტების მიღებისას მწვავე ალერგიული რეაქციების რისკების წინასწარ შეფასებაში საგრძნობლად ეხმარება. რაც შეეხება პოხიერი უჯრედების ანალოგიურ შეფასებას, იგი ჯერ კიდევ საწყის, კვლევით ფაზაშია, თუმცა სამომავლოდ მას სიმსივნის დროს ამ ელემენტების ფარული მოქმედების გაშიფვრის დიდი პოტენციალი აქვს.
ეს ლაბორატორიული მიმართულება ალერგიასა და ონკოლოგიას შორის მყარ პრაქტიკულ კავშირს აყალიბებს. ვინაიდან მათი გამოყენება ონკოლოგიურ პრაქტიკაში ახალი დაწყებულია, მეცნიერები რამდენიმე ტექნიკურ ბარიერს აწყდებიან. მათ შორის უმთვარესი კლინიკებში განსხვავებული პროტოკოლები, ექსკლუზიურად ახალი სისხლის ნიმუშების საჭიროება და ერთიანი, სტანდარტიზებული ზღვრული მაჩვენებლების (Cutoffs) არარსებობაა. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ტესტები ტრანსლაციური მედიცინის წინსვლისა და პერსონალიზებული მკურნალობის დაგეგმვის უდიდეს იმედს იძლევა.
სიმსივნის მიკროგარემო
სიმსივნის მიკროგარემოში ბაზოფილებსა და პოხიერ უჯრედებს ნამდვილი „ორმაგი აგენტების“ როლის შესრულება შეუძლიათ, რაც ქსოვილის სტრუქტურაზე, დაავადების სტადიასა და იმუნური სისტემის ზოგად მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, სპეციფიკური ანთებითი Th2 მიმდინარეობისა და ციტოკინების (IL-4 და IL-13) გამოყოფით, ბაზოფილებმა შესაძლოა სიმსივნის ზრდასა და პროგრესირებას შეუწყონ ხელი. თუმცა, ვითარება ხშირად დიამეტრულად იცვლება: განსხვავებულ პირობებში, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების სეკრეციითა და სხვა დამცავი ძალების მობილიზებით, მათ ანტისიმსივნური იერიშის ეფექტურად წარმართვაც შეუძლიათ.
პოხიერი უჯრედები კიდევ უფრო გამოხატულ ფუნქციურ მრავალფეროვნებას ავლენენ. გარკვეული სიმსივნეების დროს ისინი, ახალი სისხლძარღვების წარმოქმნას, ქსოვილების სტრუქტურულ გადაწყობას, იმუნიტეტის დათრგუნვასა და მეტასტაზების გავრცელებას უწყობენ ხელს. საპირისპიროდ, სხვა კლინიკურ შემთხვევებში სიმსივნურ ქსოვილში მათი დიდი რაოდენობით არსებობა პაციენტის გამოჯანმრთელების ბევრად მაღალ შანსებთან კორელირებს.

სწორედ ამიტომ, ამ უჯრედების ცალსახა კლასიფიცირება, როგორც ექსკლუზიურად მავნე ან დამცავი ელემენტებისა, პრაქტიკულად შეუძლებელია. მათი საბოლოო ქცევა მთლიანად იმ უჯრედშორის „დიალოგსა“ და ლოკალურ ბიოლოგიურ სიგნალებზეა დამოკიდებული, რომელსაც ისინი უშუალოდ სიმსივნურ გარემოში იღებენ.
კონკრეტული მაგალითები
მელანომა: მელანომის შემთხვევაში პოხიერი უჯრედები სიმსივნის „მოკავშირედ“ გვევლინებიან. ისინი ხელს უწყობენ ახალი სისხლძარღვების ჩაზრდას, თრგუნავენ იმუნურ სისტემას და პასუხისმგებელნი არიან თანამედროვე, ძვირადღირებული ანტი-PD-1 იმუნოთერაპიისადმი რეზისტენტობის ჩამოყალიბებაზე. პრეკლინიკური კვლევები აჩვენებს, რომ ამ უჯრედების მიზანმიმართულ გამოფიტვას მკურნალობის ეფექტურობის გაზრდა შეუძლია, თუმცა ეს მიდგომა ჯერ კიდევ ექსპერიმენტულ სტადიაზეა. საპირისპიროდ, ბაზოფილებმა კანის ონკოლოგიური დაავადებების დროს შესაძლოა დამცავი როლი შეასრულონ და ორგანიზმს სიმსივნესთან ბრძოლაში დაეხმარონ.
პანკრეასის კიბო: პანკრეასის სადინაროვანი ადენოკარცინომის დროს ბაზოფილებიც და პოხიერი უჯრედებიც ერთობლივად მოქმედებენ და სიმსივნის ზრდის ხელშემწყობ, სპეციფიკურ (Th2) ანთებით მიკროგარემოს აყალიბებენ. ისინი აქტიურად მონაწილეობენ იმუნური თავდაცვის მოშლაში, სიმსივნური მასის სწრაფ პროლიფერაციასა და ლიმფური კვანძების მეტასტაზურ დაზიანებაში.
ფილტვის კიბო: ფილტვის კიბოს დროს ბაზოფილები მყისიერად რეაგირებენ სიმსივნური წარმოშობის საგანგაშო სიგნალზე – პროტეინ გალექტინ-3-ზე და გამოყოფენ სპეციფიკურ ციტოკინებს, რომლებიც ქრონიკულ ანთებით პროცესებს აძლიერებს. პოხიერი უჯრედები კი მაღალ ჰეტეროგენულობას ავლენენ. მათ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ სისხლის შედედებაზე, სისხლძარღვების განვითარებასა და ზოგად კლინიკურ პროგნოზზე. საინტერესოა, რომ ზოგიერთი კვლევით მათი მაღალი კონცენტრაცია პაციენტის სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებას უკავშირდება, მაშინ როცა სხვა სამეცნიერო ნაშრომები მათ ქსოვილების დაშლასა და მეტასტაზების გავრცელებასთან აიგივებს.
კუჭის კიბო: კუჭის ონკოლოგიური პათოლოგიების დროს პოხიერი უჯრედები პირდაპირ კავშირშია სიმსივნის ჭარბ ვასკულარიზაციასთან, ლიმფოგენურ მეტასტაზირებასა და PD-L1-ით გაშუალებულ იმუნოსუპრესიასთან, რაც ორგანიზმის თავდაცვის უნარს მთლიანად თრგუნავს. ბაზოფილების როლი კუჭის კიბოს დროს ჯერ კიდევ ნაკლებად არის შესწავლილი, თუმცა არსებული სამეცნიერო მონაცემები მიანიშნებს, რომ ისინი სიმსივნის სპეციფიკურ, გარკვეულ იმუნორეგულაციურ ფუნქციას მაინც ასრულებენ.
კოლორექტული კიბო: მსხვილი ნაწლავის კიბოს დროს მეცნიერებმა საინტერესო კანონზომიერება აღმოაჩინეს: პაციენტის სისხლში ცირკულირებადი ბაზოფილების დაბალი კონცენტრაცია პირდაპირ დაავადების შორსწასულ, მძიმე სტადიასა და არასასურველ კლინიკურ გამოსავალზე მიუთითებს. რაც შეეხება პოხიერ უჯრედებს, მათზე არსებული სამეცნიერო მონაცემები ამ ნოზოლოგიაში კვლავინდებურად წინააღმდეგობრივი და არაერთგვაროვანი რჩება.
ყოველივე ეს ნათლად ადასტურებს, რომ ბაზოფილები და პოხიერი უჯრედები კლასიკურ ალერგოლოგიურ ჩარჩოებს სცილდება. მიუხედავად იმისა, რომ მათი ზუსტი მოქმედების მექანიზმების გასაშიფრად მეცნიერებს წინ კიდევ უამრავი კვლევა ელოდებათ, ამ უჯრედების უდიდესი კლინიკური პოტენციალი უკვე აშკარაა.
წყარო: CTA

