ბენზოდიაზეპინებზე დამოკიდებულება: ფარული ეპიდემია და გამოწვევები

გააზიარე

ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულების კონტექსტში, ბენზოდიაზეპინები განსაკუთრებულ ყურადღებას თავისი მაღალი ადიქციური პოტენციალის გამო იმსახურებს. ეს ნივთიერებები ინფორმაციის გადაცემის პროცესს ტვინიდან სხეულისკენ საგრძნობლად ანელებს, რაც პაციენტებში სიმშვიდისა და ეიფორიის განცდას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ მედიცინაში მათი გამოყენება გარკვეულ თერაპიულ ჩარჩოებში (შფოთვა, სტრესი, ეპილეფსია) ჯდება, ბენზოდიაზეპინები უძილობისა თუ სხვა პრობლემების მკურნალობის პირველად არჩევანს არ წარმოადგენს. მათი ხანგრძლივი მოხმარება მყარ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას აყალიბებს, რაც ხშირად ზედოზირების საფრთხეს, განსაკუთრებით სხვა დეპრესანტებთან კომბინაციაში, ქმნის.

სტატისტიკა

საქართველოში არსებული ვითარება ამ მხრივ საგანგაშოა, რადგან 2022 წლის კვლევის მიხედვით, ფსიქოტროპული მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ მოხმარების პრევალენტობა ზოგად მოსახლეობაში 4.1%-ს შეადგენს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ამ ნივთიერებების არადანიშნულებისამებრ პირველად გამოყენების საშუალო ასაკი 30 წელს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრობლემა ძირითადად შრომისუნარიან და აქტიურ მოსახლეობას ეხება.

რეგიონულ ჭრილში მონაცემების დიფერენცირება კიდევ უფრო სპეციფიკურ სურათს გვიჩვენებს. კვლევამ გამოკვეთა, რომ ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქვემო ქართლის რეგიონში ფიქსირდება.

პრობლემის მასშტაბურობას კიდევ უფრო ამძაფრებს მოზარდებში არსებული სტატისტიკა: 2019 წლის მონაცემებით, 15-16 წლის ქართველი მოსწავლეების 3.1%-ს ტრანკვილიზატორები ან სედატივები ექიმის დანიშნულების გარეშე ერთხელ მაინც გამოუყენებია. 

კლასიფიკაცია და პოლიმოხმარების საფრთხეები

ბენზოდიაზეპინები, მოქმედების ხანგრძლივობის მიხედვით, სამ ჯგუფად იყოფა: ხანგრძლივმოქმედი (მაგ. დიაზეპამი/ვალიუმი), საშუალო ხანგრძლივობის (მაგ. ნიტრაზეპამი/მოგადონი) და ხანმოკლე მოქმედების (მაგ. ალპრაზოლამი/ქსანაქსი). სწორედ ხანმოკლე მოქმედების პრეპარატები გამოირჩევა უფრო ძლიერი აღკვეთის სიმპტომებითა და დამოკიდებულების ჩამოყალიბების მაღალი პოტენციალით. 

მათ პაციენტები ხშირად ნარკოტიკული თრობის მისაღწევად ან სტიმულატორების (ამფეტამინი, კოკაინი) გვერდითი ეფექტების შესამცირებლად იყენებენ, რაც „ნარკოტიკების პოლიმოხმარების“ სახიფათო პრაქტიკას წარმოშობს. ალკოჰოლთან ან ოპიატებთან კომბინირებისას სუნთქვის დათრგუნვისა და ფატალური ზედოზირების რისკი კრიტიკულად იზრდება.

კლინიკა

ბენზოდიაზეპინების ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე კომპლექსურია. პრეპარატის პირველადი ეფექტები, მაგლითად სიმშვიდე და ეიფორია, ხშირად ისეთ კოგნიტურ დარღვევებთან არის კომბინაციაში, როგორიცაა მეხსიერების დაკარგვა, ორიენტაციის აღრევა და მეტყველების ბორძიკი. განსაკუთრებით აგრესიული პათოლოგიური პროცესები ინექციური მოხმარების დროს ვითარდება. ამ შემთხვევაში მკვეთრად იზრდება ვენების დაზიანების, თრომბოზისა და სისხლით გადამდები ინფექციების (აივ ინფექცია, ჰეპატიტები) გავრცელების საფრთხე.

გრძელვადიან პერსპექტივაში რეგულარული გამოყენება ცენტრალური ნერვული სისტემის დეგრადაციასა და პიროვნულ ტრანსფორმაციას განაპირობებს. პაციენტებში ხშირად ვლინდება პარანოია, ქრონიკული ლეთარგია და აზროვნების პროცესების საგრძნობი შენელება. სამედიცინო მტკიცებულებები ასევე მიუთითებს იმაზე, რომ მძიმე და სისტემატური მოხმარება ინსულტისა და თავის ტვინის ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკ-ფაქტორს წარმოადგენს.

განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფს ორსულები და ხანდაზმული პაციენტები შეადგენენ. მედიკამენტი ნაყოფის განვითარების დეფექტებსა და ნაადრევ მშობიარობას იწვევს, ხანდაზმულებში კი კოორდინაციის მოშლის გამო ტრავმული დაცემისა და მოტეხილობების ალბათობას საგრძნობლად ზრდის.

აღკვეთის სინდრომი

ბენზოდიაზეპინებზე დამოკიდებულების მართვის პროცესში ყველაზე კრიტიკულ ბარიერს მძიმე აღკვეთის სინდრომი (ეგრეთ წოდებული ლომკა) წარმოადგენს. მედიკამენტის მიღების მკვეთრი და თვითნებური შეწყვეტა ორგანიზმისთვის მაღალი რისკის შემცველია, რადგან ამ დროს ნევროლოგიური გართულებები, მათ შორის ეპილეფსიური კრუნჩხვები, ბოდვითი მდგომარეობა და ჰალუცინაციები ვითარდება. სიმპტომატიკა ხშირად პროლონგირებულ ხასიათს ატარებს და რამდენიმე კვირიდან ერთ წლამდე გრძელდება. აღნიშნული სირთულეების გამო, მკურნალობის პროცესი მუდმივ პროფესიულ მეთვალყურეობასა და დოზის ეტაპობრივი, კონტროლირებადი კლების სტრატეგიას საჭიროებს.

ზიანის შემცირების პოლიტიკა პაციენტის მხრიდან თვითმკურნალობაზე კატეგორიულ უარსა და პრეპარატის მხოლოდ კონტროლირებად, უსაფრთხო გარემოში გამოყენებას გულისხმობს. საერთაშორისო გაიდლაინების თანახმად, ბენზოდიაზეპინები უძილობისა თუ შფოთვითი აშლილობების მკურნალობის პირველად არჩევანს (First-line treatment) არ წარმოადგენს. შესაბამისად, საქართველოში არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად, ჯანდაცვის სისტემამ პრიორიტეტი ფარმაცევტულ პროდუქტებზე კონტროლის გამკაცრებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე უნდა გადაიტანოს. ამ კომპლექსური მიდგომით შესაძლებელია იმ მძიმე სოციალური და კლინიკური შედეგების პრევენცია, რომლებსაც ფსიქოტროპული მედიკამენტების ავადმოხმარება განაპირობებს.

წყარო: პროექტი CPR; EUDA; Drugorders



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები