ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული ახალი მასშტაბური კვლევის თანახმად, სხეულის მასის ინდექსი (BMI) სიმსუქნის დიაგნოსტირებისა და ჯანმრთელობის რისკების შესაფასებლად არასაკმარისია. 800 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ ახალი მიდგომა, რომელიც წონის გარდა წელის გარშემოწერილობასა და ჭარბი ცხიმის განაწილებას ითვალისწინებს,ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების რისკს ბევრად უფრო ზუსტად პროგნოზირებს.
კლინიცისტები წლების განმავლობაში მსჯელობდნენ, იყო თუ არა სიმაღლესა და წონაზე დაფუძნებული BMI სიმსუქნის კლასიფიკაციის საუკეთესო ინსტრუმენტი. ალაბამის უნივერსიტეტის მკვლევრის, კატია მარტინსის განმარტებით, BMI არ ასახავს სხეულის რეალურ კომპოზიციას. მაგალითად, კუნთოვან ადამიანს შესაძლოა მაღალი ინდექსი ჰქონდეს, მაგრამ სხეულში ცხიმის მინიმალური შემცველობა აღენიშნებოდეს.
სიმსუქნის კლინიკური და პრეკლინიკური დაყოფა
ახალი სისტემა, სახელწოდებით „სიმსუქნის კომბინირებული ანთროპომეტრიული დეფინიცია“ (CAD-obesity), სტანდარტულ მაჩვენებლებთან ერთად წელის გარშემოწერილობას ეყრდნობა. ცნობილია, რომ აბდომინალურ (მუცლის) არეში დაგროვილი ცხიმოვანი ქსოვილი ჯანმრთელობისთვის ბევრად საზიანოა.
ახალი მოდელის მიხედვით, თუ ჭარბი წონის მქონე პირს 18 სპეციფიკური დაავადებიდან (მათ შორის, გულის უკმარისობა და ძილის აპნოე) ერთ-ერთი მაინც აღენიშნება, მას „კლინიკური სიმსუქნის“ დიაგნოზი ესმება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჭარბი ცხიმი ქსოვილებსა და ორგანოებს უკვე აზიანებს. იმ პაციენტებს კი, რომლებსაც ჭარბი ცხიმი აქვთ, მაგრამ ორგანოების ფუნქცია შენარჩუნებულია და თანმხლები დაავადებები არ აღენიშნებათ, „პრეკლინიკურ სიმსუქნეს“ უდგენენ.
ცდომილება დიაგნოსტირებაში
კვლევის ავტორებმა, ლონდონის სამეფო კოლეჯის (King’s College London) პროფესორ ფრანჩესკო რუბინოს ხელმძღვანელობით, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ჩინეთის მონაცემთა ბაზები შეისწავლეს. 15-წლიანი დაკვირვების პერიოდში დაფიქსირებული 50 000-ზე მეტი გარდაცვალების ფაქტის ანალიზმა აჩვენა, რომ ძველი მიდგომა ხშირად მცდარ სურათს იძლეოდა.
კერძოდ, CAD-obesity სისტემამ გამოავლინა პაციენტთა 5-9%, რომლებსაც მაღალი რისკის მქონე სიმსუქნე აღენიშნებოდათ, მაგრამ BMI-ის სტანდარტით ისინი მხოლოდ „ჭარბწონიანებად“ იყვნენ კლასიფიცირებულნი. მეორე მხრივ, პაციენტთა 1-3%-ს, რომლებსაც ძველი მეთოდით სიმსუქნე დაუდგინდათ, ახალი მოდელით ჯანმრთელობის მომატებული რისკი არ აღმოაჩნდათ.
კვლევამ დაადასტურა, რომ ახალი დეფინიციით დადგენილი სიმსუქნის მქონე პირებს სიკვდილიანობის 6-7%-ით უფრო მაღალი რისკი აქვთ, ვიდრე ნორმალური წონის მქონე ადამიანებს. ამასთან, რისკი განსაკუთრებით მაღალია „კლინიკური სიმსუქნის“ ჯგუფში.
როგორც ფრანჩესკო რუბინო აღნიშნავს, გლობალურად სიმსუქნე ერთ მილიარდ ადამიანს აწუხებს, ამიტომ BMI-ის ცდომილებამ შესაძლოა მილიონობით პაციენტი სათანადო მკურნალობის (მათ შორის, ბარიატრიული ქირურგიის) მიღმა დატოვოს მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ინდექსი დადგენილ ზღვარს ვერ აღწევს.
მიუხედავად ახალი მოდელის აშკარა კლინიკური უპირატესობისა, ზოგიერთი სპეციალისტი პრაქტიკულ ბარიერებზე მიუთითებს. ტორონტოს იორკის უნივერსიტეტის მკვლევრის, ჯენიფერ კუკის აზრით, რუტინულ ვიზიტებზე წელის გარშემოწერილობის გაზომვა პაციენტთა ნაწილისთვის შესაძლოა დისკომფორტთან ან სტრესთან იყოს დაკავშირებული, ამიტომ მნიშვნელოვანია, დიაგნოსტირების პროცესი ზედმეტად არ გართულდეს. თუმცა, Nature-ში გამოქვეყნებული მიგნებები ცალსახად მიუთითებს, რომ მხოლოდ წონისა და სიმაღლის ფარდობაზე დაყრდნობა პაციენტთა რეალური ფიზიოლოგიური რისკების შესაფასებლად უკვე აღარ არის საკმარისი.
წყარო: Nature

