BMI-ის მიღმა: კლასიფიკაციის ახალი სისტემა სიმსუქნესთან ასოცირებული გართულებების განვითარების რისკის უფრო ზუსტ პროგნოზირებას უზრუნველყოფს

გააზიარე

სიმსუქნე და ჭარბი წონა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ სხეულის მასის ინდექსი (BMI) ათწლეულების განმავლობაში სიმსუქნის კლინიკური შეფასების სტანდარტულ ინსტრუმენტად მიიჩნეოდა, სამედიცინო კვლევები ადასტურებს, რომ იგი ვერ უზრუნველყოფს ინდივიდის მეტაბოლური ჯანმრთელობისა და პათოლოგიური რისკების სრულყოფილ სტრატიფიკაციას.

აღნიშნული გამოწვევის გადასაჭრელად, ლონდონის Queen Mary University-ის ჯანდაცვის ინსტიტუტის მეცნიერებმა ჩააატარეს ფართომასშტაბიანი კვლევა და შეიმუშავეს სიმსუქნესთან ასოცირებული გართულებების განვითარების რისკის პროგნოზირების უფრო ზუსტი მოდელი — OBSCORE, რომელიც მანქანური სწავლების ალგორითმების გამოყენებით რისკებს გაცილებით მაღალი კლინიკური სიზუსტით აფასებს.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა შეფასების ისეთი ინსტრუმენტის შექმნა, რომელიც შეძლებდა ჭარბი წონისა და სიმსუქნის მქონე პირების კლასიფიკაციას არა მხოლოდ სხეულის მასის მიხედვით, არამედ ჯანმრთელობის მრავალფეროვანი ინდიკატორების საფუძველზე. მკვლევართა შეფასებით, ერთნაირი BMI-ის მქონე ადამიანებს ხშირად განსხვავებული ჯანმრთელობის რისკები აქვთ, რაც მხოლოდ წონისა და სიმაღლის თანაფარდობით ვერ აიხსნება.

OBSCORE შეიქმნა 197 264 მონაწილის (საშუალო ასაკი — 58 წელი) მონაცემების ანალიზის საფუძველზე, რომლებიც გაერთიანებული სამეფოს ბიობანკის მონაცემთა ბაზაში იყვნენ რეგისტრირებულნი და რომელთა BMI 27 ან მეტს შეადგენდა. ხელოვნური ინტელექტისა და ინტერპრეტირებადი მანქანური სწავლების მეთოდების გამოყენებით, მეცნიერებმა შეაფასეს 2000-ზე მეტი დემოგრაფიული, კლინიკური, ბიოქიმიური და ცხოვრების წესთან დაკავშირებული პარამეტრი.

მონაწილეთა დაახლოებით 48%-ს ქალი შეადგენდა, თითქმის 10%-ს კვლევის დაწყებისას უკვე დიაგნოსტირებული ჰქონდა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი (T2D), ხოლო 4.4%-ს ჰქონდა გულ-სისხლძარღვთა სერიოზული არასასურველი მოვლენების ანამნეზი.

საბოლოო პროგნოზულ მოდელში შევიდა 20 მნიშვნელოვანი ინდიკატორი (აქედან 12 მათგანი ასევე გამოყენებული იყო SURMOUNT-1 კლინიკურ კვლევაში, რომელმაც შეაფასა ტირზეპატიდის (tirzepatide) ეფექტურობა სიმსუქნის სამკურნალოდ), მათ შორის ასაკი, სქესი, წელისა და სიმაღლის თანაფარდობა, არტერიული ჰიპერტენზიის არსებობა, ქოლესტერინის მაჩვენებლები, გლიკოზირებული ჰემოგლობინი (HbA1c), თირკმლის ფუნქციის ინდიკატორები, მოწევის სტატუსი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ისტორია, ქრონიკული დაავადებები, ჯანმრთელობის თვითშეფასება, ტკივილი (გულ-მკერდის, აბდომინალური) და სხვა კლინიკურად მნიშვნელოვანი ფაქტორები.

ჯანმრთელობის ინდიკატორების ანალიზის საფუძველზე მოდელმა შეძლო რისკების სტრატიფიკაცია და 18 კლინიკური გამოსავლის (outcomes) პროგნოზირება, რომლებიც მოიცავს: ტიპი 2 შაქრიან დიაბეტს, არტერიულ ჰიპერტენზიას, კორონარული არტერიის დაავადებას, გულის უკმარისობას, წინაგულების ფიბრილაციას, ინსულტს, თირკმლის ქრონიკულ დაავადებებს, პოდაგრას, ძილის ობსტრუქციულ აპნოეს, მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებულ ღვიძლის სტეატოზს, ღვიძლის ციროზს, ნაღვლის ბუშტის პათოლოგიებს, გასტროეზოფაგურ რეფლუქსურ დაავადებას, ოსტეოართრიტს/ართროპათიას, ვენურ თრომბოემბოლიას, სიმსუქნესთან დაკავშირებულ ონკოლოგიურ დაავადებებს, ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებას და ყველა მიზეზით გამოწვეულ სიკვდილიანობას.

„ჭარბი წონა და სიმსუქნე გლობალური ჯანმრთელობის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა. დასავლეთის ბევრ ქვეყანაში ეს პრობლემა ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 60–70%-ს აწუხებს, ხოლო პათოლოგიის პრევალენტობა მსოფლიოს უმეტეს ნაწილში კატასტროფულად იზრდება. შესაბამისად, სიმსუქნესთან დაკავშირებული გართულებების განვითარების ყველაზე მაღალი რისკის მქონე პირების ადრეული გამოვლენა რთული ამოცანაა, თუმცა აუცილებელია ადრეული მონიტორინგის, ინტერვენციებისა და ჯანმრთელობის უკეთესი მაჩვენებლების მისაღწევად. აღნიშნული გამოწვევების დასაძლევად, ჩვენმა კვლევამ შეიმუშავა რისკის პროგნოზირების ახალი მოდელი, რომელსაც შეუძლია ინდივიდების სტრატიფიკაცია მაღალი და დაბალი რისკის ჯგუფებად სიმსუქნესთან დაკავშირებული 18 სხვადასხვა დაავადების განვითარების ალბათობის მიხედვით, მათ შორის ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და თირკმლის დაავადებები“ — განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა, ლონდონის Queen Mary University-ის ჯანდაცვის კვლევითი ინსტიტუტის პოსტდოქტორანტმა მკვლევარმა კამილ დემირჯანმა (MD, PhD).

მეცნიერებმა OBSCORE-ის შეფასებების საფუძველზე მონაწილეები ხუთ რისკ-ქვინტილად (quintiles) დაყვეს. აღსანიშნავია, რომ ყველა მონაწილეს აღენიშნებოდა ჭარბი წონა ან სიმსუქნე, შესაბამისად, ყველაზე დაბალი რისკის ქვინტილშიც კი სხეულის მასის ინდექსი (BMI) მაღალი იყო. 18 შედეგიდან 12 შემთხვევაში OBSCORE-მა აჩვენა რისკის მკაფიო განსხვავება (სტრატიფიკაცია) მაღალი და დაბალი რისკის ჯგუფებს შორის. კერძოდ, ყველაზე მაღალი რისკის მქონე პირებში დაავადებების განვითარების ალბათობა 10-ჯერ ან მეტჯერ აღემატებოდა ყველაზე დაბალი რისკის ჯგუფის მაჩვენებლებს.

განსაკუთრებით მკვეთრი განსხვავება გამოვლინდა  თირკმლის ქრონიკული დაავადების (CKD), პოდაგრისა და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში. აღნიშნული დაავადებების განვითარების ალბათობა შესაბამისად 89-ჯერ, 36-ჯერ და 42-ჯერ უფრო მაღალი იყო დაბალი რისკის ჯგუფთან შედარებით.

გულ-სისხლძარღვთა სიკვდილიანობის მხრივ ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფში სიკვდილის რისკი 47-ჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე ყველაზე დაბალი რისკის ჯგუფში. 10-წლიანი დაკვირვების პერიოდში გულ-სისხლძარღვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელმა მაღალი რისკის ქვინტილში 5.7% შეადგინა, ხოლო დაბალი რისკის ქვინტილში — 0.1%.

SURMOUNT-1 კლინიკური კვლევის მონაწილეებზე მოდელის გამოყენებისას OBSCORE-მა აჩვენა, რომ ტირზეპატიდით (tirzepatide) მიღწეული წონის კლება საბაზისო რისკის ჯგუფების მიხედვით ერთნაირად იყო განაწილებული, ანუ მაღალი და დაბალი რისკის მქონე პაციენტებში წონის შემცირების ეფექტი მსგავსი აღმოჩნდა. ამასთან, მკურნალობის შემდეგ სიმსუქნესთან დაკავშირებული გართულებების პროგნოზირებული რისკი ყველა ჯგუფში შემცირდა, რაც მიუთითებს, რომ მკურნალობამ დადებითი გავლენა იქონია არამხოლოდ ანთროპომეტრიულ მაჩვენებლებზე, არამედ კლინიკურ პროგნოზზე.

კვლევის ავტორების შეფასებით, OBSCORE არ წარმოადგენს BMI-ის ჩანაცვლების მცდელობას, არამედ მის მნიშვნელოვან დამატებას. აღნიშნული მოდელი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს, როგორც ინსტრუმენტი მაღალი რისკის მქონე პირთა გამოსავლენად და მათთვის დროული, მიზნობრივი და უფრო ინტენსიური პრევენციული და თერაპიული ინტერვენციების დასაგეგმად.

მიუხედავად პერსპექტიული შედეგებისა, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ OBSCORE-ის ფართო კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვამდე აუცილებელია მისი ვალიდაცია სხვადასხვა პოპულაციაში, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფებსა და სხვა დემოგრაფიულ და გეოგრაფიულად მრავალფეროვან კონტინგენტში. თუმცა წარმოდგენილი კვლევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ სიმსუქნის შეფასება მხოლოდ BMI-ზე დაყრდნობით აღარ არის საკმარისი და თანამედროვე მედიცინა უფრო ინდივიდუალიზებული, რისკზე ორიენტირებული მიდგომებისკენ მიიწევს.

წყარო: medscape.com

           nature.com

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები