back to top

CAR T თერაპია გაფანტული სკლეროზისთვის

გააზიარე

დიდ ბრიტანეთში დაიწყო გარდამტეხი კლინიკური კვლევა, რომლის ფარგლებშიც პირველ პაციენტს ჩაუტარდა CAR T უჯრედოვანი თერაპია – ინოვაციური სამკურნალო მეთოდი, რომელიც მიმართულია გაფანტული სკლეროზის (MS) პროგრესირების შეჩერებისკენ. University college London-ის (UCL) მკვლევრების მიერ შემუშავებული ეს თერაპია წარმოადგენს მიდგომას, რომელსაც MS-ის მართვის რადიკალურად შეცვლის პოტენციალი გააჩნია.

გაფანტული სკლეროზი (MS) არის აუტოიმუნური ნეიროდეგენერაციული დაავადება, რომლის დროსაც იმუნური სისტემა უტევს ცნს-ის ნერვული ბოჭკოების გარშემო არსებულ დამცავ მიელინის გარსს. კლინიკური სიმპტომატიკა ფართო სპექტრისაა და მოიცავს მოტორულ, ვიზუალურ, კოგნიტურ დეფიციტს და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს არსებული მკურნალობა ხელს უწყობს სიმპტომების შემსუბუქებასა და გამწვავებების სიხშირის შემცირებას, ვერცერთი მათგანი აჩერებს სრულად დაავადების პროგრესირებას.

რას წარმოადგენს CAR T თერაპია?

CAR T უჯრედოვანი თერაპია გვთავაზობს რადიკალურად ინოვაციურ მიდგომას: იგი გულისხმობს პაციენტის T ლიმფოციტების შეგროვებას, მათ გენეტიკურ მოდიფიკაციას, რაც მიზნად ისახავს მავნე B უჯრედების სელექციური განადგურების უნარის დასწავლას და შემდგომ რეინფუზიას. B უჯრედებს კი გადამწყვეტი როლი აქვთ MS-ის აუტოიმუნურ პათოგენეზში. ეს პროცესი, რომელიც “იმუნურ რესეტად” მოიხსენიება, მიზნად ისახავს ხანგრძლივი რემისიის მიღწევას ერთჯერადი ინფუზიით.

ემილი ჰენდერსი, 37 წლის ბიოლოგიის მასწავლებელი, გაფანტული სკლეროზის (MS) დადასტურებული დიაგნოზით, გახდა პირველი ბრიტანელი პაციენტი, რომელსაც CAR T უჯრედოვანი ინფუზია (obe-cel) ჩაუტარდა 2025 წლის ოქტომბერში, UCL-ის საავადმყოფოში. ემილის იმედი აქვს, რომ ეს თერაპია შეაჩერებს შემდგომ რეციდივებსა და ნევროლოგიური სიმპტომების პროგრესირებას.

კლინიკურ კვლევას, სახელწოდებით AUTO1-MS1, ხელმძღვანელობს ნევროლოგი, დოქტორი უოლეს ბრაუნლი (UCLH). კვლევის მიზანია 2027 წლის დასაწყისისთვის გლობალურად 18-მდე პაციენტის ჩართვა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ მორეციდივე ან პროგრესირებადი MS და რომლებიც რეზისტენტულნი არიან არსებული დაავადების მოდიფიცირებადი თერაპიების (DMTs) მიმართ.

თუ კვლევა წარმატებით დასრულდება, ფაზა I-ის ეს ცდა (პირველი დიდ ბრიტანეთში) ძირეულად შეცვლის აუტოიმუნური დაავადებების მკურნალობის მიდგომას. MS-ის გარდა, მკურნალობის ეს მოდელი შეიძლება გამოიყენონ სისტემური წითელი მგლურას და სხვა მსგავსი პათოლოგიების სამართავად.

მიუხედავად პერსპექტიული კლინიკური მონაცემებისა, გაფანტული სკლეროზის (MS) მართვის კონტექსტში, ეს თერაპია ჯერ კიდევ ექსპერიმენტულ ფაზაშია. პოტენციური პაციენტები ვალდებულნი არიან, გაიარონ კონსულტაცია მკურნალ ნევროლოგებთან, რათა მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია კვლევით პროგრამაში ჩართვის მკაცრი კრიტერიუმებისა და მოსალოდნელი გვერდითი ეფექტების შესახებ.

წყარო: UCL



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები