ერლანგენის საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო გუნდმა, პროფესორ ფაბიან მიულერის ხელმძღვანელობით, უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია: CAR T-უჯრედული თერაპიის საშუალებით სრულად განიკურნა პაციენტი, რომელსაც სამი განსხვავებული მძიმე აუტოიმუნური დაავადება ჰქონდა. ეს შემთხვევა განსაკუთრებულია იმით, რომ პირველად დაფიქსირდა რამდენიმე აუტოიმუნური პათოლოგიის ერთდროული ეფექტური მართვა ერთიანი თერაპიული მიდგომის გამოყენებით.
პაციენტის ისტორია ათ წელზე მეტი ხნის წინ, ორსულობის პერიოდში დაიწყო, როდესაც იმუნური სისტემის დისფუნქციის შედეგად მას ეტაპობრივად განუვითარდა სამი დაავადება: აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემია — მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმი საკუთარი სისხლის წითელ უჯრედებს ანადგურებს; იმუნური თრომბოციტოპენია — სისხლის შედედებაში მონაწილე თრომბოციტების რაოდენობის შემცირება და ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი (ჰიუზის სინდრომი) დაავადება, რომლის დროს იმუნური სისტემა ბრძოლას იწყებს ორგანიზმის ნორმალური ცილების წინააღმდეგ, რაც იწვევს სისხლის კოლტების წარმოქმნას არტერიებსა და ვენებში.
პათოლოგიური პროცესების ერთობლიობამ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულ ზღვრამდე მიიყვანა: ორგანიზმში ერთდროულად მიმდინარეობდა ერითროციტების დაშლა და თრომბოციტების განადგურება, რასაც თან ახლდა თრომბოზის მზარდი საფრთხე. სტანდარტული იმუნოსუპრესიული თერაპია კი არასაკმარისად ეფექტური იყო და პაციენტი რეგულარულად საჭიროებდა სისხლის ტრანსფუზიასა და ანტიკოაგულანტურ მკურნალობას.
ხანგრძლივი და არაეფექტური მკურნალობის შემდეგ პაციენტმა მიმართა ფაბიან მიულერის გუნდს, რომელიც პიონერია აუტოიმუნური დაავადებების CAR T-უჯრედული თერაპიით მკურნალობაში და 2022 წლიდან სისტემატურად აქვეყნებს კლინიკურ შედეგებს. მეთოდი ეფუძნება პაციენტის T-ლიმფოციტების ექსტრაქციას და მათ შემდგომ გენეტიკურ მოდიფიკაციას ლაბორატორიულ პირობებში. უჯრედებში ინტეგრირდება ქიმერული ანტიგენის რეცეპტორი (Chimeric Antigen Receptor, CAR), რომელიც შესაძლებლობას აძლევს მოდიფიცირებულ უჯრედებს ამოიცნონ და მიზანმიმართულად გაანადგურონ კონკრეტული პათოლოგიური სამიზნეები. მოცემულ შემთხვევაში სამიზნეს წარმოადგენდა B-ლიმფოციტები, რომლებიც პათოლოგიურ ანტისხეულებს წარმოქმნიდნენ. მოდიფიცირებული CAR T-უჯრედების ორგანიზმში შეყვანის შემდეგ, მათ ეფექტურად გაანადგურეს B-ლიმფოციტები.
თერაპიის შედეგები შთამბეჭდავი აღმოჩნდა: მკურნალობიდან სულ რაღაც ერთ კვირაში პაციენტმა შეძლო საწოლიდან წამოდგომა, ხოლო რამდენიმე თვეში დაფიქსირდა სრული კლინიკური რემისია. 11 თვის შემდეგ პაციენტი აღარ საჭიროებდა დამატებით მკურნალობას და შეფასდა როგორც ფუნქციურად ჯანმრთელი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თერაპიას არ გამოუწვევია იმუნური სისტემის სრული დესტრუქცია. შენარჩუნდა როგორც არამოდიფიცირებული T-უჯრედები, ასევე ძველი პლაზმური უჯრედები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადრე გადატანილი ინფექციებისა და ვაქცინაციის შედეგად გამომუშავებულ იმუნიტეტზე.
დამატებით, გამოვლინდა მნიშვნელოვანი იმუნოლოგიური ფენომენი: გარკვეული პერიოდის შემდეგ ორგანიზმმა CAR T-უჯრედები “უცხოდ” აღიქვა და მათი ელიმინაცია მოახდინა, რასაც მოჰყვა სრულიად ახალი, ნორმალური B-უჯრედების ფორმირება.
მიუხედავად იმისა, რომ CAR T-უჯრედული თერაპია თავდაპირველად სიმსივნის სამკურნალოდ შეიქმნა, მან მნიშვნელოვანი პერსპექტივა აჩვენა აუტოიმუნური დაავადებების ფართო სპექტრის მკურნალობაში, მათ შორის ლუპუსისა და გაფანტული სკლეროზის, ასევე მძიმე ასთმის შემთხვევაშიც.
ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისას CAR T-უჯრედული თერაპია ხშირად ასოცირდება სერიოზულ გვერდით ეფექტებთან, მაშინ როდესაც აუტოიმუნური დაავადებების შემთხვევაში მსგავსი გართულებები შედარებით იშვიათია. სავარაუდოდ, აღნიშნული განსხვავება განპირობებულია იმით, რომ აუტოიმუნური პათოლოგიების დროს საჭიროა ნაკლები რაოდენობის სამიზნე უჯრედების განადგურება, რაც შესაბამისად ამცირებს ძლიერი სისტემური ანთებითი რეაქციის განვითარების რისკს.
მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, აუცილებელია სიფრთხილე საბოლოო დასკვნების ფორმულირებისას. თერაპიის გრძელვადიანი ეფექტურობისა და შესაძლო რეციდივების შეფასება მოითხოვს ხანგრძლივ დაკვირვებასა და ფართომასშტაბიან კლინიკურ კვლევებს.
წყარო: Newscientist.com

