CDC-ის გადაწყვეტილებით, ექვსი ვაქცინა არჩევითი გახდა

გააზიარე

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) ბავშვთა იმუნიზაციის კალენდარში რადიკალური ცვლილებები შეიტანა. უწყებამ გეგმიური რეკომენდაციებიდან ამოიღო ექვსი ვაქცინა, რომელთა წყალობითაც, ბოლო სამ ათწლეულში, 2 მილიონამდე ჰოსპიტალიზაციისა და 90,000 ლეტალური გამოსავლის თავიდან აცილება გახდა შესაძლებელი.

A და B ჰეპატიტის, როტავირუსის, რესპირატორული სინციტიური ვირუსის (RSV), მენინგოკოკური ინფექციისა და გრიპის/კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინები ამიერიდან „საერთო კლინიკური გადაწყვეტილების მიღების“ (shared clinical decision-making) კატეგორიაში ერთიანდება. ეს ნიშნავს, რომ უნივერსალური გაიდლაინის ნაცვლად, პასუხისმგებლობა მშობლებზე გადადის, რომლებმაც ექიმთან კონსულტაციისას თავად უნდა განსაზღვრონ იმუნიზაციის მიზანშეწონილობა და თანმდევი რისკები. თუმცა ზოგადი მოსახლეობისთვის, აღნიშნული ცვლილება ქმნის თითქმის დავიწყებული დაავადებების ეპიდაფეთქების რეალურ რისკს.

RSV ჩვილების ჰოსპიტალიზაციის ერთ-ერთ წამყვან მიზეზთაგანია. ვირუსი ყოველწლიურად ასობით ფატალურ შემთხვევას იწვევს, ხოლო მძიმე გართულებების 80% სრულიად ჯანმრთელ, 2 წლამდე ასაკის ბავშვებზე მოდის. მნიშვნელოვანი პროგრესი ფიქსირდება სხვა მიმართულებებითაც: A ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნიზაციამ 90-იანი წლების შემდეგ დაავადების გავრცელება 90%-ით შეამცირა. რაც შეეხება B ჰეპატიტს, 1990 წლის შემდეგ ბავშვებში ინფიცირების 99%-იანმა კლებამ პედიატრიულ პოპულაციაში ღვიძლის კიბოს შემთხვევების შემცირება განაპირობა. 

რეტროსპექტიულ ჭრილში, 2006 წლამდე (ვაქცინაციის პროგრამის ფართომასშტაბიან დანერგვამდე) როტავირუსული ინფექციით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ყოველწლიურად 70,000 შემთხვევას აღწევდა. „ზამთრის ღებინების სინდრომის“ სახელით ცნობილი დაავადება წელიწადში საშუალოდ 50-მდე ფატალური გამოსავლის მიზეზი გახლდათ. ანალოგიურად კრიტიკულია მენინგოკოკური ინფექციის ეპიდემიოლოგიური რისკები: დაავადება ხასიათდება მაღალი ლეტალობით (შემთხვევათა 10%), ხოლო გადარჩენილთა 20%-ში იწვევს მყარ, შეუქცევად ნევროლოგიურ თუ ფიზიკურ შეზღუდვებს.

მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის ხარჯებს სადაზღვევო სისტემა სრულად ფარავს, CDC-მ სავალდებულო იმუნიზაციის ნუსხაში მხოლოდ 11 საბაზისო ვაქცინა დატოვა (მათ შორის: MMR, DTaP, პოლიომიელიტი, ჩუტყვავილა და HPV). აშშ-ის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტი (HHS) ამ სტრატეგიულ ცვლილებას „სამეცნიერო რევიზიითა“ და დანიური მოდელის ადაპტაციით ასაბუთებს. თუმცა, სტატისტიკა აჩვენებს, რომ დანიაში როტავირუსული ინფექციით გამოწვეული წლიური ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი (1,200 შემთხვევა) პროპორციულად შეესაბამება აშშ-ის ვაქცინაციამდელ ეპიდემიოლოგიურ მონაცემებს.

სამედიცინო საზოგადოებაში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს პოტენციური გაუგებრობა, რომელიც შესაძლოა ახალმა რეგულაციებმა წარმოშვას. არსებობს რისკი, რომ მშობლებმა ტერმინი „არჩევითი“ არასწორად, როგორც „ნაკლებად უსაფრთხოდ“, აღიქვან, მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ვაქცინას გავლილი აქვს FDA-ის უსაფრთხოების მკაცრი კონტროლი. „ნებისმიერი სახის დაბნეულობა ინფორმაციის მიღებისას პირდაპირპროპორციულად აისახება ბავშვთა ავადობის ზრდაზე“, – აღნიშნავს პედიატრი, ერიკ ბოლი.

როტავირუსის ვაქცინის ერთ-ერთმა ავტორმა, პოლ ოფიტმა, დანიურ მოდელზე გადასვლა მკაცრად გააკრიტიკა: „ისინი ეგუებიან წელიწადში 1,200 ბავშვის ჰოსპიტალიზაციას… ჩვენთვის ეს მიუღებელია“. ექსპერტები მიუთითებენ, რომ აქამდე „გაზიარებული კლინიკური გადაწყვეტილების“ პრინციპი მხოლოდ ვიწრო, სპეციფიკურ შემთხვევებში გამოიყენებოდა და არა ჯანმრთელი ჩვილების მასობრივი პრევენციისთვის ისეთი აგრესიული პათოგენების წინააღმდეგ, როგორიცაა RSV ან როტავირუსი.

HHS ამ გადაწყვეტილებას ვაქცინაციისადმი სკეპტიციზმის შემცირების სურვილით ხსნის, რაც, მათივე განმარტებით, ზედმეტად “გადატვირთული” იმუნიზაციის კალენდრით არის გამოწვეული. მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ სიიდან ამოღებულმა თითოეულმა ვაქცინამ FDA-ის მკაცრი კლინიკური ტესტირება წარმატებით გაიარა.

სამართლებრივ ჭრილში, შტატების დონეზე მოქმედი კანონმდებლობა ამ ეტაპზე უცვლელი რჩება. სამართლის ექსპერტები თვლიან, რომ პედიატრები კვლავაც მტკიცებულებითი მედიცინის პრინციპებით იხელმძღვანელებენ, ვინაიდან პროფესიული სტანდარტები და დეონტოლოგიური ნორმები მათ პაციენტის ინტერესების დაცვას ავალდებულებს, ფედერალური დირექტივების ტრანსფორმაციის მიუხედავად.

წყარო: npr



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები